ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის გახსნაზე (1 მაისი)

Chargé d’Affaires Elizabeth Rood’s comment to media at the Fulbright Scholarship Launch Reception. Photo: State Dept

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის გახსნაზე (1 მაისი)

 

შეკითხვა ღონისძიების შესახებ

ელიზაბეტ რუდი: ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია ინვესტიციის ჩადება მომავალი თაობის განათლებაში. ჩვენ ძალზე მოხარულები ვართ, რომ უკვე მრავალი წელია რაც ამერიკის საელჩო თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან განათლების სისტემის გაუმჯობესებისათვის. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს გაცვლითი პროგრამები წარმოადგენს. დიპლომატიური ურთიერთობების 26 წლის მანძილზე 5000 ქართველს მიეცა შესაძლებლობა გამგზავრებულიყო სასწავლებლად ამერიკაში. ჩვენი ყველაზე პრესტიჟული სტიპენდია გახლავთ ფულბრაიტის პროგრამა, რომელსაც დღეს გამოვაცხადებთ. საქართველო ძალიან განსაკუთრებულია იმ კუთხით, რომ საქართველოს მთავრობა ფარავს ფულბრაიტის პროგრამის ნახევარ ხარჯებს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავაორმაგოთ იმ ქართველი აპლიკანტების რიცხვი, რომლებსაც ამ პრესტიჟული სტიპენდიით სარგებლობა შეეძლებათ. ჩვენ ასევე გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბანკს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აღნიშნულ პროგრამაში. მიმდინარე წელს გავაკეთებთ მნიშვნელოვან განცხადებას, რაც იმას გულისხმობს, რომ უფრო მეტ კვალიფიციურ აპლიკანტს შეეძლება თავისი განაცხადის წარმატებით შევსება, ვინაიდან ვიწყებთ ონლაინ კურებს, რომლებიც მათ დაეხმარება უკეთესი ესეების დაწერაში. აღნიშნული კურსი 7 მაისს დაიწყება და მაისის თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამდენად, მოვუწოდებთ ყველა აპლიკანტს ისარგებლოს აღნიშნული ონლაინ კურსებით.

შეკითხვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უეს მიტჩელის ვიზიტის შესახებ და რა იყო მისი მთავარი გზავნილი საქართველოში ორდღიანი სტუმრობისას

ელიზაბეტ რუდი: ჩვენთვის დიდი პატივია სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უეს მიტჩელის სტუმრობა საქართველოში. იგი მთავარი სიტყვით გამოვიდა ნატოს დიპლომატიურ ფორუმზე. მდვნის მოადგილე ასევე ახლახანს იმყოფებოდა ნატოს საგარეო მინისტერიალზე ბრიუსელში, სადაც მას თან ახლდა ახლად დანიშნული სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეიო. ორივე მათგანმა ბრიუსელში მკაფიო გზავნილები გააკეთეს საქართველოს ნატოს წევრობის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ. მდივნის მოადგილე მიტჩელმა რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, პრემიერ მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის სპიკერთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან. მათთან განიხილა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა ეკონომიკური განვითარების, ასევე ადამიანთა უფლებების, რეფორმებისა და უსაფრთხოების კუთხით. დღეს მდივნის მოადგილე მიტჩელი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან იმყოფებოდა ოძისში, სამხრეთ ოსეთის რეგიონში, სადაც საკუთარი თვალით იხილა რუსული ოკუპაციით გამოწვეული ის მიუღებელი შედეგები და გავლენა, რომელიც ოკუპაციას აქვს იქ მაცხოვრებელ საზოგადოებაზე. მან მტკიცედ დაგმო აღნიშნულ ტერიტორიაზე მომხდარი საქართველოს მოქალაქეთა გატაცებების, დაკავებებისა და მკვლელობის ფაქტები.