ალუმნი პროგრამა

ალუმნი საგრანტო პროგრამა

 

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს 2022 წლის საგრანტო კონკურსს გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის (ალუმნებისთვის). პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, აშშ-ის საელჩო ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს სხვადასხვა აქტივობებისათვის.

Funding Opportunity Title:           Alumni Grants Program 
Funding Opportunity Number:     DOS-GEO-22-003-12152021
Assistance Listing Number: 19.900 — AEECA/ESF PD Programs

თუ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები გაქვთ, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ კითხვა-პასუხის სესიაზე აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე 7 თებერვალს 17:00 საათზე.

სააპლიკაციო ვადები
გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ მითითებულ თარიღებამდე:

  • 4 მაისი, 2022

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში ალუმნებზე გაიცემა ინდივიდუალური გრანტები შემდეგი მიმართულებებით:  დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია, კიბერ განათლება და კიბერუსაფრთხოება, საგანმანათლებლო სისტემების გაძლიერება, ხარისხიან ზოგად განათლებაზე წვდომის ზრდა, ეკონომიკური განვითარება, მეწარმეობის ხელშეწყობა, და გარემოს დაცვა.

პროექტზე მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა შეადგენს 15,000 აშშ დოლარს. საპროექტო განაცხადი უნდა იყოს მორგებული ადგილობრივი თემების რეალურ საჭიროებებზე და ჰქონდეს გაზომვადი შედეგები. პროგრამის ფარგლებში აპლიკანტებს შეუძლიათ ითანამშრომლონ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორთან, და/ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან.

მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მაცხოვრებელ  ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს (https://alumni.state.gov/list-exchange-programs).  სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს შეუძლიათ ერთი საერთო პროექტის წარდგენა.

პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის ერთი (1) წელი. სამშენებლო, სარემონტო, საქველმოქმედი და მოგებაზე ორიენტირებული პროექტები ამ პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი პროგრამის რამდენიმე მონაწილე გაერთიანდება საერთო პროექტის გარშემო, მოთხოვნილი თანხა მაინც არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ 15,000 აშშ დოლარს.  შემომტანი აპლიკანტი უნდა იყოს ინდივიდუალურად ალუმნი ან ალუმნების ჯგუფი, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს პროექტის პარტნიორ ორგანიზაციასთან. გრანტის ორგანიზაციაზე გაფორმების შემთხვევაში, ორგანიზაცია ვალდებულია დარეგისტრირდეს SAM.gov პლატფორმაზე.

თანადაფინანსება სავალდებულო არ არის.

გრანტის ფარგლებში გამოცემული ყველა ბეჭდური თუ ვიზუალური მასალა წინასწარ უნდა შეთანხმდეს საელჩოს შესაბამის განყოფილებასთან.

განაცხადი:

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს. განაცხადები, რომლებიც არ დააკმაყოფილებს კონკურსის განცხადებაში არსებულ ყველა მოთხოვნას,  არ განიხილება კომიტეტის მიერ.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • SF424
  • SF424A
  • SF424B
  • შევსებული ალუმნი გრანტის განაცხადის ფორმა
  • აპლიკანტისა და პროექტში მომუშავე ძირითადი გუნდის CV/რეზიუმეები
  • პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის თანხმობის წერილი, პროექტში მათი როლისა და პასუხისმგებლობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • თანადაფინანსების თანხმობის წერილი თანხისა და ხარჯების კატეგორიის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • პროექტის აქტივობების საჭიროებებიდან გამომდინარე ოფიციალური ნებართვის წერილები

ფორმების შევსების ინსტრუქციები, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე სხვა დოკუმენტებთან ერთად.

გაითვალისწინეთ, რომ SF424 ფორმები არ იხსნება არცერთ ინტერნეტ-ბრაუზერში. დარწმუნდით, რომ ჩამოტვირთეთ ფორმები თქვენს მოწყობილობაზე, გახსენით Adobe-ის საშუალებით და დააწკაპუნეთ „ყველა ფუნქციის ჩართვა“-ს (Enable all features).

