ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს 2016 წლის ანგარიში

ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს 2016 წლის ანგარიში


შენიშვნა:  ციფრებსა და სხვა მონაცემებში არ არის ასახული სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარადაა მითითებული.

მიმოხილვა

საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს, რომელიც ანგარიშს აბარებს პრემიერ-მინისტრს, ერთპალატიან პარლამენტსა და დამოუკიდებელ სასამართლოს. მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და მთავარსარდალი.  ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა კონკურენტულად და ისე ადმინისტრირებულად, რომ კანდიდატთა და ამომრჩეველთა უფლებები დაცული იყო, თუმცა აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის ღია გარემოზე გავლენას ახდენდა ბრალდებები საარჩევნო კამპანიაში უკანონო მონაწილეობისა და ძალადობის ინციდენტების შესახებ. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) განცხადებით, საარჩევნო კომისიები და სასამართლოები ხშირად პატივს არ სცემდნენ გამჭვირვალობის პრინციპსა და საჩივრების ეფექტურად განხილვის უფლებას არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის, რამაც საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა შეასუსტა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) დაასკვნა, „კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო და მშვიდობიან და კონსტრუქტიულ გარემოში მიმდინარეობდა.“ არჩევნებში ხალხის ნება აისახა, მაგრამ დამკვირვებლებმა ყურადღება გაამახვილეს გარკვეულ პრობლემებზე, რომელთა შორისაა განცხადებები ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ, საარჩევნო კოდექსის არათანმიმდევრული გამოყენება და კამპანიის დაფინანსების დარღვევებზე შეზღუდული ზედამხედველობა.

სამოქალაქო ხელისუფლება ქმედით კონტროლს ახორციელებდა უსაფრთხოების ძალებზე.

წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები მოიცავდა: რუსეთისა და დე-ფაქტო ხელისუფლებათა მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებებსა და სიცოცხლის მოსპობას ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ; ხარვეზებს მართლმსაჯულების სფეროში, მათ შორის კონკრეტულ საქმეებზე სასამართლოზე ზეწოლას; და სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეს – მათ შორის, სამართალდამცავ უწყებებზე არასაკმარის საპარლამენტო ზედამხედველობას – რაც უკანონო თვალთვალისა და შერჩევითი მართლმსაჯულების საქმეებზე მთავრობის არათანმიმდევრული რეაგირების გამო წუხილს იწვევდა.

სხვა პრობლემები ეხებოდა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა სავარაუდო კანონდარღვევებზე რეაგირების არაქმედით მექანიზმებს, საპატიმრო პირობების სტანდარტებთან გარკვეულ შეუსაბამობას, მედიაში პოლიტიკური დიალოგის შემცირებულ სივრცეს და სარწმუნო ცნობებს წამყვან დამოუკიდებელ სატელევიზიო მაუწყებელზე ზეწოლის შესახებ; შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებების შეზღუდვას, იძულებით გადაადგილებულ პირთა სტანდარტთან შეუსაბამო საცხოვრებელ პირობებს, მთავრობაში უმცირესობის ჯგუფების არასაკმარის წარმომადგენლობას, სამთავრობო კორუფციის შესახებ არაერთ განცხადებას და არასამთავრობო ორგანიზაციებზე მთავრობისა და ყოფილი გავლენიანი მაღალჩინოსნების ზეწოლას. განცხადებები გაკეთდა აგრეთვე ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის, ადრეული ქორწინების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის, უმცირესობის ჯგუფების სოციალური შეუწყნარებლობის შემთხვევებზე, რაც სიძულვილის ენაში აისახა, და აივ/შიდსის სოციალური სტიგმის შესახებ. ქვეყანას აგრეთვე არ გააჩნდა შრომის ინსპექციის სამართლებრივი ჩარჩო.

მთავრობამ უსაფრთხოების ძალებისა და სხვა სამთავრობო უწყებების კანონდამრღვევი ჩინოსნების დასჯით, ანგარიშვალდებულების გასაზრდელად ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ხარვეზები კვლავ რჩებოდა.

აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლება ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა რჩებოდა. მათ მხარდაჭერას კვლავ აგრძელებდა რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და მესაზღვრე, რომელთაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩებოდა ორივე რეგიონში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსი მესაზღვრეები ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას უზღუდავდნენ. სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ოფიციალური ინფორმაცია მწირია, რადგან ამ რეგიონში შესვლა შეზღუდულია, მაგრამ განცხადებები უფლებათა დარღვევის შესახებ მაინც ვრცელდებოდა. ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთი საერთაშორისო შეფასების გამოკლებით, აფხაზეთში შეღწევა აგრეთვე შეზღუდული იყო.

დე-ფაქტო ხელისუფლება ძირითადად ეთნიკური ქართველების ისეთ უფლებებს ზღუდავდა, როგორიცაა: პოლიტიკურ პროცესში ხმის მიცემით ან სხვაგვარად მონაწილეობა, საკუთრების ფლობა, ბიზნესის რეგისტრაცია და მოგზაურობა. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 2008 წლის ომის დროს და მის შემდეგ გაძევებული ეთნიკური ქართველი მოსახლეობის უმრავლესობისთვის სამხრეთ ოსეთში დაბრუნების უფლების მიცემაზე უარი თქვა. დე-ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად რეგულარულად შესვლის უფლებას არ აძლევს.  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეები, რომლებიც წარმოადგენენ გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს კონფლიქტების საკითხებში, სექტემბერში ესტუმრნენ სამხრეთ ოსეთს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლების თანხლებით. რუსული მხარის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრების მონიშვნის (“ბორდერიზაციის”) პროცესი წლის განმავლობაში გაგრძელდა, რაც ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის თავიანთი თემებიდან მოწყვეტასა და მათთვის საარსებო წყაროს წართმევას იწვევს.

ნაწილი 1. პიროვნების ხელშეუხებლობის დაცვა, მათ შორის, მისი დაცვა:

ა. სიცოცხლის თვითნებური მოსპობისაგან, ან სხვა უკანონო, ან პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობისაგან

წლის განმავლობაში ხელისუფლების, ან მისი წარმომადგენლის მიერ თვითნებური, ან უკანონო მკვლელობის შესახებ ცნობა არ გავრცელებულა. მთავრობამ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მიერ რამდენიმე სავარაუდო მკვლელობის ფაქტზე გამოძიება გააგრძელა.

მაისში სეპარატისტული აფხაზეთის მესაზღვრემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასასვლელ პუნქტთან საქართველოს მოქალაქეს ესროლა და მოკლა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ივნისში აფხაზეთის “სასამართლომ” ეჭვმიტანილს შინაპატიმრობა შეუფარდა. 27 დეკემბერს, ზუგდიდის სასამართლომ ეჭვმიტანილს დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს ხელისუფლებამ და დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაცვალეს ინციდენტთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოლაპარაკებები გააგრძელეს.

იანვარში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შესახებ გამოძიება დაიწყო. სასამართლომ 2008 წლის სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ომისას აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენა “გონივრული საფუძველის” მქონედ მიიჩნია.

ბ. გაუჩინარებისაგან

წლის განმავლობაში მთავრობის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე პოლიტიკური მოტივით ადამიანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ხშირი იყო ცნობები აფაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ადამიანთა გატაცების შესახებ.  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის მიზეზით, რაც კანონს ეწინააღმდეგება.

აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გადასვლის დადგენილი წესების აღსრულებას, ჩვეულებრივ, რუსი მესაზღვრეები აწარმოებდნენ. ისინი დაკავებულ პირებს აჯარიმებდნენ და შემდეგ ათავისუფლებდნენ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაკავებულ პირებს რუსი მესაზღვრეები, ხშირად, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცემდნენ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავება ჩვეულებრივ ორი-სამი დღე გრძელდებოდა, ვიდრე დაკავებული დე-ფაქტო “სასამართლოს” მიერ დაწესებულ “ჯარიმას” არ გადაიხდიდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ 78 დაკავებული პირი აღრიცხა, ხოლო სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ – 140.  სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, იანვრიდან სექტემბრამდე აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ 177 პირი დააკავეს, ხოლო სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ – 104.  იმავე EUMM-ის ცნობით, სულ მცირე ერთ შემთხვევაში, სამხრეთი ოსეთის ადგილობრივი მესაზღვრეები პირის დასაკავებლად [საქართველოს] მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

გავრცელდა ცნობები დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ეთნიკური ქართველების თვითნებური დაკავების შესახებ, განსაკუთრებით სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის ცხინვალისა და გალის რეგიონებში. დაკავებულთა ცნობით, დაპატიმრების მიზეზი მათთვის არავის უცნობებია და არც ის უთქვამს, რატომ მიიყვანეს დე-ფაქტო პროკურორთან.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ინფორმაციით, 1992-93 წლების აფხაზეთის ომისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად, 2 300-ზე მეტი პირი კვლავ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით, ორგანიზაცია ყველა მხარესთან, მათ შორის სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, თანამშრომლობას განაგრძობს.

გ. წამებისაგან, აგრეთვე სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელისაგან

მართალია, ასეთ ქმედებებს კონსტიტუცია და კანონი კრძალავს, მაგრამ იყო ცნობები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მიმართავდნენ ასეთ პრაქტიკას. მართალია, პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ ასეთი მოპყრობის შესახებ ცნობების რაოდენობა და სიმძაფრე შემცირდა, სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკავებულთა არასათანადო მოპყრობა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ისინი კვლავ იღებენ შეტყობინებებს პოლიციისა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის შესახებ. სახალხო დამცველის ოფისი ასეთი საქმეების გამოძიებას ქმედითად, დამოუკიდებლად, დროულად და მიუკერძოებლად არ მიიჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისი სამართალდამცველთა დარღვევების შესახებ განცხადებების გამოსაძიებლად კვლავ დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნას უწევდნენ რეკომენდაციას.

საიამ ასეთი მოპყრობის შესახებ წლის განმავლობაში 20 საჩივარი მიიღო, აქედან 11 საჩივარი #3 საპყრობილიდან, და მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. პროკურატურამ საია-დან 20 საჩივრის მიღება დაადასტურა, მაგრამ აღნიშნა, რომ 12 შემთხვევა ეხებოდა დაკავებულთა მიმართ პოლიციის სავარაუდო არასათანადო მოპყრობას, ხოლო რვა – სავარაუდო არასათანადო მოპყრობას პენიტენციურ დაწესებულებებში, საიდანაც მხოლოდ ერთი შეეხებოდა #3 საპყრობილეში არასათანადო მოპყრობას. საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებებში ხუთი საჩივრის საფუძველზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა და დაადგინა, რომ სამი საჩივარი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ეხებოდა, ხოლო ორი – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს პროკურატურამ აგრეთვე განაცხადა, რომ გადმოგზავნილი საჩივრებიდან ექვსის საფუძველზე პოლიციის თანამშრომელთა დარღვევების გამოძიება დაიწყო. წლის ბოლოს საქმეების გამოძიება კვლავ გრძელდებოდა.

ხელისუფლებამ აგრეთვე გამოიძია სავარაუდო სასტიკი, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის საქმეები წლის განმავლობაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე. ნოემბრის თვისთვის, სახალხო დამცველის ოფისმა მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმართა არასათანადო მოპყრობის ორი საქმე. საქართველოს პროკურატურამ სახალხო დამცველის ოფისის მიერ გაგზავნილ პატიმართა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ორივე საქმეზე გამოძიება დაიწყო და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საქმის გამოძიება შეწყდა დაზარალებულის მიერ თანამშრომლობაზე უარის თქმისა და დამატებითი მტკიცებულების არარსებობის გამო. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა ასევე მიაწოდა ათი შეტყობინება დაკავების ადგილებში პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ და, ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, პოლიციის ხუთი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა.

ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომელთა სავარაუდო თავდასხმის გამოძიება კვლავ გრძელდებოდა.  სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ პასუხისგებაში არ მიუციათ თავდასხმაში სხვა სავარაუდო მონაწილე პოლიციელები და აღნიშნა, რომ სასამართლო მოსმენა არაერთხელ გადაიდო მოწმე პოლიციელების არგამოცხადების მიზეზით.  საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელის მიმართ მიმდინარეობდა სასამართლო ძალადობით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მაგრამ მტკიცებულება არ ამყარებდა განცხადებას მდინარაძის წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებაში სხვა პოლიციელთა სავარაუდო მონაწილეობის შესახებ.

საიას წლის განმავლობაში წამების არცერთი შემთხვევა არ აღმოუჩენია. სექტემბერში სახალხო დამცვლის ოფისმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი წამების შესახებ ნებისმიერ განცხადებას სულ უფრო ხშირად “სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების” და არა “წამებისა და არაადამიანური მოპყრობის” ბრალდებით იძიებდნენ, რაც საქმეებზე თვალის მიდევნებას ართულებდა.

ყოფილი მთავრობის მმართველობისას ჩადენილი სავარაუდო წამების ფაქტებზე 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე და ორი სხვა ყოფილი ოფიციალური პირი. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2012 წელს სცემეს და მხუთავი აირი გამოიყენეს ელბერდ კობერიძის წინააღმდეგ, რითაც მას ტერორისტული აქტის ჩადენის აღიარებას აიძულებდნენ. სასამართლო პროცესი ივლისის თვეში დაიწყო და საიას დამკვირვებლებს არცერთი პროცედურული დარღვევა არ შეუმჩნევიათ. მაისში საქართველოს პროკურატურამ 2011 წელს ქონების გამოძალვის მიზნით ბიზნესმენის წამების ფაქტზე პასუხისგებაში მისცა ორი ყოფილი მაღალჩინოსანი, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი უდესიანი და გლდანის #8 საპყრობილის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე. უდესიანმა და მუხაძემ ქვეყანა 2012 წელს დატოვეს. დეკემბრის თვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას პროცესი დაუსწრებლად წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

EUMM-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაკავებულმა პირებმა საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების შემდეგ არასათანადო მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის, მათ შორის სიგარეტით დაწვისა და ცემის შესახებ განაცხადეს. უფლებადამცველთა შეფასებით, სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულთა ნახევარმა გარკვეული ფორმის ფიზიკური ძალადობა განიცადა.

გავრცელდა ინფორმაცია ძალადობის შესახებ, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის (ცარ) კონფლიქტის ზონაში მივლენილმა თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ძალებმა ჩაიდინეს. იანვარში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარიატმა გამოაქვეყნა ანგარიში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში განთავსებული უცხოელი სამშვიდობოების მიერ არასრულწლოვანთა სავარაუდო სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ. ანგარიშში დეტალურად იყო გადმოცემული ოთხი გოგონას ბრალდება. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათზე მოძალადეები ევროკავშირის მისიით მოქმედ (EUFOR) კონტინგენტს წარმოადგენდნენ. მართალია, ზოგიერთი სამხედროს მოქალაქეობა ნათელი არ იყო, მაგრამ სამმა გოგონამ განაცხადა, რომ მათზე მოძალადეებს შორის იყვნენ საქართველოს EUFOR-კონტინგენტის წევრები.  სავარაუდო ძალადობის დროს გოგონები 14-დან 16 წლამდე ასაკის იყვნენ. ამ ბრალდების საპასუხოდ, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა უწყებათაშორისი საგამოძიებო გუნდი, რომელიც სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრა. აკადემიური, სამართალდამცავი და სამედიცინო გამოცდილების მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ინფორმაციის შეგროვებასა და ამავე დროს,  დაზარალებულთა ინტერესების დაცვას ცდილობდა. ივნისში თავდაცვის მინისტრმა გუნდის მუშაობის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, სადაც აღინიშნა, რომ ქართველ სამხედროებს სავარაუდო ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღიათ. დეკემბერში საგამოძიებო გუნდი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა და საბოლოო ანგარიშის მომზადებაზე მუშაობას შეუდგა.

ციხისა და დროებითი დაკავების ცენტრების პირობები

მთლიანობაში ციხისა და დროებითი დაკავების ცენტრებში არსებული პირობები უმჯობესდება, მაგრამ ზოგიერთ ძველ დაწესებულებაში ვითარება არაადამიანურია არასაკმარისი ვენტილაციისა და ბუნებრივი განათების, აგრეთვე მცირე საცხოვრებელი სივრცისა და არასათანადო ჯანდაცვის გამო.

ფიზიკური პირობები: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციური სისტემა, სადაც წინასასამართლო პატიმრობაში მყოფ და მსჯავრდებულ პირებს ათავსებენ, 12 681 პირზეა გათვლილი. დეკემბრისთვის, პენიტენციურ დაწესებულებებში 9 334 პატიმარი ირიცხებოდა, რაც პენიტენციური სისტემის 73%-იან დატვირთვას ნიშნავს.

მართალია, კანონის მოთხოვნით, წინასასამართლო პატიმრობაში მყოფი პირები მსჯავრდებულებისაგან განცალკევებულად უნდა იყვნენ, სახალხო დამცველის ოფისის მონაცემებით, რამდენიმე დაწესებულებაში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ერთად მოთავსება კვლავ პრობლემად რჩებოდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში წლის განმავლობაში 17 პატიმარი გარდაიცვალა, რაც 2015 წელს გარდაცვლილ 12 პატიმარზე მცირედით მეტია.

მართალია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ფუნქციონირებს სპეციალური სამედიცინო ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმართათვის, 2015 წელს სახალხო დამცველის ოფისმა აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები, მათ შორის სამედიცინო მომსახურებაში, ციხეებსა და დროებითი დაკავების ცენტრებში გათვალისწინებული არ იყო. სახალხო დამცველის ოფისმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დაწესებულებების უმრავლესობა არ აწარმოებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შესახებ მონაცემების შენახვასა და რეგისტრაციას. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, წლის განმავლობაში #2 და #14 პენიტენციური დაწესებულებები შეზღუდული შესაძლებლობის პატიმართა საჭიროებებზე მორგებული საკნებით აღიჭურვა; #5, #6 და #16 პენიტენციურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმართათვის ადაპტირებული საკნები უკვე არსებობდა, ხოლო #18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში  ხანგრძლივი მოვლის განყოფილება ფუნქციონირებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია საერთაშორისო სტანდარტებით აგებული მიგრანტთა ცენტრი, სადაც გაძევების მიზნით დაკავებულ, ან სამართლებრივი მიზეზით საქართველოში ჩამოყვანილ პირებს ათავსებენ. მამაკაცებს, ქალებსა და ოჯახებს საკუთარი საცხოვრებელი სივრცე აქვთ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალურად ადაპტირებული ოთახებია მოწყობილი. დაწესებულებაზე ზედამხედველობას უწყების საზედამხედველო ქვედანაყოფი ახორციელებდა. დაწესებულება იქ განთავსებულ პირებს საჭიროების მიხედვით სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საპყრობილეების პირობები სტანდარტებთან ქრონიკულად შეუსაბამოა.

ადმინისტრირება: სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ ომბუდსმენს აქვს მინიჭებული უფლება, პატიმრების საჩივრებზე რეაგირება მოახდინოს. მათ აგრეთვე აღნიშნეს, რომ ისეთი ხელის შემშლელი ფაქტორები, როგორიცაა უფლებების შესახებ ინფორმაციის არქონა, მუქარის შიში, შედეგისადმი უნდობლობა და კონფიდენციალობის არარსებობა, პატიმრებს, შესაძლოა, სასამართლოში საჩივრის შეტანაში აფერხებდეს.

სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ოფისმა მიიღო პატიმრების გამოგზავნილი დიდი რაოდენობით საჩივარი, სადაც აღნიშნავდნენ, რომ საპყრობილეთა ადმინისტრაცია პატიმრებს არ ატყობინებდა მათ წინააღმდეგ მიღებული დისციპლინური ზომების შესახებ; ოფისმა აგრეთვე მიიღო მრავალი საჩივარი, სადაც იუწყებოდნენ, რომ პატიმრებს არ აძლევდნენ მათი საქმის მასალების საკანში შენახვის უფლებას. პატიმრები აგრეთვე ასაჩივრებდნენ, რომ მათ არ აძლევდნენ საკანონმდებლო ინფორმაციის შემცველი მასალების მიღების უფლებას, რაც სასამართლოში საქმის მოსმენისას დაცვის მხარის სათანადოდ მომზადებას ართულებდა. 2015 წელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების ცენტრის“ ცნობით, ქალებისა და არასრულწლოვანი პატიმრებისთვის ვადამდე გათავისუფლებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იურიდიული დახმარების მისაღებად, [აგრეთვე] სხვადასხვა დოკუმენტების, საჩივრებისა და განცხადებების მოსამზადებლად ადვოკატების მომსახურება ხელმისაწვდომი არ იყო.

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, დროებითი დაკავების ცენტრებში დაკავებულთა რეგისტრირებისა და განაწილების ჩანაწერები ხშირად არასრული, ან მცდარი იყო.

საპყრობილეების უმრავლესობაში ქართული მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის სამლოცველოები არსებობს, მაგრამ არ არის საგანგებო არადენომინაციური ადგილები ლოცვისთვის.

დამოუკიდებელი მონიტორინგი: საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ზოგიერთ ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას მთავრობა საპყრობილეთა დამოუკიდებელი მონიტორინგის საშუალებას აძლევდა. სახალხო დამცველის ოფისთან მოქმედი პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის პენიტენციური დაწესებულებები ხელმისაწვდომი იყო. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები პენიტენციურ დაწესებულებებს გეგმიურად და არაგეგმიურად სტუმრობდნენ და მონიტორინგისას ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) საქართველოს არასადავო ტერიტორიაზე არსებულ საპყრობილეებსა და დაკავების იზოლატორებზე სრულად მიუწვდებოდა ხელი, ხოლო სამხრეთ ოსეთში მოქმედ საპყრობილეებსა და დაკავების იზოლატორებში – ნაწილობრივ.

გაუმჯობესება: სექტემბერში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების ნებართვა დაამტკიცა. პრევენციის ეროვნულ მექანიზმს მონიტორინგისას მიზნით საპატიმროებში ვიზიტისას პატიმართა სხეულზე დაზიანებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პირობების ფოტოგადაღების უფლება მიეცა. სამინისტრომ შეასწორა რეგულაციები, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული პატიმრების სამუშაო პირობებსა და ანაზღაურების საკითხს განსაზღვრავდა; შეიქმნა ახალი ვებ-გვერდი, სადაც პატიმრებს მათი ნაკეთობების ინტერნეტით გაყიდვა შეუძლიათ; გამჭვირვალობისა და მინისტრისთვის ინფორმაციის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით ჩამოაყალიბა მრჩეველთა საბჭო, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წლის განმავლობაში დროებითი დაკავების დეპარტამენტში სამედიცინო დახმარების სამსახური ამოქმედდა, რისთვისაც 30 თანამშრომელი დაიქირავა და ისინი, სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, დაზიანებათა რეგისტრაციისა და საგანგებო ვითარებისთვის მოამზადა. სამინისტროს ცნობით, მთელ ქვეყანაში გარემონტდა, ან რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დროებითი დაკავების იზოლატორების სავენტილაციო და გათბობის სისტემებს, ვენტილაცია დამონტაჟდა იმ იზოლატორებში, სადაც მანამდე არ არსებობდა, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ორ არსებულ იზოლატორს და  დასრულდა ერთი ახალი იზოლატორის მშენებლობა.

დ. თვითნებური დაპატიმრება, ან დაკავება

კონსტიტუცია და კანონი თვითნებურ დაპატიმრებასა და დაკავებას კრძალავს, მაგრამ მთავრობა ამ აკრძალვებს თანმიმდევრულად არ იცავდა.

პოლიციისა და უსაფრთხოების აპარატის როლი

სამართალდამცავი ფუნქციის შესრულებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ძირითადი პასუხისმგებლობა ორ ორგანიზაციას აკისრია: შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ძირითადი სამართალდამცავი უწყებაა და პოლიციურ ძალებს, საზღვრის უსაფრთხოების ძალებსა და საქართველოს სანაპირო დაცვას აერთიანებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შიდა დაზვერვის სამსახურია, რომლის პასუხისმგებლობაში კონტრდაზვერვა, კონტრტერორიზმი და კორუფციასთან ბრძოლა შედის. ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას ფინანსური გამოძიების უფლებამოსილებით აღჭურვილი საგამოძიებო სამსახურები აქვთ. თავდაცვის სამინისტრო საგარეო საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვაზეა პასუხისმგებელი, თუმცა შიდა არეულობის დროს მთავრობას შეუძლია, სამინისტროს დახმარება ითხოვოს.

სამოქალაქო ხელისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროზე ქმედით კონტროლს ახორციელებდა; ამ ორგანიზაციების შიდა უფლებამოსილი სტრუქტურები  კორუფციისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოძიებასა და დასჯას ახდენდნენ. წლის განმავლობაში არ გაკეთებულა განცხადება უსაფრთხოების ძალებში დანაშაულის დაუსჯელად ჩადენის შესახებ, თუმცა სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ოფისმა პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბების შესახებ არაერთი საჩივარი მიიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, კანდიდატებსა და [საარჩევნო] კამპანიაში ჩართულ პირებზე (იხ. ნაწილი 3), სავარაუდოდ, პოლიტიკურ ზეწოლას ახდენდნენ.

