საუნივერსიტეტო კვლევითი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში

საუნივერსიტეტო კვლევითი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 აპრილი

 

18-29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ტრენინგები, რომელსაც გაუძღვება კიმბერლი დევის კინგი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლავინის სამეწარმეო ცენტრთან (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები) ერთად ეძებს ინოვატორ და მიზანდასახულ ბენეფიციარებს სამეწარმეო ტრენინგის პროგრამისთვის, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს პროგრამის „გზა ცოდნაზე ორიენტირებული ეკონომიკისაკენ: საუნივერსიტეტო კვლევითი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება საქართველოში“ ნაწილია და ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსორციუმის ხელმძღვანელობით.

კიმბერლი დევის კინგს აქვს 17 წელზე მეტი ხნის გამოცდილება სარისკო კაპიტალის (ვენჩორული კაპიტალი) ინდუსტრიაში და ორიენტირებულია ინვესტირებაზე, სტარტაპებისა და სწრაფად მზარდი კომპანიების მენტორობაზე. კიმი ამჟამად მუშაობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დამხმარე პროფესორის თანამდებობაზე და კითხულობს ლექციებს მეწარმეობასა და ლავინის პროგრამაში. ამასთან ემსახურება ადგილობრივი ტექნოლოგიური ინკუბატორის EvoNexus-ის შერჩევისა და განხილვის კომიტეტს. კიმი აგრეთვე არის UCSD (სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტი) რედი ბიზნესსკოლის ლექტორი და თანახელმძღვანელობს StartR, mystartupxx-ს და სოციალური ვენჩორ აქსელერატორების პროგრამას რედი ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულებისა და UCSD-ის სტუდენტებისთვის. მას მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ინდუსტრიული ინჟინერიის მეცნიერებაში სტენფორდის უნივერსიტეტისა და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი – ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლისაგან.

ტრენინგის პროგრამა ძირითადად ორიენტირებული იქნება შემდეგი საკითხების შესწავლაზე:

  • ლინ სტარტაპ პრინციპები;
  • ბიზნესმოდელის კანვასი;
  • როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ისეთი ახალი ვენჩორული იდეები, რომლებიც პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს,
  • სამომხმარებლო ფასდადების დადგენა და სოციალურ-ეკონომიკური ღირებულების დამატება.

მონაწილეებმა ტრენინგების განმავლობაში უნდა შეძლონ ფართოდ და გლობალურად აზროვნება. ამასთან იდეების უმრავლესობა, რომელთაც განიხილავენ ტრენინგების ფარგლებში, ორიენტირებული იქნება ”game changing” ტექნოლოგიებზე.

კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებმა უნდა შეძლონ:

  • პოტენციური სამეწარმეო შესაძლებლობების იდენტიფიცირება და სამეცნიერო, სისტემური და დამუშავების პროცესების შესწავლა გააზრების, შეფასებისა და შემოწმებისთვის. სკრინინგისა და მიზანშეწონილობის ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება შემდგომი შემოწმებისა და მიზანშეწონილობის ანალიზისთვის, რათა დადგინდეს პოტენციური ახალი ბიზნესიდეის რეალური ღირებულება;
  • კომუნიკაციის უნარის გამომუშავება და ბიზნესგარემოში დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და კავშირების დამყარება;
  • სამეწარმეო ცხოვრების მართვა;
  • ბიზნესშესაძლებლობების შემუშავება და შემოწმება მომხმარებელთა განვითარების მეშვეობით;
  • პროტოტიპების სწრაფად შემოწმება და მომხმარებელთა კვლევა;
  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება.

პროგრამა განკუთვნილია გლობალური ხედვის მქონე მოტივირებული და შრომისმოყვარე მონაწილეებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ლექციები მოითხოვს დამსწრეთა აქტიურ მონაწილეობას.

არ გაუშვა შანსი! წარმატება გელოდება აქ!

ტექნიკური ინფორმაცია პროგრამის შესახებ

წინაპირობები:

  • მონაწილეებმა უნდა შეძლონ კომუნიკაცია ინგლისურად, რადგან ინგლისური, კონკრეტული პროგრამის მიზნებისთვის მიჩნეულია სამუშაო ენად;
  • ასაკი განისაზღვრება 17-დან 35 წლამდე;
  • CV და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე), რომელშიც მითითებული იქნება პროგრამასთან დაკავშირებული მოლოდინები და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხედვა, უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: zoomout@iliauni.edu.ge;
  • განაცხადების მიღების შემდგომ მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა გასაუბრებისთვის. გასაუბრების პროცესი ზოგადად სტარტაპთა შერჩევის პროცესის მსგავსი იქნება, მონაწილეებმა უნდა გააკეთონ 2-3-წუთიანი პრეზენტაცია შემრჩევი კომისიის წინაშე;
  • კომისია დაკომპლექტებული იქნება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის – ლავინის ცენტრის (SDSU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის – პრე-აქსელერატორი „ზუმაუთის“ (ZoomOut), საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლებით.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 აპრილი.