დამატებითი მოთხოვნები:

  • განაცხადი ცხადად და მკაფიოდ უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებსა და მოთხოვნებს
  • ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე
  • ბიუჯეტი უნდა წარმოადგინოთ აშშ დოლარში
  • ყველა გვერდი უნდა იყოს დანომრილი
  • Microsoft Word დოკუმენტის ფორმატირებისას გამოიყენეთ 1.0-იანი დაშორება, შრიფტი Times New Roman, ზომა – 12.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 6მბ-ზე დიდი მოცულობის ელ. გზავნილები და RAR/ZIP ფორმატის დოკუმენტები არ მიიღება. დოკუმენტები უნდა იყოს მხოლოდ Word და PDF ფორმატში. განაცხადები მიიღება მხოლოდ მითითებული ვადის ფარგლებში. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. პირველადი შედეგები ყველა აპლიკანტს ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპლიკაციო ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვის განმავლობაში.

ბიუჯეტი:

განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დეტალური ბიუჯეტი და ბიუჯეტის განმარტება. ბიუჯეტის მუხლები უნდა იყოს მაქსიმალურ დეტალებში გაწერილი. ბიუჯეტი უნდა გაიწეროს აშშ დოლარში და საბოლოო საგრანტო ხელშეკრულებაც გაფორმდება აშშ დოლარში.

პერსონალი: პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ხელფასები და ჰონორარები (მათ შორის აპლიკანტი ალუმნის). ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს საშემოსავლო გადასახადს. გთხოვთ, დეტალურად აღწერეთ ყველა იმ კადრის ხელფასი, ვინც უშუალოდ ჩართული იქნება პროექტში, მათი პროექტზე დახარჯული დროის პროცენტულობების მითითებით.

მგზავრობა: მგზავრობისა და მგზავრობასთან დაკავშირებული დღიური ხარჯებიც წინასწარ უნდა აისახოს ბიუჯეტში. ის შეიძლება მოიცავდეს მძღოლის ხელფასს, მანქანის დაქირავებისა და საწვავის ხარჯებს. თუ პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო მგზავრობას, საჭიროა ამ მგზავრობის აუცილებლობისა და მნიშვნელობის დასაბუთება. ასეთ შემთხვევაში, გრანტიორი ვალდებულია შეიძინოს მოგზაურობის დაზღვევა და ასლი წარადგინოს საელჩოში.

მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება: ჩამოთვალეთ და აღწერეთ ყველა ის ტექნიკა, ნივთი და მასალა, რაოდენობისა და ფასის მითითებით, რისი შესყიდვაც პროექტის განსახორციელებლად არის საჭირო.

სხვა პირდაპირი ხარჯები: აღწერეთ ყველა სხვა ხარჯი, რაც უშუალოდ პირდაპირ კავშირშია პროექტთან, მაგრამ არ ჯდება სხვა ხარჯვით კატეგორიაში.

ამ პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების არსებობა არ არის სავალდებულო.  თანადაფინანსება გულისხმობს საელჩოს გარდა ყველა სხვა ორგანიზაციის წვლილს პროექტში და, არსებობის შემთხვევაში, დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ბიუჯეტში.

ცალკე აღწერეთ განმცხადებლის და/ან პარტნიორი ორგანიზაციის წვლილი, რომელიც გულისხმობს ისეთ არა-ფულად თანამონაწილეობას, როგორიცაა  მოხალისეობრივად შესრულებული სამუშაო ან უფასოდ დათმობილი ფართი.

კვება: ღონისძიებებისთვის და კონფერენციებისთვის ფურშეტისა და კვების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს პროექტისთვის მოთხოვნილი თანხის 10%-ს.

ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადს. კონკურსის საბოლოო ეტაპზე, თუ გრანტი გაფორმდა პარტნიორ ორგანიზაციაზე, გრანტი თავისუფლდება დღგ-სგან შესაბამისი პროცედურების გავლის შედეგად.