ივლისში მთავარმა პროკურატურამ დაუსწრებლად პასუხისმგებაში მისცა იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი 2007 წელს ყოფილი ოპოზიციონერი ლიდერის, კობა დავითაშვილის უკანონო დაკავებისა და გატაცების სავარაუდო ფაქტზე. ადეიშვილმა, როგორც ამბობენ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძეს სპეციალური დანაყოფის გამოყენება დაავალა, რათა ოპოზიციის ლიდერების ხალხში გამოჩენისა და მათი საჯარო გამოსვლებისთვის ხელი შეეშალა, აგრეთვე თავს დასხმოდა პროტესტის სხვა მონაწილეებს. დეკემბრისთვის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

სექტემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დავით ახალაიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სამ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს 2011 წლის საპროტესტო გამოსვლის დარბევის ფაქტზე, რომლის ბრძანება, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გასცა, რომელიც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების გენერალურმა ინსპექციამ იანვრიდან ივლისამდე სამართალდამცავებს 1 305 დისციპლინური სახდელი დააკისრა, მათ შორის საყვედური, ჩამოქვეითება და სამსახურიდან დათხოვნა. 2015 წელს 2 623 ასეთი ზომა იქნა გამოყენებული. სამინისტროს ცნობით, გამოძიების ჩასატარებლად 23 საქმე მთავარ პროკურატურას გადაეცა, საიდანაც ათი საქმე სხვადასხვა ბრალდების საფუძველზე მსჯავრის დადებით დასრულდა.

დაპატიმრების პროცედურები და დაკავებულთა მიმართ მოპყრობა

სამართალდამცავების მიერ პირის დაკავება სასამართლოს განჩინებით ხდება, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა, თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით თავიდან ვერ იქნება აცილებული. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დაკავების ნებართვის გაცემას მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რისთვისაც კანონი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; ამასთან, პირი მიიმალება, ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. საიას ცნობით, სასამართლოები, ზოგადად, დაკავებათა კანონიერების სათანადო განხილვას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მოსამართლეებმა დაკავებათა განხილვა დაიწყეს.

დაკავებისთანავე პირს უნდა ეცნობოს მისი კანონიერი უფლებების შესახებ. ნებისმიერი განცხადება, რომელიც დაკავებულმა გააკეთა დაკავების შემდეგ, მაგრამ კანონიერი უფლებების გაცნობამდე, სასამართლოში წარდგენას არ ექვემდებარება. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში და აღრიცხოს დაკავება, ასლი კი გადასცეს დაკავებულს და მის ადვოკატს. დაკავებულს 48 საათის განმავლობაში ბრალი უნდა წაუყენონ, ხოლო 72 საათის განმავლობაში მიიყვანონ სასამართლოში, სადაც შედგება მისთვის წინასასამართლო პირობების შერჩევის მოსმენა. დადგენილი ვადების დარღვევა იწვევს პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველზე დაკავებულ ნებისმიერ პირს სასამართლო განხილვის უფლება აქვს დაკავებიდან 12 საათის განმავლობაში, ხოლო დადგენილი ვადის დარღვევა იწვევს პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

საია მონიტორინგს უწევდა თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს; საიამ გვაცნობა, რომ სასამართლოები ძირითადად კვლავ განაგრძნობდნენ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოსა და პატიმრობის გამოყენებას. საიას ცნობით, გირაოს შეფარდებისას დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ პატიმრობის შეფარდებისას დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების რაოდენობამ მცირედით იკლო. საიამ აგრეთვე განაცხადა, რომ გაუარესდა სათანადო სასამართლო ზედამხედველობა საპროცესო შეთახმების დადებაზე და გაიზარდა ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როდესაც ბრალდებულს მოსამართლეები მის უფლებებს სრულად არ განუმარტავდნენ.

კანონი ითვალისწინებს გირაოსა და პატიმრობის ალტერნატიულ ფორმებს, მაგრამ მათ იშვიათად მიმართავდნენ.

დაკავებულს აქვს უფლება, მოითხოვოს დაუყოვნებლივი შეხვედრა ადვოკატთან და უფლება, უარი თქვას განცხადების გაკეთებაზე დაცვის არქონის პირობებში. დანაშაულის ჩადენაში დადანაშაულებულ უქონელ ბრალდებულს აქვს უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ბრალდებულებს ასეთ დახმარებას „იურიდიული დახმარების სამსახური“ უწევთ, რომელიც განცალკევებული და დამოუკიდებელი ორგანიზაციაა ცხრა წევრისგან შემდგარი საბჭოთი.

დაკავებულებს, რომლებსაც შესაძლო სისხლის სამართლის ბრალდება ელოდებათ, უფლება აქვთ, პროკურორის ან გამომძიებლის მეშვეობით ოჯახის წევრებს პატიმრობის შესახებ დაპატიმრებიდან სამი საათის განმავლობაში შეატყობინონ, ხოლო მათ, ვისაც ბრალი ადმინისტრაციული დარღვევისთვის აქვთ წაყენებული, შეუძლიათ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ოჯახს. კანონი მოითხოვს, რომ მთავარმა პროკურატურამ დააკმაყოფილოს დაკავებულთა მოთხოვნები წინასასამართლო დაკავებისას ოჯახთან დაკავშირების თაობაზე.

თებერვალში ახალი კანონით მთავრობა გადავიდა მოწმის იძულებითი დაკითხვის სისტემიდან მოწმის ნებაყოფლობითი გამოკითხვის სისტემაზე. კანონი მოწმეს ანიჭებს უფლებას, უარი თქვას სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის მიერ გამოკითხვაზე და ითვალისწინებს ბრალმდებელისა და გამომძიებლის მიერ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის მექანიზმს, როდესაც მოწმე მონაწილეობაზე უარს აცხადებს, სამართალდამცავ უწყებას კი, შეუძლია, დაასაბუთოს, რომ პირი საქმის გარემოებებზე “საჭირო ინფორმაციას” ფლობს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა გააკრიტიკეს ეს მექანიზმი, როგორც მნიშვნელოვანი “ხვრელი”. თუმცა დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, სამართალდამცავებს ეს პრაქტიკა ბოროტად არ გამოუყენებიათ: ნებაყოფლობით საფუძველზე გამოიკითხა დაახლოებით 123 000 ზრდასრული და 4 000 არასრულწლოვანი პირი, ხოლო მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად დაბარების შუამდგომლობით სასამართლოს 71 შემთხვევაში მიმართეს (სასამართლომ დააკმაყოფილა 71-დან 66 შუამდგომლობა). სასამართლოს მიერ ჩვენების მისაცემად დაბარებული პირებიდან, გამოიკითხა მხოლოდ 27 მოწმე. დანარჩენებმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. სხვა შუამდგომლობები ეხებოდა სასამართლო პროცესამდე ქვეყნის დატოვების მსურველ, ჯანმრთელობის გაუარესების მქონე პირებს, ან განპირობებული იყო უცხო ქვეყნის მთავრობათა მოთხოვნით.

კვლავ გამოხატავდნენ წუხილს ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების გამო, რომლის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებს პირის დაპატიმრება შეუძლიათ 15 დღემდე ვადით ქმედითი დაცვის უფლების, დასაბუთების დადგენილი სტანდარტისა და ქმედითი გასაჩივრების უფლების გარეშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წლის განმავლობაში დროებითი დაკავების იზოლატორებში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 701 პირმა მოიხადა. შედარებისთვის, 2015 წელს ეს რიცხვი 998 იყო.

თვითნებური დაპატიმრება: სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ასეთი დაკავებების შესახებ საჩივრების რაოდენობა დიდი არ იყო, მაგრამ ოფისი სწავლობდა იმ პირის  საქმეს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები არა „ბრალდებულად”, არამედ “შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე მიყვანილ პირად” ასახელებდნენ.  სახალხო დამცველის ოფისი აგრეთვე შეშფოთებას გამოხატავდა, რომ პირი, რომელიც სამედიცინო ჩანაწერის საფუძველზე მოთავსებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში, შეიძლება, დაკავებული იყოს მისი ნების გარეშე; აგრეთვე ის პირი, ვინც პოლიციას ნარკოლოგიური შემოწმებაზე უარს ეუბნება, მაგრამ დაკავების პროცედურების დაცვის  გარეშე რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის კონტროლის ქვეშ რჩება, შესაძლოა, თვითნებურად იყოს დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, “გამოკითხვა” და “პოლიციის შენობაში პირის მიწვევა გამოკითხვის ჩასატარებლად” კატეგორიულად ნებაყოფლობითი ხასიათისაა, როდესაც პირს განემარტება “გამოკითხვის” მიზეზი, ხოლო პოლიციის ის შენობები, სადაც ტარდება “გამოკითხვა”, ვიდეო დაკვირვების სისტემითაა აღჭურვილი და კონტროლირებად გარემოს წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილი არიან, პირი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მიიყვანონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის თანამშრომელი პირადად შეესწრება პირის მიერ დანაშაულის ჩადენას და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაა.

ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) წევრები ამტკიცებდნენ, რომ მთავრობა პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებასა და დაკავებას აწარმოებდა. 14 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დასკვნაში აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის წინასასამართლო დაკავება 2013 წლის მაისში კანონიერი იყო, მაგრამ დაამატა, რომ 2013 წელს დაკავების ვადის გახანგრძლივების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის უნდა დაერთოთ დასაბუთება, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით სავალდებულო არ არის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დასკვნაში მიუთითა, რომ ხელისუფლებამ მერაბიშვილის წინასასამართლო დაკავება გამოიყენა მასზე ზეგავლენის მოსაპოვებლად ორ განცალკევებულ საქმეზე 2013 წლის დეკემბერში. იმ დროს მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დაკავების საკნიდან იგი გვიან ღამით გაიყვანეს მაშინდელ მთავარ პროკურორთან შესახვედრად, რომელმაც სცადა მისი დაშინება ამ საქმეებზე მისი თანამშრომლობის მოსაპოვებლად. ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა მათი მტკიცება მერაბიშვილის პოლიტიკური პატიმრობის შესახებ, და ხელისუფლებას მისი განთავისუფლებისკენ მოუწოდეს. 21 ივნისს, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს 2013 წლის დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით საქმის დაწყების შესახებ. წლის ბოლოსთვის გამოძიების შედეგები არ გასაჯაროებულა.

წინასასამართლო დაკავება: სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ ცხრათვიანი ვადის გასვლის შემდეგ წინასასამართლო პატიმრობის გახანგრძლივება არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, თუ სამართალდამცავებმა იცოდნენ დანაშაულის, ან პოტენციური პასუხისმგებლობის შესახებ იმ დროს, როდესაც ბრალდებული სხვა საქმეზე წინასასამართლო პატიმრობაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შესამჩნევი პროგრესია სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების თვალსაზრისით, სასამართლო პროცესებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები წინასწარი დაკავების შესახებ გადაწყვეტილებების არასაკმარის დასაბუთებასა და რიგ საქმეებში, მათ გაჭიანურებაზე მიუთითებდნენ. ზოგჯერ წინასასამართლო დაკავება ხანგრძლივი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ გირაოს, ან წინასწარი პატიმრობის შეფარდების სტანდარტების არათანაბარ გამოყენებას. იურისტები მიუთითებდნენ, რომ ზოგ შემთხვევაში გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლოები იყენებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, პროკურორები და მოსამართლეები ხშირად სათანადოდ არ ასაბუთებდნენ და არ განმარტავდნენ, თუ რატომ ითხოვდნენ, ან უფარდებდნენ პატიმრობას.

დაკავებული პირის მიერ დაკავების კანონიერების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა: გადაუდებელი აუცილებლობისას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირის სასამართლოს განჩინების გარეშე დაპატიმრებას ითვალისწინებს. პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, თუ დაპატიმრებისას არსებითი პროცედურული დარღვევა დადგინდა. გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი, ან მოსამართლე პირის სასამართლოში წარდგენისთანავე დაპატიმრებიდან 72 საათის განმავლობაში. კანონის თანახმად, მიუხედავად იმისა, დაკავებულს მსჯავრს დასდებენ თუ არა, მას უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრული მოცულობით აუნაზღაურდება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დაკავებული პირის წინასწარი პატიმრობის კანონიერება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, შეიძლება, გასაჩივრდეს პროკურორთან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადმინისტრაციული დაპატიმრებისას სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული დარღვევის გონივრული განხილვის პროცესს არ განსაზღვრავს.

ამნისტია: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ წლის განმავლობაში ამნისტიით 8 და შეწყალებით 834 მსჯავრდებული პირი გაათავისუფლა.

ე. უარი სამართლიან საჯარო სასამართლოზე

კონსტიტუცია და კანონი დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას ითვალისწინებს და დეკემბრის ბოლოს სასამართლო სისტემის რეფორმაში მორიგი ნაბიჯი გადაიდგა წინ, მაგრამ კვლავ რჩებოდა სასამართლო სისტემაში ჩარევის ნიშნები. პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეებზე ზეწოლის, მოსამართლეების დანიშვნის (მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში), საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილების, პროკურატურის რეფორმის, საქმეთა განაწილების, მართლმსაჯულების სათანადო პროცესის, სააპელაციო განხილვისა და სავალდებულო დაცვის გამო შეშფოთებას საჯაროდ გამოხატავდნენ.

პრეზიდენტმა და “კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, რომელიც ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე მომუშავე ათობით არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შედგება, გამოხატეს შეშფოთება ყველა დონის სასამართლოებში მოსამართლეების (ბევრი უვადოდ დანიშნული) შერჩევის ხარვეზიანი პროცესის გამო, რამაც სასამართლო სისტემა პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების განხილვისას პოლიტიკური გავლენის წინაშე დაუცველი დატოვა. წლის განმავლობაში დაახლოებით 100 ახალი მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. კოალიციის წევრების ცნობით, მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხვედრებზე დასწრება შეეძლოთ და სასამართლო სხდომებზე შეუზღუდავი წვდომა ჰქონდათ. თუმცა, 9 თებერვალს, კოალიციამ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესები გააკრიტიკა, როგორც “არასამართლიანი, არაგამჭვირვალე და არაკონსტიტუციური” და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდა, რითაც ორგანიზაციის 2015 წლის დეკემბერის განცხადება გაიმეორა.

მაისში პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საკამათო იყო როგორც შინაარსის, ისე დროის შერჩევის თვალსაზრისით და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ცვლილებები შეიტანა, მათ შორის ცვლილებები შეეხო მოსამართლეთა მანდატს უფლებამოსილების ბოლო თვეებში, ვადების ზღვარს და კვორუმის მოთხოვნებს. პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო და შეფასების გაკეთება “ევროპულ კომისიას სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად” (ვენეციის კომისია) სთხოვა, რომლის შეფასებით, კანონი გადაჭარბებულად მკაცრია ვადების ზღვარის, კვორუმის მოთხოვნებისა და მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილ სამ თვეში საქმეთა განხილვის შეზღუდვის გამო. შინაარსთან დაკავშირებით შეშფოთებასთან ერთად, პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღება. მათი აზრით, ცვლილებები იმსახურებდა ფართო საჯარო განხილვას. დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში შეტანილი ცვლილებები არაკონსტიტუციურად ცნო.

პარლამენტმა ივნისში შესწორებული ვერსია მიიღო, რომელშიც გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის კრიტიკა ვადების ზღვართან და  მოსამართლეთა მანდატთან დაკავშირებით უფლებამოსილების ბოლო თვეებში. საბოლოო ვერსიაში არ აისახა ვენეციის კომისიის უკმაყოფილება გადაწყვეტილების მიღების კვორუმის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც, როგორც კომისიამ აღნიშნა, “გადაჭარბებულია” და ქმნის მოსამართლეთა უმცირესობის მიერ გადაწყვეტილებების “მარტივად” დაბლოკვის რისკს.

ივლისში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რომლის ვადა სექტემბერში ამოიწურა, პოლიტიკური დატვირთვის მქონე საქმეების განხილვაში მონაწილე მოსამართლეებზე მთავრობის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების მიზნით გარეშე ზეწოლის შესახებ განაცხადა. თუმცა სასამართლოს ზოგიერთმა მოსამართლემ მისი განცხადება უარყო და განაცხადა, რომ გარეშე ზეწოლას არ განიცდიდა და თავად თავმჯდომარე ახდენდა ზეწოლას სწრაფი და გარკვეული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციებმაც შეშფოთების საგნად დაასახელეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ მუქარა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან რეაგირების ნაკლებობა.

სასამართლო სისტემას კვლავ არ გააჩნდა საქმეთა შემთხვევითი განაწილების უზრუნველმყოფი ქმედითი სისტემა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში საქმეთა განაწილების სისტემა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემაფერხებელ გარემოებად რჩებოდა. არაოფიციალურად “სასამართლო რეფორმის მესამე ტალღად” ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა უნდა გაეზარდა, შეიცავდა შესწორებას საქმეთა შემთხვევითი ელექტრონული განაწილების შემოღების შესახებ. პარლამენტმა არ მიიღო მთავრობის მიერ 2015 წლის ზაფხულში შეტანილი პაკეტი და ის დეკემბრის ბოლოს კვლავ მაღალი საჯარო და საერთაშორისო ინტერესის საგნად რჩებოდა. წლის ბოლოს საკანონმდებლო პაკეტი პრეზიდენტის დამტკიცების მოლოდინში იყო.

პრეზიდენტმა და “კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 2015 წლის საკანონმდებლო შესწორებებმა მთავარი პროკურორის დანიშვნის წესის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპოლიტიზების მიზანს ვერ მიაღწია. კერძოდ, კოალიციამ განაცხადა, რომ საპროკურორო საბჭოს ფორმირებისას კვლავ არ არსებობს ნამდვილი გამჭვირვალობა და მთავარი პროკურორის შერჩევის ძალაუფლება საბოლოოდ მმართველი პარტიისა და მთავრობის ხელშია. ვენეციის კომისიამ აგრეთვე განიხილა რეფორმები და გაუწია რეკომენდაცია პროცესს, რომელიც თავიდან აიცილებს მხოლოდ მმართველი პარტიისთვის მისაღები კანდიდატის მთავარ პროკურორად დანიშვნას. კომისიამ რეკომენდაცია გაუწია ისეთ კანონსაც, რომელიც გაითვალისწინებს პროკურორის პროფესიული დამსახურების საფუძველზე შერჩევას, ხოლო პროცესის მამოძრავებელი მმართველი და ოპოზიციური პარტიების, პროფესიული წრეებისა და საზოგადოების კონსენსუსი იქნება. კოალიციის დასკვნით, 2015 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა ამ ორი კრიტერიუმიდან ვერც ერთი ვერ დააკმაყოფილა. საქართველოს პროკურატურისა და კონკრეტულად მთავარი პროკურორის შერჩევისა და დამტკიცების წესის რეფორმისთვის გამიზნული 2015 წლის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში რამდენიმე უწყებისა და პარლამენტის ჩართვით აღნიშნული პროცესის დეპოლიტიზებისკენ იყო მიმართული. ამ მიზნის მისაღწევად, საკანონმდებლო ცვლილებით, შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობს და რომელშიც პროკურორები, მოსამართლეები, მეცნიერები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები შედიან. საკანონმდებლო ცვლილებით, დაზუსტდა (პირველად) ის პროფესიული ობიექტური უნარ-ჩვევები, რომელიც თანამდებობის დაკავებისათვისაა აუცილებელი და საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემოწმებისა და ბალანსის უზრუნველმყოფი მექანიზმები დაინერგა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს პროცედურები

კონსტიტუცია და კანონმდებლობა უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაჯულება ძირითადად პატივს სცემდა ამ უფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს მისი დარღვევა ზოგიერთ გახმაურებულ, პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეზე. თუმცა კონსტიტუცია და კანონმდებლობა უზრუნველყოფს საჯარო სასამართლო განხილვის უფლებას, 8 დეკემბერს საიას მოწოდებული ცნობით, სასამართლოები არათანმიმდევრულად ეკიდებოდნენ საზოგადოებისათვის სასამართლო პროცესების დახურვის საკითხს და ზოგჯერ დახურული სხდომის ჩატარების მიზეზს არ განმარტავდნენ.

ბრალდებული სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალის შესახებ ინფორმაციის დროულად და დეტალურად მიღების უფლებით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, უფასო თარგმანით. ბრალდებულს აქვს საკუთარ პროცესზე დასწრებისა და საჯარო პროცესის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხდომის დახურვა სახელმწიფო უსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების, ან არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მოტივით ხდება.  ზოგიერთ შემთხვევაში კანონი უშვებს შესაძლებლობას, რომ საქმის განხილვა ბრალდებულის დაუსწრებლად ჩატარდეს, თუ მან ქვეყანა დატოვა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს სათანადო სამართლებრივ დაცვას უდანაშაულობის პრეზუმფციის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმ დარღვევებზე, რომელსაც ბრალდებულისთვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება, მოჰყვეს.

კანონი არ განსაზღვრავს საქმის გამოძიების მაქსიმალურ ვადას, თუმცა ითვალისწინებს სასამართლო განხილვის მაქსიმალურ ვადას, თუ პირი დაკავებულია. 2015 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებისთვის სავალდებულო გახდა განაჩენის გამოტანა წინასასამართლო განხილვის დასრულებიდან და საქმის არსებითი განხილვის დაწყებიდან არაუგვიანეს 24 თვეში.

საიამ აღნიშნა, რომ ბრალდებულებს სულ უფრო უჭირდათ მათი უფლებების შესახებ მოსამართლის განმარტების გაგება, განსაკუთრებით ისეთ საქმეებზე, როდესაც თავად ბრალდებულები აწარმოებდნენ საკუთარ დაცვას და აგრეთვე, საპროცესო შეთანხმების საქმეებზე. სასამართლოები სხდომების ფოტო, აუდიო და ვიდეო ჩაწერას აწარმოებდნენ და მოთხოვნის შემთხვევაში, გადაღებულ მასალას საზოგადოებას გადასცემდნენ.

ბრალდებულს უფლება აქვს, შეხვდეს სასურველ ადვოკატს, ხელის შეშლის, ზედამხედველობისა და არაჯეროვანი შეზღუდვის გარეშე. უქონელ ბრალდებულს უფლება აქვს, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, მაგრამ ბევრს ხშირად დაცვის მოსამზადებლად საჭირო დრო და სივრცე არ ჰქონდა. სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, სახაზინო ადვოკატები ჩვეულებრივ ხელმისაწვდომნი იყო მათთვის, ვინც ამას საჭიროებდა, თუმცა სახაზინო ადვოკატები ხშირად ბრალის წაყენებამდე, ან საპროცესო შეთანხმებამდე დანიშნულნი არ იყვნენ. სახალხო დამცველის ოფისმა განმარტა, რომ სათანადოდ არ აღირიცხება, თუ როდის წარადგენს ბრალდებული მოთხოვნას სახაზინო ადვოკატის დანიშვნის თაობაზე. სახალხო დამცველის ოფისის რეკომენდაციაა, რომ დაიწყოს ამგვარ მოთხოვნათა აღრიცხვა, რაც უზრუნველყოფს მათზე რეაგირების ჩანაწერის არსებობას.

ბრალდებულებსა და მათ ადვოკატებს უფლება აქვთ, გაეცნონ მათ საქმეში არსებულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა,  სისხლის სამართლის პროცესის შემთხვევაში, და გააკეთონ ასლები. ბრალდებულს უფლება აქვს, კითხვები დაუსვას და დაუპირისპირდეს პროკურორსა და მის მოწმეებს და წარადგინოს საკუთარი მოწმეები და მტკიცებულებები. ბრალდებულს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, ან არ ამხილოს საკუთარი თავი დანაშაულში. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, გაასაჩივროს მსჯავრი, ადმინისტრაციული კოდექსის ფარგლებში ქმედითი აპელაცია რთულად მიღწევადი იყო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ბრალდებულს გასაჩივრების წარსადგენად სასამართლოს წერილობითი და დასაბუთებული განაჩენის მიღებიდან 30 დღის ვადა აქვს. თავისუფლების შეზღუდვის გამომწვევი ადმინისტრაციული სასჯელის დროს გასაჩივრების ვადა 48 საათს შეადგენს, სხვა შემთხვევაში – 10 დღეს.

კანონის თანახმად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან უკანონო დაპირების გარეშე და ბრალდებულს შესაძლებლობა ჰქონდა, მიეღო იურიდიული დახმარება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ჯეროვანი სამართლებრივი დაცვის პროცედურას საპროცესო შეთანხების დროს, რაც მოიცავს საქმიდან ბრალის აღიარება-არაღიარების ამოღებას და პირდაპირ განაჩენზე საპროცესო შეთანხმებას. საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტი საპროცესო შეთანხმების დროს ითვალისწინებს, რომ მტკიცებულება საკმარისი უნდა იყოს პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე და დაარწმუნებს ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა.

