COVID-19-ზე რეაგირების ფარგლებში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები სამედიცინო პერსონალს ტრენინგებს უტარებს (27 მარტი)

COVID-19-ზე რეაგირების ფარგლებში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები სამედიცინო პერსონალს ტრენინგებს უტარებს (27 მარტი)

 

წლების განმავლობაში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) ქართველ კოლეგებთან წარმატებით თანამშრომლობდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს და ამ მხარდაჭერის ნაწილი, სწორედ, COVID-19-თან დაკავშირებულ საფრთხეებზე მიმართული უახლესი ტრენინგია.

ახლახან, CDC-მ საქართველოს დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობის ფარგლებში გადაამზადა საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (FELTP) კურსდამთავრებულები და ჯანდაცვის რეგიონული პერსონალი, რომლებიც პირველები მოახდენდნენ რეაგირებას COVID-19-ის გავრცელებისას. ტრენინგი ფოკუსირებული იყო COVID-19-ის მნიშვნელოვან ეპიდემიოლოგიურ და კლინიკურ აღმოჩენებზე, ზუსტ იდენტიფიცირებასა და შემთხვევებზე დაკვირვებაზე, ისევე, როგორც ინფექციის პრევენციასა და კონტროლზე. FELTP-ის ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა საკლასო მუშაობასა და პრაქტიკულ საქმიანობებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებათა მონიტორინგი, გავრცელების გამოკვლევა, პრევენცია და კონტროლი, მონაწილეები ჩამოყალიბდნენ დაავადებათა გამომძიებლებად. 2009 წლიდან, სამხრეთ კავკასიის FELTP-მა მოამზადა რვა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული იყო 128 ადამიანი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან.

ამასთანავე, CDC-მ ითანამშრომლა საქართველოს უმსხვილეს სამედიცინო ქსელ ევექსის სამედიცინო კორპორაციასთან და მათი საავადმყოფოს პერსონალთან, ინფექციის პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებით 158 ადამიანის მოსამზადებლად. ტრენინგები მიმართული იყო ბიოუსაფრთხოების პრაქტიკებზე, მათ შორის, ხელის ჰიგიენის, ხველების დროს დასაცავ ეტიკეტსა და პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის სწორ გამოყენებაზე. CDC-მ, ასევე, განიხილა პაციენტთა მკურნალობის პრაქტიკა და დაწესებულების მზაობა COVID-19-ის საპასუხოდ.

დაბოლოს, საქართველოს COVID-19-ის საკარანტინო ზონაში, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე, რომელიც ფოკუსირებული იყო COVID-19-ზე.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე, როგორც, გვეამაყება, ქართველებისთვის დახმარების გაწევა კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ველით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ქართველ ხალხთან თანამშრომლობის გაგრძელებას ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში.