აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) წარმოადგენს აშშ ფედერალურ სამთავრობო სააგენტოს, რომელიც ექვემდებარება აშშ ჯანმრთელობისა და მოსახლეობის მომსახურების დეპარტამენტს.
საქართველოში, CDC თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მსოფლიო მასშტაბით არსებული ინფექციური დაავადებების საფრთხეებისგან დაცვას და უზრუნველყოს გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოება, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების პრიორიტეტი, კერძოდ:
- ეპიდაფეთქებების ალბათობის აღკვეთა და შემცირება – ბუნებრივი, შემთხვევითი, ან განზრახ ჩადენილი;
- საფრთხეების ადრეული გამოვლენა, სიცოცხლის გადარჩენის მიზნით; და
- სწრაფი და ეფექტური რეაგირება მრავალ-სექტორული, საერთაშორისო კოორდინაციისა და კომუნიკაციის მეთოდების გამოყენებით.
აღნიშნული თანამშრომლობა უზრუნველყოფს გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივას (GHSA), რომლის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის საერთაშორისო წესების განხორციელების ხელშეწყობა. ამ ურთიერთობის ბაზაზე იქმნება ის ექსპერტიზა, ინფორმაცია თუ ინსტრუმენტები, რომლებიც აუცილებელია ადამიანისა და ზოგადად საზოგადოებისათვის, მათი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით – ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების, ტრავმებისა და ინვალიდობის თავიდან აცილებისა და ჯანმრთელობისათვის ახალი საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნის მეშვეობით.
2014 წლის 13 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდა 28 სხვადასხვა ქვეყანა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ მსოფლიო მასშტაბით არსებული ინფექციური დაავადებების საფრთხეებისგან დაცვას და უზრუნველყონ გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების (GHSA) ინიციატიცის მიზნების მიღწევა. ცალკეული ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმართაობა ინფექციური დაავადებების აღმოჩენის თვალსაზრისით დანარჩენი ქვეყნებისათვის საფრთხის ტოლფასია. აშშ-ის ეროვნული და გლობალური ინტერესისა და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით აუცილებელი გახდა კოორდინირებული და რელევანტური სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი და ხელახლა აღმოცენებული ინფექციური დაავადებების გამოვლენასა და მათზე რეაგირებას.
CDC-ის ოფისი თბილისში ასევე წარმოადგენს რეგიონალური მასშტაბის ოფისს, რომელიც ემსახურება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. CDC-ის პარტნიორები არიან სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები; აღნიშნული ურთიერთობა ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებისა და ინსტიტუტების გაძლიერებას ეფექტური რეაგირებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეების შემცირების მიზნით მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ CDC გლობალური ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ვებ-გვერდს.