Flag

An official website of the United States government

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წლიური ანგარიშის წ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
იანვარი 20, 2020

დღეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის წლიური ანგარიშის წარდგინებას დაესწრო. აღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმულია რამდენიმე სფერო, რომელშიც საპარლამენტო კომიტეტმა წარმატებას აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით მიაღწია. თანამშრომლობის სფეროები მოიცავს ბავშვთა უფლებებს, ოჯახური ძალადობის თავიდან აცილებასა და მასზე რეაგირებას, ქალთა უფლებებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებსა და სხვას.

შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ჩამოაყალიბოს უფრო ინკლუზიური საზოგადოება, სადაც ადამიანთა უფლებები უნივერსალური და კარგად დაცულია.

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენაზე

კითხვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოხსენებაზე, რომლშიც არ მოხვდა ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. როგორ შეაფასებდით ამ ზედაპირულ ანგარიშს?

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: დღეს, ჩვენ მოვისმინეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში 2019 წლის ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოში. მოხსენებაში ყურადღება გაამახვილდბულია საპარლამენტო კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობასა და მიღწევებზე, რომელთა შორისაა გაუმჯობესებული კანონმდებლობა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და დასაქმებულთა შესახებ, ასევე, გაუმჯობესდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და გამოძიების მექანიზმები. ამრიგად, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ამ მიზნების მიღწევა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხდა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით საქართველოში ადამიანის უფლებები უფრო ფართოდ და უკეთ იქნება დაცული.

კითხვა კონგრესმენ მარკვეინ მალინის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილთან დაკავშირებით, სადაც კონგრესმენი საქართველოში ბიზნესგარემოსთან მიმართებით არსებულ დემოკრატიულ მდგომარეობას აკრიტიკებს. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა აღნიშნული წერილი ერთი კონგრესმენის პოზიციად შეაფასეს. თქვენ რას იტყვით?

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: კონგრესმენის წერილი ჩვენი ხელისუფლების საკანონმდებლო შტოსგან არის გამოგზავნილი, ამიტომ ვალდებული ვარ კომენტარისთვის გადაგამისამართოთ კონგრესმენთა ოფისებთან. როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელმა, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ძალიან დიდი წინსვლა აქვს და თავისი დემოკრატიული განვითარების გზაზე წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას. მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ხელშეწყობით ორგანიზებული პოლიტიკური დიალოგი წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას მმართველი გუნდისა და ოპოზიციისთვის, რათა შედგეს კომპრომისი და მათ შეიმუშავონ საქართველოსთვის საუკეთესო საარჩევნო სისტემა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა გაატაროს საარჩევნო რეფორმები, რომლებიც სრულად იქნება გათვალისწინებული ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ყველა რეკომენდაცია. აგრეთვე, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საგამოძიებო მოქმედებების, სამართლებრივი დევნისა და სასამართლო პროცესის სრული თავისუფლება პოლიტიკური გავლენისგან. სწორად ამგვარი საკითხები გააძლიერებს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას საქართველოში, რაც გააუმჯობესებს გარემოს უცხოური ინვესტიციებისთვის. ეს ყველაფერი ერთობლიაობაში გააძლიერებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

კითხვა: თუ ყველაფერი ასე კარგად ვითარდება, რატომ არიან ისინი [კონგრესმენები] ასეთი კრიტიკულები?

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ისევ გავიმეორებ, რომ როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი ვხედავ ორივე მხარეს, როგორც პროგრესსა და მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე, საკითხებს, რომელთა გაუმჯობესებასაც ველით საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

კითხვა: საოკუპაციო ძალები სოფელი ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე აგრძელებენ მავთულხლართების გავლებას, რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული ქმედებების თავიდან ასაცილებლად?

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს შეშფოთებას ბოლო თვეებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდგომარეობის გაუარესების გამო, მათ შორის სიტუაციაზე ჩორჩანას ტყეში, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველად გადმოწია. ამიტომ, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან პრობლემის გადასაჭრელად მე გირჩევდით ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებას, იქნება ეს ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი თუ ჟენევის საერთაშორისო დისკუსია. ასევე, მსურს გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას და მოვუწოდო რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.