პოლიტიკური პატიმრები  და დაკავებულები

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობას პოლიტიკური პატიმრები ჰყავდა, მათ შორის ყოფილი  შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის ყოფილი მერი. მთავრობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს იმ პატიმრებთან შეხვედრის უფლებას აძლევდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიტიკური პატიმრები ან პოლიტიკური მოტივით დაკავებულები არიან. წლის განმავლობაში ამ უფლებით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ისარგებლა.

სამოქალაქო საპროცესო პროცედურები და სამართლებრივი დაცვის საშუალებები

კონსტიტუცია უზრუნველყოფს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლებას სამოქალაქო წარმოების საქმეებზე, თუმცა გამოითქვა წუხილი მოსამართლეთა პროფესიონალიზმისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის თაობაზე. კონსტიტუცია და კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ პირი, რომელსაც მიადგა ზიანი თვითნებური პატიმრობის, ან სხვა არაკანონიერი ან თვითნებური ქმედების შედეგად, მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევის შედეგად, უფლება აქვს, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სავარაუდო დარღვევის საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მას შემდეგ, რაც ამოწურავს სახელმწიფოში შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს.

საკუთრების დაბრუნება

გაკეთდა განცხადებები საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ რიგ საქმეებზე სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის უგულვებელყოფის შესახებ. სახალხო დამცველის ოფისმა და მთავარმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიზნესების მრავალმა ყოფილმა მფლობელმა და პირმა მთავრობის ყოფილი წევრების მიერ მათი საკუთრების უკანონო წართმევის შესახებ გააკეთა განცხადება. არასამთავრობო ორგანიზაციებმაც ახსენეს რამდენიმე საქმე, სადაც ჯგუფები აცხადებდნენ, რომ ყოფილმა მთავრობამ არასწორად გამოიყენა სახელმწიფოს უფლება კერძო საკუთრების იძულებით ჩამორთმევის შესახებ, ან აიძულა ისინი, საკუთრება უსამართლოდ დაბალ ფასში დაეთმოთ. სახალხო დამცველის ოფისმა აღნიშნა, რომ ასობით პირი კვლავ მოელის საკუთრების დაბრუნებას. მთავარ პროკურატურაში ამ საჩივრების განხილვა სამართალწარმოების დროს ჩადენილი დანაშაულის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ხდებოდა.

წლის განმავლობაში მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების დროს ჩადენილი დანაშაულის ახლად შექმნილი საგამოძიებო დეპარტამენტი წინა მთავრობის პირობებში საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის განცხადებებს იძიებდა. წლის ბოლოსთვის, დეპარტამენტმა მიიღო 700 ასეთი საჩივარი და 85 პირს მიანიჭა „მსხვერპლის“ სტატუსი, თითოეულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის დაახლოებით 18 მილიონი ლარის ღირებულების (6,8 მილიონი ამერიკული დოლარი) ქონების დაბრუნებით. ნოემბერში დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ივანე მერაბიშვილს და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს კერძო საკუთრების უფლების ხელყოფასა და მოქალაქეთა ქონების ძალით ჩამორთმევაში. 2013 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადეიშვილს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა; ყოფილი იუსტიციის მინისტრი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა და მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე იყო აღძრული.

სახალხო დამცველის ცნობით, მიწის რეგისტრაციისას კვლავ არსებობს ე.წ. „გადაფარვების“ პრობლემა ბაკურიანში, ზემო სვანეთსა და აჭარაში, სადაც მთავრობამ მხოლოდ ნაწილობრივ ჩაატარა მიწის რეფორმა. შედეგად, სასამართლოებში ასობით მიმდინარე საქმეა, სახალხო დამცველის ოფისში კი შესულია განცხადებების დიდი რაოდენობა.

აფხაზეთში დე-ფაქტო სამართლებრივი სისტემა უკრძალავს საკუთრების დაბრუნებაზე საჩივარს იმ ეთნიკურ ქართველებს, რომლებმაც 1992-93 წლების ომამდე, ომის პერიოდში ან ომის შემდეგ დატოვეს აფხაზეთი და შესაბამისად, ართმევს ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებს (IDP) აფხაზეთში საკუთრების უფლებას.

2010 წლის ბრძანებით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ძალადაკარგულად გამოაცხადა საქართველოს მთავრობის მიერ 1991-დან 2008 წლამდე გაცემული უძრავი ქონების საბუთები, რომლებიც ახალგორის რაიონში არსებულ საკუთრებას ეხება. ბრძანებაში ასევე გაცხადებული იყო, რომ მთელი უძრავი ქონება ახალგორის რაიონში ეკუთვნის დე-ფაქტო ხელისუფლებას, ვიდრე „მოქალაქის“ უფლება ამ საკუთრებაზე არ დადგინდება დე-ფაქტო „კანონმდებლობის“ შესაბამისად, რაც 2008 წელს გადაადგილებულ ეთნიკურ ქართველებს რეგიონში საკუთრების უფლებას, ფაქტობრივად, ართმევს.

ვ. თვითნებური, ან უკანონო შეჭრა პირადულ სივრცეში, ოჯახში, სახლში, ან მიმოწერაში

კონსტიტუცია და კანონმდებლობა კრძალავს ასეთ ქმედებებს სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვის, ან კანონიერი აუცილებლობის გარეშე და უკრძალავს პოლიციას საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკას, თანხმობის გარეშე ელექტრონულ თვალთვალს, ან სასამართლოს განაჩენის გარეშე დაკვირვებას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიასაშუალებებმა და სხვებმა განაცხადეს, რომ მთავრობა არ იცავდა ამ აკრძალვებს. მაგალითად, ფართოდ გავრცელებული ცნობებით, მთავრობა პოლიტიკურ ოპოზიციას უთვალთვალებდა.

მარტში ინტერნეტში გავრცელდა პოლიტიკოსების მაკომპრომეტებელ ვითარებაში წარმოჩენაზე გათვლილი რამდენიმე უკანონო ვიდეოჩანაწერი. საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვა რამდენიმე პირმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერით შანტაჟის შესახებ გააკეთა განცხადება. სახალხო დამცველის ოფისმა გააკრიტიკა სამართალდამცავი უწყებები ვიდეოჩანაწერების წყაროების, ან გავრცელებაზე პასუხისმგებელი პირების ვერდადგენის გამო. სახალხო დამცველის ოფისმა აგრეთვე უსაყვედურა სამართალდამცავ უწყებებს ვიდეოჩანაწერების გავრცელების აღსაკვეთად სათანადო ზომების მიუღებლობის გამო.

აპრილში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შესახებ და ხელისუფლებას 2017 წლის მარტამდე კანონის გადახედვა დაავალა. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა სატელეკომუნიკაციო ქსელებზე უსაფრთხოების სამსახურების შეუზღუდავ და პირდაპირ წვდომაზე, აგრეთვე პირადი საიდუმლოს დასაცავად მიმართული უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის არასათანადო კონტროლზე.

სექტემბერში ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციის სხვა ლიდერები ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობისა და ლოგისტიკის შესახებ მსჯელობდნენ. ოპოზიციური პარტიის წევრებმაც განაცხადეს, რომ უცნობი წყაროებიდან მამხილებელი ჩანაწერების გამოქვეყნებით მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინებები მიიღეს. წლის ბოლოსთვის მთავრობა ამ ფაქტებს იძიებდა.

ნაწილი 2. სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის:

ა) სიტყვისა და პრესის თავისუფლება

კონსტიტუცია და კანონმდებლობა უზრუნველყოფს სიტყვის და პრესის თავისუფლებას და მოქალაქეებიც ძირითადად თავისუფლად სარგებლობდნენ ამ უფლებით, თუმცა გაკეთდა განცხადებები, რომ მთავრობა ზოგჯერ სათანადოდ არ იცავდა ამ უფლებებს. ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოთქვეს შეშფოთება მედია პლურალიზმის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა წამყვანი სატელევიზიო მაუწყებლების, მათ შორის, მოწინავე „რუსთავი 2-ის“ გარშემო შექმნილ ვითარებას. პარლამენტის მიერ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რესტრუქტურირებული სამეთვალყურეო საბჭოს ყველა რვა წევრის ვერშერჩევა ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ამძაფრებდა შეშფოთებას შესარჩევი პროცესის პოლიტიზებასთან, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტელე-რადიო მაუწყებლის პროგრამული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება: ადამიანებს, ჩვეულებრივ, თავისუფლად შეეძლოთ მთავრობის კრიტიკა სასჯელის გარეშე, მაგრამ დემოკრატიის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ მთავრობის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების საჯარო კრიტიკა, მათ შორის, მოწოდებები არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეული ლიდერების საქმიანობის გამოძიების შესახებ, იწვევდა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორში დასაქმებული პირების თვითცენზურას.

პრესისა და მედიის თავისუფლება: დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიური იყო და გამოხატავდა შეხედულებების მრავალფეროვნებას. ამავე დროს, მედია კვლავ პოლიტიკურად პოლარიზებული რჩებოდა და საზოგადოებას ობიექტური, ნეიტრალური ახალი ამბებით მხოლოდ შეზღუდულად უზრუნველყოფდა.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების საქართველოს ოფისის 2015 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ტელევიზია ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებაა და მოსახლეობის დაახლოებით 87%-სთვის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყაროა. მთავარი სატელევიზიო სადგურები გამოხატავდნენ პოლიტიკურ მიკერძოებას, თუმცა ნაკლებად წინა წლებთან შედარებით. მთავრობის მაღალჩინოსნები ზოგიერთ მედიასაშუალებას პერიოდულად აკრიტიკებდნენ, უმეტესად “რუსთავი 2”-ს, და მას პრო-ოპოზიციურ მიკერძოებას აბრალებდნენ.

2011 წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული შესწორებების შედეგად, რომელმაც მედიასაშუალებები დაავალდებულა, გაამხილოს ინფორმაცია მფლობელების შესახებ, მედიასაშუალებების მფლობელობა საკმაოდ გამჭვირვალე გახდა. მედიასაშუალებების მფლობელობის გამჭვირვალობამ მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, ახალი ამბების ობიექტურობა განსაჯოს, მაგრამ მედიაექსპერტები აღიარებდნენ, რომ გამჭვირვალობა აბსოლუტური არ იყო. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” 2014 წლის ანგარიშის დასკვნით, რამდენიმე წამყვან მედიაკომპანიაში მნიშვნელოვანმა საკადრო ცვლილებებმა მაუწყებლობის შინაარსზე იქონია გავლენა. რიგ შემთხვევაში ვარაუდობდნენ მფლობელების ჩარევას მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკაში, რაც ძირს უთხრიდა მედიის თავისუფლებას.

ზოგიერთი მედიასაშუალება, სადამკვირვებლო ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავდა მედიაპლურალიზმის შემზღუდველი გარემოსა და მედიაში პოლიტიკური ჩარევის გამო, რაც განსაკუთრებით მთავრობის მიმართ კრიტიკის გამომხატველებს ეხებოდა. კერძოდ, შეშფოთებით აღინიშნებოდა ქვეყანაში ყველაზე ყურებადი სატელევიზიო სადგურის, “რუსთავი 2”-ის საქმიანობაში მთავრობის ჩარევა, აგრეთვე სასამართლოს დამოუკიდებლობა სადგურის მფლობელების საქმესთან დაკავშირებით. “რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ მთავრობა მონაწილეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ივნისში გადაწყვეტილების მიღებაში, რომელმაც ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისთვის კომპანიაზე საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ. მთავრობა აცხადებდა, რომ საქმე კერძო მხარეებს შორის სამართლებრივი დავა იყო, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოქმედება ფართოდ იყო აღქმული, როგორც “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა, რომელიც ხშირად მთავრობისადმი კრიტიკულ შეხედულებას გამოხატავდა.

ივნისში “რუსთავი 2”-ის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მოუწოდეს უზენაეს სასამართლოს, საქმე განსახილველად მიეღო, რაც მან სექტემბერში გააკეთა. ნოემბერში უზენაესმა სასამართლომ საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა. წლის ბოლოსთვის დიდ პალატას საქმის მოსმენა დაწყებული არ ჰქონდა. გამოითქვა ეჭვები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანია (იხ. ნაწილი 1.ე.).

