2023 მედია განათლების პროგრამა – სააპლიკაციო განაცხადების მიღება

აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილება 2023 წლის მედია განათლების პროგრამის (MEP) სააპლიკაციო პროცესს გახსნილად აცხადებს. 2023 წლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, MEP-ის სააპლიკაციო პაკეტის წარმოსადგენად ვიწვევთ საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების აკრედიტებული ჟურნალისტიკის პროგრამებისა და მედია სკოლების პროფესორებს. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 დეკემბერი.

MEP-ის სააპლიკაციო პაკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგს:

  • აპლიკანტის განაცხადი სწავლების განზრახვის შესახებ  (1-2 გვ.)
  • აპლიკანტის CV (1-2 გვ)
  • არჩევითი: სარეკომენდაციო წერილი (მედია სკოლის დეკანის/ ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელის მიერ გაცემული) (1გვ.)

MEP მიზნად ისახავს საქართველოში ჟურნალისტიკის გაძლიერებას. უკანასკნელ პერიოდში პროგრამა ფოკუსირებულია მედია პროფესორების პროფესიულ განვითარებაზე და საქართველოს უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკის მიმართულებით სასწავლო გეგმების მოდერნიზაცია-დახვეწაზე.  ეს ყოველივე მიზნად ისახავს  ჟურნალისტთა მომავალი თაობის მომზადებას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული, დაბალანსებული, ეთიკური მედია-გარემოს შექმნას.

მიმდინარე წელს MEP-ის განხორციელებაში აშშ-ის საელჩოს პარტნიორია „საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტებისათვის“ (International Center for Journalists (ICFJ)). ICFJ – არამომგებიანი, პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც ჟურნალისტებს საკუთარი უნარ-ჩვევების გაღრმავებას, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობას და მეტად საიმედო, სანდო და მდგრადი საინფორმაციო მედია ორგანიზაციების შექმნას სთავაზობს.

2023 წლის MEP-ის პროგრამის მონაწილენი ორკვირიანი სასწავლო ტურით ეწვევიან ქ. ვაშინგტონს, კოლუმბიის ოლქს, (26 მარტი 1 აპრილი) და ფენიქსს, არიზონის შტატს (2 აპრილი – 8 აპრილი). მონაწილეები ეწვევიან უნივერსიტეტებსა და ნიუსრუმებს, სადაც დაესწრებიან ამერიკელი მედია ექსპერტების მიერ გამართულ სემინარებს ჟურნალისტიკის სწავლების საუკეთესო პრაქტიკისა და სასწავლო გეგმების განვითარების შესახებ. სასწავლო ტურის დასრულების შემდეგ, საქართველოში ამერიკელი მედია ექსპერტების საპასუხო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები საქართველოში საკუთარ უნივერსიტეტებში მიიღებენ პერსონალურ კონსულტაციებს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) პროფესორ-მასწავლებლებისგან.

პროგრამის ალუმნებს ასევე შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა მედიაგანათლების მინი-გრანტების კონკურსში,  რაც ხელს შეუწყობს მონაწილეებს ჟურნალისტიკის პროგრამებში ახალი მეთოდების, რესურსების და სასწავლო გეგმების შემოღება- დანერგვაში.

პროგრამაში მონაწილეობისთვის შესაფერისი კანდიდატი უნდა იყოს სრულ შტატზე მომუშავე საქართველოში აკრედიტირებული მედია პროგრამის პროფესორი. პროგრამაზე განაცხადი უნდა გააკეთონ მხოლოდ იმ კანდიდატებმა, ვისაც აქვს სურვილი და საშუალება, რომ პროგრამაში სრულად იყვნენ ჩართულები ერთი აკადემიური წლის განმავლობაში და სასწავლო ტურის დასრულების შემდგომ მიიღონ აქტიური მონაწილეობა MEP ალუმნი ასოციაციიის საქმიანობაში.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ ყველა სააპლიკაციო მასალა ICFJ-ის პროგრამის ვებგვერდზე განთავსებული ფორმის საშუალებით (form).