ბიუჯეტის შეზღუდვები: ალუმნი პროგრამის ფარგლებში აკრძალულია შემდეგი სახეობის აქტივობები და ხარჯები, და ასეთების არსებობის შემთხვევაში კომიტეტი განაცხადს არ განიხილავს:

  • ადმინისტრაციული ხარჯები, როგორიცაა ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები, ოფისის ქირა და ოპერაციული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მოთხოვნილი თანხის 30%-ს;
  • სამშენებლო და სარემონტო ხარჯები;
  • ალკოჰოლური სასმელები და გასართობი აქტივობები (მაგ. დიჯეის მოწვევა დახურვის ცერემონიისთვის);
  • საქველმოქმედო საქმიანობები და მოსახლეობისთვის სოციალური მომსახურების პირდაპირ გაწევა;
  • პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება;
  • კონკრეტული რელიგიური საქმიანობების მხარდაჭერა;
  • ფონდების მოზიდვის კამპანიები;
  • სამეწარმეო კაპიტალი, კომერციული საწარმოები, ან პროექტში მონაწილეობის საფასურის დაწესება;
  • ინდივიდუალური სტიპენდიები;
  • პროექტები პიროვნული განვითარებისთვის;
  • არსებული პროგრამების იდენტური პროგრამები.

პროგრამის კოორდინირება

პროგრამას ადმინისტრირებას უწევს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება.
საგრანტო აპლიკაციასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ შეკითხვით კოორდინატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: TbilisiGrants@state.gov

გრანტს აფორმებს, ხელს აწერს და ადმინისტრირებას უწევს აშშ-ის საელჩოს გრანტების ოფიცერი. საგრანტო ხელშეკრულება არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ელექტრონულად გადაეგზავნება გრანტის მიმღებს გასაცნობად და ხელმოსაწერად. გრანტის მიმღებს პროექტისთვის ფინანსური ხარჯვის დაწყება შეუძლია მხოლოდ ხელმოწერილ საგრანტო ხელშეკრულებაზე მითითებული პროექტის დაწყების თარიღის შემდეგ.

განაცხადის დაფინანსების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტი არ იღებს მომავალი დამატებითი დაფინანსების ვალდებულებას. გადაწყვეტილებას გრანტის განახლების, დაფინანსების გაზრდის ან პროექტის ვადის გაგრძელების შესახებ იღებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

კონკურსის გამოცხადებით სახელმწიფო დეპარტამენტი არ იღებს გრანტების გაცემის ვალდებულებას, არც განაცხადის შემოტანისას გაწეული ხარჯების დაფარვის ვალდებულებას.

გადახდის მეთოდი: ყველა გადახდა განხორციელდება ელექტრონული გადარიცხვით. გადარიცხვების რაოდენობა განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებაში.

გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Alumni Program).

ანგარიშგება

გრანტიორებს მოეთხოვებათ ფინანსური და პროგრამული ანგარიშების ჩაბარება საელჩოსთვის საგრანტო ხელშეკრულებაში მითითებული ანგარიშგების სიხშირისა და ვადების გათვალისწინებით.

სააპლიკაციო ვადები

გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ მითითებულ თარიღებამდე:

  • 4 მაისი, 2022

აპლიკანტს შეუძლია განაცხადი შემოიტანოს ორივე ვადაზე, არაუმეტეს ერთი განაცხადისა თითო ჯერზე. ერთი და იმავე განაცხადის ხელახლა შემოტანა მეორე ვადაზე არ დაიშვება.

სავალდებულო რეგისტრაცია

გრანტის მიმღები ყველა ორგანიზაცია ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს SAM.gov პორტალზე, რომელიც რამდენიმე ეტაპიანი და ხანგრძლივი პროცესია.

  • NCAGE/CAGE code
  • SAM.gov რეგისტრაცია

რეგისტრაცია და წლიური განახლება ორივე პორტალზე უფასოა.
დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებგვერდიდან სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად.