ძალადობის ესკალაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ცნობით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, კონტაქტის ხაზის გასწვრივ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ, რასაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების ჩათვლით. ჩვენ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს.

შეერთებული შტატები უმკაცრესად გმობს ამ ძალადობის ესკალაციას. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბიგენმა დაურეკა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზორაბ მნაცაკანიანს, რათა ორივე მხარისთვის დაჟინებით მოეწოდებინა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, მათ შორის არსებული პირდაპირი საკომუნიკაციო არხების გამოყენებისკენ შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და უსარგებლო რიტორიკისა და მოქმედებების თავიდან აცილებისკენ, რაც კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას ადგილზე.

შეერთებული შტატებს სჯერა, რომ გარეშე მხარეების მონაწილეობა გამწვავებულ კონფლიქტში ერთობ უსარგებლო იქნება და უფრო გაზრდის რეგიონულ დაძაბულობას. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, იმუშაონ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონფლიქტის მშვიდობიანად და საფუძვლიანად მოგვარების საკითხში კვლავ მხარეების დახმარების ერთგული რჩება.