საელჩოს მიერ დაფინანსებული კულინარიის პროგრამა (3 თებერვალი)

 ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
აშშ-ის ელჩის მოადგილე, ნიკოლას ბერლინერი, რუსთავის N16 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

საელჩოს მიერ დაფინანსებული კულინარიის პროგრამა (3 თებერვალი)

რუსთავის N16 პენიტენციურ დაწესებულებაში 19 მსჯავრდებულმა წარმატებით დაასრულა აშშ-ის საელჩოს *INL-ის ბიუროს მიერ დაფინანსებული კულინარიის პროგრამა. ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერმა პირადად მოულოცა მონაწილეებს ეს წარმატება და სიამოვნებით დააგემოვნა მათი ნახელავი.
ამ ინოვაციური პროგრამის მიზანია, მსჯავრდებულებს შესძინოს უნარები, რომელიც გათავისუფლების შემდეგ დასჭირდებათ დასაქმებისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის.
*INL – სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურო

ელჩის მოადგილის, ნიკოლას ბერლინერის კომენტარი სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესის წარმომადგენლებთან

კითხვა პროგრამის მნიშვნელობასთან დაკავშირებით

ნიკოლას ბერლინერი:  ეს ძალიან მნიშვნელლოოვანი პროგრამაა და მინდა შევაქო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამ სამუშაოს შესრულებისთვის. ჩვენ, აშშ-ის საელჩო საქართველოში, მოხარულები ვართ, რომ ამ პროგრამის მეშვეობით ხელს ვუწყობთ  პატიმრებს შეისწავლონ  ახალი უნარები და მოემზადონ  დაწესებულების დატოვების შემდეგ ცხოვრებისთვის.  რასაკვირველია, პროგრამის საბოლოო მიზანი არის ამ ხალხის რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში, ამიტომ, მათთვის ისეთი უნარების განვითარება რაც შემდგომში  ღირსეული და კარგად ანაზღაურებადი სამსახურის პოვნაში დაეხმარებათ,  წარმატებისა და რეციდივიზმის პრევენციის გარანტია. ეს ყველა ფორმის გამოსასწორებელი სისტემის უმთავრესი პრინციპია. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ბრწყინვალე პროექტი, რომელიც იმედია გაგრძელდება და გაფართოვდება.

ელჩის მოადგილის, ნიკოლას ბერლინერის კომენტარი ტელეკომპანია FOOD TVისთან:

კითხვა ღონისძიების მნიშვნელობასთან დაკავშირებით

ნიკოლას ბერლინერი: დღევანდელი ღონისძიება არის პროგრამის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მოხდა ამ დაწესებულების სამზარეულოს რეაბილიტაცია და ტექნიკური აღჭურვა. ეს პროგრამა ეხმარება აქ მყოფ ადამიანებს გათავისუფლების შემდეგ დასაქმდნენ, რაც თავის მხრივ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, იმ თვალსაზრისით, რომ შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობა.  როდესაც ადამიანს აქვს შემოსავალი, მეტი შანსია იმისა, რომ ის საზოგადოების  პროდუქტიული და  აქტიური წევრი გახდეს.  რამდენიმე თვის წინ ჩვენ ჩამოვიყვანეთ ცნობილი მზარეული ბენ ფორდი, რომელმაც პატიმრებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.

კითხვა საელჩოს პროგრამაში ჩართულობასთან დაკავშირებით

ნიკოლას ბერლინერი:  ჩვენ ეს პროგრამა სამინისტროსთან თანამშრომლობით განვახორციელეთ და მათაც მიუძღვით წვლილი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დახმარებით და მხარდაჭერით  ეს პროექტი გაგრძელდება და  სხვა დაწესებულებებსაც მოიცავს. ასეთი პროგრამების არსებობა მნიშვნელოვანია ყველა ტიპის სასჯელაღსრულების სისტემისათვის.

კითხვა კავკასიის რეგიონში პროგრამის უნიკალურობასთან დაკავშირებით

ნიკოლას ბერლინერი: დიახ, საქართველო ამ პროგრამით უნიკალურია კავკასიის რეგიონში. პროგრამას ვხელმძღვანელობთ უკვე 3-4 წელია და ვიმედოვნებთ, რომ  დავეხმარებით სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებას.

კითხვა პროგრამის შედეგებთან დაკავშირებით

ნიკოლას ბერლინერი:  ეს პროგრამა მიმართულია იმ  ძირითადი პრობლემების აღმოსაფხვრელად, რამაც ამ ადამიანების აქ მოხვედრა გამოიწვია. მათ უნდა მიეცეთ მეორე შანსი თავიდან დაიწყონ ცხოვრება. ჩვენ გვჯერა რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მეორე შანსს.

ჩვენ იმედი გვაქვს რომ ბევრ მათგანს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს და გამოიყენოს აქ ნასწავლი უნარები. რასაკვირველია, ეს მხოლოდ დასაწყისია. 6 თვეში “მიშლენის” შეფ-მზარეული ვერ გახდები, თუმცა ეს მათთვის კარგი შანსია დაიწყონ და განვითარდნენ, რათა მომავალში საზოგადოების აქტიური წევრები გახდნენ.