ძალადობა და შევიწროება: მედიაპროფესიონალების, მოქალაქე-რეპორტიორებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მკაცრი სამართლებრივი დევნის საგანი იყო, მაგრამ ასეთი დანაშაული იშვიათია. გავრცელდა ცნობა პოლიციელის მიერ ჟურნალისტის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ერთი შემთხვევის შესახებ. აგვისტოში ონლაინ-მედია გამოცემა media.ge-ს მთავარ რედაქტორ დავით მჭედლიძეს, როგორც თქვეს, რუსთავში პოლიციელი დაესხა თავს. გამოძიება მიმდინარეობდა.

არასამთავრობო გავლენა: მედია დამკვირვებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი კვლავ განაგრძობდა მძლავრ ზეგავლენას მთავრობასა და მართლმსაჯულებაზე, მათ შორის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელების წინააღმდეგ პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებების შემთხვევაში.

თუმცა აფხაზეთში უფრო მეტი მედიამრავალფეროვნებაა, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში მედია კვლავ იზღუდებოდა დე-ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთი საოკუპაციო ძალების მიერ.

ინტერნეტის თავისუფლება

საქართველოს მთავრობა იშვიათად ზღუდავდა ონლაინ შინაარსზე წვდომას, თუმცა წლის განმავლობაში აღინიშნა დაბლოკვის ორი განცალკევებული ეპიზოდი, რომელიც WordPress-სა და YouTube-ს ეხებოდა. ამ ცალკეული შემთხვევების გარდა, მთავრობის მიერ დაბლოკვა და გაფილტვრა არ წარმოადგენდა ინტერნეტ-თავისუფლებისთვის რაიმე მნიშვნელოვან დაბრკოლებას.

უკანასკნელ წლებში მიღებული საკანონმდებლო შესწორებებითა და სასამართლო გადაწყვეტილებებით მოქალაქეების ონლაინ-საქმიანობაზე ხელისუფლების თვალთვალის კონტროლი ეტაპობრივად გაძლიერდა. წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლომ მეტამონაცემებზე მთავრობის უკონტროლო წვდომის პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც კიდევ უფრო გაამყარა ონლაინ-კონფიდენციალობა.  მიუხედავად ამისა, საჯარო მოხელეებს შორის პირადი საუბრების ჩანაწერების გაჟონვამ უკანონო თვალთვალის შეშფოთება გამოიწვია (იხ. ნაწილი 1.ვ.).

„საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის“ სტატისტიკით, მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი ინტერნეტით სარგებლობდა. მომსახურების მაღალი ფასები და შეუსაბამო ინფრასტრუქტურა ზღუდავდა ინტერნეტის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები, ან დაბალი შემოსავლების მქონე პირებისთვის.

ინტერნეტის თავისუფლების შესახებ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკმარისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო.

აკადემიური თავისუფლება და კულტურული ღონისძიებები

არ გაკეთებულა დადასტურებული განცხადება ხელისუფლების მიერ აკადემიური თავისუფლებისა და კულტურული ღონისძიებების შეზღუდვის შესახებ.

ბ. მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

შეკრების თავისუფლება

კონსტიტუცია და კანონმდებლობა ძირითადად უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლებას. ხელისუფლება ჩვეულებრივ გასცემდა შეკრების ნებართვას, თუმცა მთავრობის მიერ შეკრების თავისუფლების პატივისცემა არ იყო თანმიმდევრული. ცალკეულ  შემთხვევებში პოლიციამ დააპატიმრა, ან ვერ დაიცვა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები კონტრდემონსტრანტებისაგან. ამასთან, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს კანონის იმ დებულების გამო, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და სხვა ორგანიზაციებს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მთავარ ქუჩაზე შეკრებამდე ხუთი დღით ადრე შეტყობინების მიწოდებას ავალდებულებს, რითაც სპონტანური დემონსტრაციების შეზღუდვა ხდება.

აქტივისტების ცნობით, ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ინტერსექსების (ლგბტი) საზოგადოების წევრებისთვის შეზღუდული რჩება შეკრების თავისუფლება. (იხ. ნაწილი 6, ძალადობა, დისკრიმინაცია და სხვა დანაშაული სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე).

გაერთიანების თავისუფლება

კონსტიტუცია და კანონმდებლობა უზრუნველყოფს გაერთიანების თავისუფლებას, მაგრამ მთავრობის მხრიდან ამ უფლების პატივისცემა შერჩევით ხასიათს ატარებდა. გავრცელებული ცნობებით, მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი და მმართველი პარტიის მხარდამჭერი ზეწოლას ახდენდა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებზე, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების თანამშრომლებზე, მასწავლებლებზე და პროფესიული კავშირების წევრებზე, მათ შორის თვალთვალით (იხ. ნაწილი 1.ვ), სამსახურიდან გათავისუფლების მუქარითა და ასეთი მუქარის ასრულებით (იხ. ნაწილი 7). წლის განმავლობაში, და განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიის დროს, გავრცელდა ცნობები ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ ძალადობის, დაშინებისა და შევიწროების შესახებ და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის გამო სამსახურებიდან დათხოვნისა, თუ დათხოვნის მუქარის შესახებ.

რელიგიის თავისუფლება

იხილეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ  მისამართზე www.state.gov/religiousfreedomreport/.

დ. გადაადგილების თავისუფლება, იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილთა დაცვა და მოქალაქეობის არმქონე პირები

კანონი უზრუნველყოფს მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლებას ქვეყნის შიგნით, საზღვარგარეთ, ემიგრაციასა და რეპატრიაციას, მაგრამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო ხელისუფლება და რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ თავისუფლებას ზღუდავდნენ.

მთავრობა თანამშრომლობდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან იძულებით გადაადგილებულ პირთა (IDP), ლტოლვილთა, დაბრუნებულ ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა და გასაჭირში ჩავარდნილ სხვა პირთა დაცვისა და დახმარების უზრუნველსაყოფად.

გადაადგილება ქვეყნის ფარგლებში: ქვეყნის ფარგლებში გადაადგილების თავისუფლების მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტული რეგიონებში შესვლის შეზღუდვა. ქვეყანაში მცხოვრები 250 ათასი იძულებით გადაადგილებული პირის უმრავლესობას, გავრცელებული ცნობით, სურდა წარმოშობის ადგილზე დაბრუნება, მაგრამ აბრკოლებდათ უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიების არარსებობა და კონფლიქტის პოლიტიკური მოუგვარებლობა.

უცხოელებს ეზღუდებოდათ სამხრეთ ოსეთში შესვლა და გამოსვლა, მაგრამ შეეძლოთ აფხაზეთში შესვლა იქაური დე-ფაქტო ხელისუფლების ნებართვით. გადაკვეთის ნებართვა (ე.წ. “პროპუსკი”), რომელიც სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 2014 წელს შემოიღო, ერთადერთი საბუთია, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების საშუალებას იძლევა. 26 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა 2017 წლის 1 იანვრიდან ახალი სამწლიანი ნებართვის შემოღების შესახებ, რომლითაც შეიძლება საკონტროლო გამშვები პუნქტების გადაკვეთა. საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის უფლება დე-ფაქტო ხელისუფლებამ შემდეგი კატეგორიის პირებს მიანიჭა: აფხაზეთის და საბჭოთა კავშირის პასპორტების მფლობელები, “ფორმა #9” ნებართვის მქონე პირები, საქართველოს ან უცხოური პასპორტით მოსარგებლე ენგურის ჰიდროელექტროსადგურის უფლებამოსილი თანამშრომლები და გალში (სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ქართველია) მცხოვრები 14 წლამდე ასაკის ბავშვები დაბადების მოწმობის წარდგენით. გალისგან განსხვავებით, სხვა ადგილების ზოგიერთ მცხოვრებს, ვინც საქართველოს პასპორტით სარგებლობს, უწევდა რაიონული დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ნებართვის მიღება საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად. მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს პასპორტის მფლობელებს საკონტროლო პუნქტში ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა იმ შემთხვევაშიც შეეძლოთ, თუ წარადგენდნენ მოწვევის წერილს და დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახური მათ აფხაზეთში შესაშვებად შემოწმებას გაატარებდა.

არ ყოფილა ცნობები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაუმართლებლად შეუზღუდა რომელიმე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას აფხაზეთის ან სამხრეთი ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში შესვლა. ამის საპირისპიროდ, რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმიანობა შეუზღუდეს აფხაზეთში, ხოლო რუსეთისა და სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთში რეგულარული შესვლა შეუზღუდეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, რომლებიც წარმოადგენენ გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს კონფლიქტების საკითხებში, რეგულარულად სტუმრობდნენ სამხრეთ ოსეთს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლების თანხლებით. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ზღუდავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლას, კრძალავს შესვლასა და გასვლას მეზობელი ქვეყნებიდან და მოითხოვს გადაადგილებას მხოლოდ თბილისის მიერ ადმინისტრირებული ტერიტორიიდან, თუ საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული გამონაკლისი არ აქვს დაშვებული.

დე-ფაქტო ხელისუფლება და რუსეთის ძალები აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ზღუდავდნენ ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადგილობრივი მოსახლეობის გადასვლას სამედიცინო დახმარების, საპენსიო მომსახურების, რელიგიური მსახურებისა და განათლების საჭიროებებისთვის. დე-ფაქტო ხელისუფლება წლის განმავლობაში განაგრძობდა ადმინისტრაციულ საზღვარზე ღობისა და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების აგებას საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიასა და სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მისული სოფლის მაცხოვრებლები რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ დაკავების რისკის ქვეშ ექცეოდნენ. შეზღუდვები უფრო გამკაცრდა რუსული „ბორდერიზაციის“ გააქტიურებით ორივე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა გადაადგილების თავისუფლება და შექმნა ფიზიკური დაბრკოლება, რომელიც აფერხებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებამდე, წყლის საცავებამდე და სასაფლაოებამდე მისვლას.

იძულებით გადაადგილებული პირები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოს თვისთვის ქვეყანაში 1992-93 და 2008 წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებული 271 525 პირი ცხოვრობდა ქვეყანაში. ივნისისათვის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) შეფასებით, 166 000 პირი იმყოფებოდა „იძულებით გადაადგილებული პირის მსგავს“ მერყევი უსაფრთხოების მდგომარეობაში და დაცვასა და ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებდა. ეს რიცხვი მოიცავს იმ პირებს, რომლებიც დაბრუნდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ან აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ადგილებში. ეს რიცხვი აგრეთვე მოიცავს 2008 წლის კონფლიქტისას იძულებით გადაადგილებულ იმ პირებსაც, რომლებიც შემდგომში ახალ ადგილებში დაასახლეს. მთავრობა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) და არასამთავრობო ორგანიზაციები იძულებით გადაადგილებულ პირთა ოდენობის დასადგენად განსხვავებულ მეთოდებს იყენებდნენ.

2008 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობამ, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის ოფიციალური სტატუსი მიიღო, თუმცა ზოგიერთი, ვისაც 2008 წლის კონფლიქტის შედეგად გადაადგილება არ დაუდგინდა, მაგრამ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ახლოს ცხოვრობს, ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, „იძულებით გადაადგილებული პირის მსგავს პირობებში“ ცხოვრობს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ყოველთვიური დახმარების გაცემას განაგრძობდა, მათ სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას ხელს უწყობდა და უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პირობებს ქმნიდა.

მთავრობამ ქვეყანაში 55 732 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლის მოძიება პრიორიტეტად დაასახელა. 2014-15 წლებში მთავრობამ 1 506 ოჯახი ქალაქში, ხოლო 874 ოჯახი სოფელში საცხოვრებლით უზრუნველყო. გრძელვადიანი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა პრიორიტეტულ საჭიროებად რჩებოდა. მთავრობის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაახლოებით 64%-ს არ ჰქონდა საცხოვრებელი, რომელიც ჩაითვლება საცხოვრებლად ვარგისად. ბევრი ცხოვრობდა ნგრევის პირას მისულ საერთო დანიშნულების შენობებში, სადაც არ იყო უზრუნველყოფილი ძირითადი საჭიროებები, როგორიცაა სასმელი წყალი, შესაბამისი სანიტარული პირობები და საკანალიზაციო სისტემა. ბევრი იძულებით გადაადგილებული ოჯახი – პირველ რიგში ისინი, ვინც გადაადგილდა 1990-იანი წლების კონფლიქტისას – კვლავ სტანდარტის შეუსაბამო ან უბადრუკ შენობებში ცხოვრობდა, [თანაც]ისეთ ადგილებში, სადაც სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება და ეკონომიკური შესაძლებლობებით სარგებლობა გაძნელებულია.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება კვლავ ხელს უშლის 1992-93 წლების ომის შედეგად გადაადგილებული დაახლოებით 274 000 პირის რეპატრიაციას, მიუხედავად მისი 1994 წელს საქართველოსთან, რუსეთთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან დადებული შეთანხმებისა, რომელიც ითხოვს იმ იძულებით გადაადგილებული პირთა უსაფრთხო, დაცულ და ნებაყოფლობით დაბრუნებას, რომლებმაც მშობლიური სახლები ომის დროს დატოვეს. 274 000 იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 45 000 სეზონურ სამუშაოებზე მუშაობდა და აფხაზეთის ქვემო ნაწილში, გალისა და ოჩამჩირის რაიონებში ბრუნდებოდა, მაგრამ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება იძულებით გადაადგილებულ პირებს აფხაზეთის სხვა რაიონებში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა. დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქვეყნის სხვა რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს უარი უთხრა აფხაზეთში სახლების დაბრუნებაზე 2008 წლის „კანონის“ საფუძველზე, რომელიც 1992-93 წლებში ყველა „მიტოვებული საკუთრების“ ჩამორთმევას ეხება.

ლტოლვილთა დაცვა

თავშესაფარზე ხელმისაწვდომობა: კანონმდებლობა თავშესაფრის მიცემას, ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. მთავრობამ ლტოლვილთა დაცვის უზრუნველსაყოფად სისტემა შექმნა.

დასაქმება: ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლებს არ შეეძლოთ დასაქმება საჯარო სამსახურში, მაგრამ სხვა მხრივ კანონიერი დასაქმება მათთვის ხელმისაწვდომი იყო. სამუშაოს მაძიებელი დევნილები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადიოდნენ რეგისტრაციას.

ძირითადი მომსახურების ხელმისაწვდომობა: მთავრობამ საერთაშორისოდ აღიარებულ ლტოლვილებს თითქმის არანაირი საინტეგრაციო დახმარება არ აღმოუჩინა. ლტოლვილების უმეტესობა საერთაშორისო სააგენტოებიდან გაწეულ შეზღუდულ მხარდაჭერას ეყრდნობოდა. ქვეყნის ლტოლვილთა მიმღები ცენტრი თავშესაფრის მაძიებელთათვის სათანადო მომსახურებით არის აღჭურვილი. მისი ტევადობა 60-დან 150 პირამდე გაიზარდა.

კანონი ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ქვეყანაში ცხოვრების დროებითი ნებართვა თავშესაფრის პროცედურების მთელი პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე საბუთები საბანკო ანგარიშის გასახსნელად და ბიზნესის, ან საკუთრების დასარეგისტრირებელად. მთავრობის მიერ ქართული ენის გაკვეთილებით უზრუნველყოფის მიუხედავად, ძირითადად ენობრივი ბარიერის გამო, განათლების ხელმისაწვდომობა პრობლემად რჩებოდა.

გრძელვადიანი გადაწყვეტა: მთავრობამ 471 ჩეჩენი ლტოლვილის ნატურალიზაცია მოახდინა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ცნობით, დაახლოებით 200 ჩეჩენი ლტოლვილი ნატურალიზაციის გარეშე რჩებოდა, მათ შორის ისინიც, ვისაც უარი უთხრეს ენისა და ქვეყნის ისტორიაში სავალდებულო გამოცდაში ჩაჭრის გამო. სხვებს, გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე უთხრეს უარი.

დროებითი დაცვა: მთავრობამ დროებითი დაცვით უზრუნველყო ის პირები, ვინც ლტოლვილის სტატუსს ვერ აკმაყოფილებს. აგვისტოს თვისთვის, 162 პირი სარგებლობდა ჰუმანიტარული სტატუსით.

მოქალაქეობის არმქონე პირები

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) სტატისტიკის თანახმად, ნოემბრის თვისთვის, UNHCR-ის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსით ქვეყანაში 602 პირი იმყოფებოდა. კანონი ითვალისწინებს, რომ ზრდასრული პირი, შეიძლება, გახდეს მოქალაქე, თუ ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა ქვეყნის ტერიტორიაზე, ფლობს სახელმწიფო ენას, იცის მისი ისტორია და კანონები, დასაქმებულია, ან ფლობს უძრავ ქონებას ქვეყნის ტერიტორიაზე, აწარმოებს ბიზნესს, ან ფლობს ქართული კომპანიის, ან საწარმოს წილს. ზოგ შემთხვევებში პრეზიდენტს შეუძლია, მოქალაქეობა მიანიჭოს  ისეთ პირს, რომელიც ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

კანონი სათანადოდ არ განსაზღვრავს, ვინ არის მოქალაქეობის არმქონე პირი; არ ადგენს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეჩერებული განაცხადის განახლებას და არ განსაზღვრავს მოქალაქეობის არმქონე პირ(ებ)ის შვილების უფლებებს.

ნაწილი 3. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თავისუფლება

კონსტიტუცია და კანონმდებლობა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, პერიოდულად გამართულ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო და თანასწორი მონაწილეობის საფუძველზე მთავრობა აირჩიონ.

იანვარში პრეზიდენტის ხელმოწერით კანონის ძალა მიეცა პარლამენტის მიერ 2015 წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილ შესწორებებს, რომლითაც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები შეიცვალა. შესწორებების მიღებამდე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა შორის დიდ რიცხობრივ სხვაობას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და საკონსტიტუციო სასამართლო საარჩევნო თანასწორობის დარღვევად აფასებდნენ. მარტში ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო შესწორებები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო საარჩევნო თანასწორობის მიღწევის გზაზე, მაგრამ გააკრიტიკეს საარჩევნო ოლქების ფორმირების მკაფიო მეთოდიკის არარსებობა. მათ აგრეთვე შეშფოთებით აღნიშნეს, რომ კანონპროექტზე მუშაობას აკლდა გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და ფართო ჩართულობა. ივნისში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საჩივრით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები მმართველი პარტიის სასარგებლოდ (ჯერიმენდერინგით) იყო დადგენილი. ივლისში სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მტკიცებულება არ ადასტურებდა საარჩევნო გეოგრაფიით მანიპულირებას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ, მიუხედავად ივნისში მიღებული ტექნიკური შესწორებებისა, სხვადასხვა ერთმანდატიანი ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაში კვლავ დიდი სხვაობა რჩებოდა.

არჩევნები და პოლიტიკური მონაწილეობა

ბოლო არჩევნები: ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ორი ტური 8 და 30 ოქტომბერს ჩატარდა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ შუალედურ დასკვნაში არჩევნები დაახასიათა “კონკურენტულად და ისეთი ფორმით ადმინისტრირებულად, რომელიც პატივს სცემდა კანდიდატთა და ამომრჩეველთა უფლებებს”, მაგრამ აღნიშნა, რომ ღია საარჩევნო კამპანიის გარემოზე გავლენა მოახდინა “განცხადებებმა საარჩევნო კამპანიაში არამართლზომიერი მონაწილეობის შესახებ და ძალადობის ზოგიერთმა ინციდენტმა.” ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ 30 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შესახებ გაკეთებული განცხადებით, პირველ და მეორე ტურს შორის, საარჩევნო კომისიები და სასამართლოები ხშირად პატივს არ სცემდნენ გამჭვირვალობის პრინციპს და საჩივარზე ქმედითი რეაგირების უფლებას, რამაც შეასუსტა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) აღნიშნა, რომ რამდენიმე პარტიამ განაცხადა საარჩევნო პროცესის განმავლობაში კანდიდატებსა და კამპანიაში მონაწილე თანამშრომლებზე პოლიტიკური ზეწოლისა და დაშინების შესახებ და მიუთითა მრავალ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების შესახებ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ცნობით, არჩევნებზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ხმების დათვლა მათი დაკვირვების უბნების 31 %-ში იყო ცუდი ან ძალიან ცუდი; დაკვირვების უბნების ნახევარში ხმების დათვლაში არაუფლებამოსილი პირები მონაწილეობდნენ.

მართალია, არეულობას ფართო მასშტაბი არ მიუღია, მაგრამ ძალადობის ინციდენტების შესახებ ცნობები შემოდიოდა მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში. არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში, მოწოდებული ინფორმაციით, პროკურატურამ გამოიძია ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ცემის 38 ფაქტი. საარჩევნო დღეს, პირველ ტურში, მოხდა ძალადობის ოთხი ინციდენტი ხმის მიცემის დასრულებისკენ და ხმების დათვლისას მარნეულში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ზუგდიდის ორ და მარნეულის ერთ უბანში, ხმების დათვლის პროცესი ჩაიშალა, ან შეწყდა გარეშე აქტივისტების მიზეზით, რომლებიც არბევდნენ საარჩევნო უბნებს, აზიანებდნენ საარჩევნო ყუთებსა და კერძო საკუთრებას, თავს ესხმოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლებს. ახალი არჩევნების დანიშვნა საჭირო გახდა ზუგდიდის ორივე და მარნეულის ერთ უბანში, მაგრამ არა ქუთაისში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაკეთებულ განცხადებებში შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ პოლიციის იერიში მარნეულის საარჩევნო უბანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირების სახლებზე, მხარდამჭერების მეორე ტურში არმონაწილეობის მიზნით დაშინების მცდელობას წარმოადგენდა. მეორე ტურის დღეს გორში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის ჩხუბი ატყდა, რასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მომხრის მძიმე დაზიანება მოჰყვა. ამასთან, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ცნობით, ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, სავარაუდოდ, ფიზიკურად დაესხა თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელს მარნეულში.

საარჩევნო პერიოდში მომხდარი ძალადობის სხვა ინციდენტები მოიცავდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის პარლამენტარის ავტომობილის აფეთქებას თბილისში არჩევნების პირველ ტურამდე ოთხი დღით ადრე, თავდასხმას არჩევნების უცხოელ დამკვირვებლებზე, სროლას დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე და ორ თავდასხმას არჩევნების მეორე ტურამდე ორიოდე დღით ადრე (იხ. პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური მონაწილეობა).

საარჩევნო დამკვირვებლებმა, მათ შორის “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED), რომელიც პარალელურ ხმის დათვლას აწარმოებდა (მისი შედეგები ოფიციალურ შედეგებთან თანხვედრაში იყო), გამოთქვეს შეშფოთება საუბნო საარჩევნო კომისიების ზოგიერთი წევრის კვალიფიკაციის, ნეიტრალიტეტისა და კომპეტენციის გამო. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ოპოზიციურმა პარტიამ წუხილით აღნიშნეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის გაუმჭვირვალობა. NDI და არჩევნებზე სხვა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს მრავალი პროცედურული პრობლემა საუბნო საარჩევნო კომისიებში, რაც განსაკუთრებით დათვლასა და შემაჯამებელი ოქმების შევსებას ეხებოდა, აგრეთვე სხვა დარღვევები, მათ შორის განმეორებითი ხმის მიცემა, ამომრჩევლის მოსყიდვა, ბიულეტენებთან ერთად კონვერტში ჩადებული არჩევნებზე მოსაწვევი და განცხადებები საარჩევნო ბიულეტენების ყუთში ბიულეტენების ჩაყრის შესახებ. საიამ კითხვის ქვეშ დააყენა საარჩევნო დავების ოფიციალური განხილვის მიუკერძოებლობა და თანამიმდევრულობა და სასამართლოს ზოგიერთ გადაწყვეტილებას  “ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი” უწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ცნობით, მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ხდებოდა პოლიტიკურად მოტივირებულ დაშინების ფაქტები. ISFED-მა წინასაარჩევნო პერიოდში დაშინების 28 შემთხვევა აღრიცხა, ხოლო “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” პირველ და მეორე საარჩევნო ტურებს შორის 10 ასეთი შემთხვევა გამოავლინა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცნობით, სულ 50-ზე მეტი ასეთი შემთხვევა იყო.

მის საბოლოო ანგარიშში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ქმედითად ორგანიზებული და გამჭვირვალე უწოდა და მიიჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობამ ჯანსაღი საფუძველი შექმნა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.  ხარვეზებს შორის დასახელდა განცხადებები საარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური ზეწოლის შესახებ, მათ შორის ზეწოლა შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე ადგილობრივ თვითმმართველობებში; აგრეთვე საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი და არათანაბრად მისადაგებული დებულებები და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების არასაკმარისი მონიტორინგი.

პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური მონაწილეობა: 22 მაისს, ადგილობრივ საკრებულოში შუალედური არჩევნების დროს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წამყვან პოლიტიკოსსა და აქტივისტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან სცემეს. ადგილობრივმა მედიამ შეტაკების ნაწილი გადაიღო. არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო დამკვირვებლების ცნობით, ადგილზე მყოფ პოლიციელთა მცირე რაოდენობამ ვერ შეძლო ჩხუბის თავიდან აცილება და მოგვიანებით ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები გამოიძახეს. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დაგმეს ძალადობა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა პოლიცია გააკრიტიკეს მოვალეობის შეუსრულებლობის გამო და გამოთქვეს შეშფოთება, რომ ხელისუფლების მიერ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული თავდამსხმელების გამოვლენისა და ბრალდების გაჭიანურება შერჩევითი სამართალის ხარისხს აღწევდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა თავდასხმის ორგანიზებაში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს დასდეს ბრალი. “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ “ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ” “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს პროვოკაცია მოუწყო. 1 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი წაუყენა ინციდენტში მონაწილე ექვს მამაკაცს. 7 დეკემბერს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაეცა.

ოქტომბრის არჩევნებზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო ჯგუფმა აღნიშნა, რომ კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის წარმოება თავისუფლად შეეძლოთ, თუმცა რამდენიმე პარტიამ ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მათ კანდიდატებსა და საარჩევნო კამპანიის თანამშრომლებზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ გააკეთა განცხადება. NDI-ს დაკვირვებამ აჩვენა, რომ, მართალია, საარჩევნო კამპანიის გარემო უფრო კონკურენტული იყო, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ახლად არჩეულ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების რაოდენობა სამამდე შემცირდა.

ქალებისა და უმცირესობების მონაწილეობა: პოლიტიკურ პროცესებში ქალებისა და უმცირესობების წევრების მონაწილეობას არცერთი კანონი არ ზღუდავს. ქალები და უმცირესობები [არჩევნებში]მონაწილეობდნენ.

პარლამენტის წევრებს შორის სამი ეთნიკური სომეხი და ოთხი ეთნიკური აზერბაიჯანელია, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში, უზენაეს სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოში უმცირესობის არცერთი წევრი არ არის. მაღალი რანგის ქალაქის მმართველებს შორის არიან ეთნიკური უმცირესობის ლიდერები. წამყვანი პოლიტიკური პარტიების ცენტრალურ მმართველ რგოლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არ იყვნენ, მაგრამ ისინი მონაწილეობდნენ პარტიულ საქმიანობაში რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე და წინასაარჩევნო კამპანიაში ეთნიკური უმცირესობის თემებში.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, გავრცელებული ინფორმაციით, ეთნიკურ ქართველებს [საქართველოს] მოქალაქეობაზე უარის თქმას აიძულებდა იმისთვის, რომ რეგიონის არჩევნებში ხმა მიეცათ, ან კენჭი ეყარათ. იმ ქართველებს, ვინც აფხაზური „პასპორტის“ მისაღებად განაცხადი გააკეთა, საბუთის დამზადება დაუგვიანეს, რის გამოც მათ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღეს. სხვებს „პასპორტები“ 2014 წელს გაუუქმდათ. ეთნიკურ ქართველებს სამხრეთ ოსეთში პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად აგრეთვე სთხოვდნენ სამხრეთი ოსეთის „პასპორტისა“ და „მოქალაქეობის“ მიღებას.

ნაწილი 4. კორუფცია და გამჭვირვალობის უკმარისობა მთავრობაში

კანონმდებლობა კორუფციისთვის მოხელეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეს კანონი ქვედა დონეებზე არსებული კორუფციის წინააღმდეგ შედეგიანად აღასრულა, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” საქართველოს ოფისმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობის ნაკლებობა ამცირებდა ზედა დონის კორუფციის საქმეების გამოძიების შესაძლებლობას. სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ საწარმოებსა და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანიზაციებში კორუფციის პრევენციის ქმედითი მექანიზმები არ არსებობდა.

ანტიკორუფციული კანონების აღსრულების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” 2015 წლის დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, სამინისტროების უმრავლესობაში ფუნქციონირებდა კორუფციული დარღვევების გამოვლენაზე, მათ განხილვასა და დასჯაზე პასუხისმგებელი შიდა სტრუქტურა. ანგარიშში აღინიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ეს სტრუქტურები ხშირად არაქმედითად ავლენდნენ დარღვევებს და სახელმწიფო დაწესებულებების უმრავლესობას არ ჰქონდა ჩამოყალიბებული თანამშრომლების მიერ კორუფციისა და დარღვევების გამოვლენის მკაფიო შიდა მექანიზმები.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, კვლავ რთული იყო ჩინოსნის კორუფციაში ჩართულობის დადგენა და გამოვლენა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ კორუმპირებული ჩინოსნის სარგებელი, შეიძლება, ყოფილიყო საარჩევნო ხმები, კონტრაქტები, ან ინსაიდერული ინფორმაცია და არა ნაღდი ფული. 2015 წლის ნოემბერში პარლამენტის მიერ საჯარო სამსახურის რეფორმების მიზნით მიღებული  კანონის ზოგიერთ ასპექტი “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” პოზიტიურად შეაფასა – მაგალითად, ქონებრივი დეკლარაციების შესამოწმებლად სტანდარტული სისტემის შემოღება. ზოგიერთმა არასამთვრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება, რომ რეფორმებმა ვერ მოაგვარა მთავრობის ვაკანტურ თანამდებობებზე თანამშრომლების “მოვალეობის შემსრულებლად” და “დროებით” დანიშვნის გახშირებული პრაქტიკა, რომელიც თანამშრომლების კონკურსით შერჩევის ნორმებს გვერდს უვლიდა.

2015 წლის იანვარში მთავრობამ ზედა დონეზე კორუფციის გამოძიებისა და პასუხისგებაში მისაცემად მთავარ პროკურატურაში სპეციალური დანაყოფი შექმნა. ამ დანაყოფმა მუშაობა მარტში დაიწყო. დეკემბრისთვის დანაყოფი 58 საქმეს იძიებდა, საიდანაც 12 საქმე წლის განმავლობაში იყო დაწყებული. თებერვალში მთავარმა პროკურორმა პროკურატურის მუშაკთა საქმიანობაზე საზედამხედველო “საკონსულტაციო საბჭო” შექმნა, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას დისციპლინური პასუხისმგებლობის განხილვა და გენერალური ინსპექციისთვის რეკომენდაციის წარდგენა წარმოადგენს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2016 წლის არჩევნებში პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობას აკვირდებოდა. სამსახურმა შეისწავლა 1 016  ფიზიკური პირისა და 84 იურიდიული პირის შემოწირულების კანონიერება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოსაკითხად დაიბარა 120 პირი და უკანონო ქველმოქმედებისთვის დააჯარიმა რვა პირი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო პერიოდში სულ 13 მილიონი დოლარის ოდენობის 2 464 შემოწირულობა მიიღეს. “ქართულმა ოცნებამ” საერთო შემოწირულობის 65 % მიიღო. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ცნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებდა მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და სამართლიან შემოწმებებს.

კორუფცია: იანვარში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” კორუფციის აღქმის ინდექსში ქვეყანას 52 ქულა მიანიჭა (შესაძლებელი 100 ქულიდან), რაც კორუფციის პრევენციის ახალი მექანიზმების შემოღების მიუხედავად, გასული წლის მონაცემისგან მხოლოდ მცირედით გასხვავდება. მარტის ანგარიშში, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) მთავრობის 2015-16 წლების ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულება შეაფასა. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დასკვნით, მთავრობამ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მრავალი რეფორმა გაატარა, მათ შორის საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურება, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები და სახელმწიფო შესყიდვები. “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” 2015 წლის ანგარიშში აღნიშნა, რომ შეზღუდული მანდატი და რესურსები საბჭოს ქმედით საქმიანობას აბრკოლებდა.

იანვრიდან ივნისამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კორუფციის 14 ფაქტი გამოავლინა და 19 საჯარო მოხელე დააკავა. იმავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი ფაქტების ჩათვლით) კორუფციის 37 შემთხვევა გამოვლინდა.

ქალაქ თბილისის ხელისუფლებას კვლავ აბრალებდნენ კორუფციაში ჩართულობას. ივლისში ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის დაჩქარების სანაცვლოდ უცხოელისთვის 22 000 დოლარის ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე დააკავეს.

ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნება: კანონი საჯარო მოხელეებს საგადასახადო შემოწმებისათვის საკუთარი და ოჯახის წევრების ფინანსური შემოსავლებისა და საკუთრების ყოველწლიური დეკლარაციების ჩაბარებას ავალდებულებს. საბუთები ინტერნეტით ქვეყნდება. წლის განმავლობაში დეკლარაციები გადამოწმების საგანი არ გამხდარა. ფინანსურ საბუთებს დეკლარაციების ბიურო იბარებს, ხოლო მთავარი პროკურატურა მთავრობაში კორუფციის შემთხვევებს იძიებს.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: კანონი სამთავრობო სხდომებისა და საბუთების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს, მაგრამ ზოგჯერ მთავრობა კერძო პირებსა, თუ ორგანიზაციებს მოთხოვნილ ინფორმაციას არ აწვდიდა. კანონი ზღუდავს მესამე პირების წვდომას ინფორმაციაზე საერთაშორისო სასამართლოებში განხილული საქმეების შესახებ, რომლებშიც მთავრობა მხარედ მონაწილეობს.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ცნობით, წლის განმავლობაში ორგანიზაციამ ინფორმაციის მისაღებად 7 430 მოთხოვნა წარადგინა 294 სახელმწიფო დაწესებულებაში. აქედან სრული პასუხი გასცეს 4 458 მოთხოვნას, 404 პასუხი არასრული იყო, 26 მოთხოვნაზე ორგანიზაციამ უარი მიიღო და 1 139 მოთხოვნა სრულად უგულვებელყოფილი დარჩა. 55-მა უწყებამ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 100%-ით უზრუნველყო. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ ყველაზე ნაკლებად გახსნილ ორგანიზაციად დაასახელა იუსტიციის სამინისტრო და მისი 12 დაქვემდებარებული უწყება – მათ ინსტიტუტის 346 მოთხოვნიდან არცერთს არ უპასუხეს.

ნაწილი 5. მთავრობის დამოკიდებულება ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევებზე საერთაშორისო და არასამთავრობო გამოძიებების მიმართ

ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფები უმეტესად მთავრობის მხრიდან შეზღუდვების გარეშე საქმიანობდნენ. ისინი იძიებდნენ და აქვეყნებდნენ თავიანთი მუშაობის შედეგებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა. მოხელეები მათთან თანამშრომლობდნენ და გულისხმიერებას იჩენდნენ, თუმცა სხვა ორგანიზაციებმა აღნიშნეს მძლავრი კრიტიკა და სიტყვიერი შეტევები მთავრობისა და სხვა წყაროების, მათ შორის მართლმსაჯულების, პოლიტიკური ოპოზიციისა და ოპოზიციასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადებები და გამოხატა შეშფოთება, რომ არასამთავრობო სექტორის შესახებ მოქმედი და ყოფილი მაღალი რანგის მოხელეთა კომენტარებს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი განწყობაზე, შესაძლოა, უარყოფითად ემოქმედა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებამ საპარლამენტო არჩევნების წინ ღია პოლიტიკური დიალოგის სივრცის შევიწროებასთან დაკავშირებით, აგრეთვე მოსამართლეების გაუმჭვირვალე და დაუმსახურებელი შერჩევისა და დანიშვნის შესახებ ორგანიზაციების კრიტიკულმა შეფასებებმა, ხელისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დაძაბულობა წარმოშვა.

აპრილში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა არასამთავრობო ორგანიზაციები საჯაროდ გააკრიტიკა და პრეზიდენტთან ერთად მართლმსაჯულების წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდო ბრალი. ბრალდება მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის პროცესის გაუმჭვირვალობის შესახებ მათ განცხადებას მოჰყვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს კრიტიკის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიმუქრა, რომ გამოაქვეყნებდა ინფორმაციას, თუ “ვინ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს” და “სინამდვილეში” ვინ უჭერს მხარს მათ საქმიანობას.

სექტემბერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო სექტორს საჯაროდ უწოდა “ჭუჭყიანი და დაბინძურებული” მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობას უსაყვედურეს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მთავრობის ყოფილი წევრების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება.

გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები: სამხრეთ ოსეთში შესვლის შეზღუდვის გამო რეგიონში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე ინფორმაცია მცირე იყო. თუმცა ვრცელდებოდა ცნობები ადამიანთა შევიწროების შესახებ. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ წარგზავნილმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარა. აღნიშნული შეფასების გამოკლებით (ექსპერტი აფხაზეთს წლის განმავლობაში დაახლოებით ხუთჯერ ესტუმრა), აფხაზეთში შესვლაც შეზღუდული იყო.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურები: არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის ოფისს, რომელსაც ადამიანის უფლებების მონიტორინგი და არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციის გამოძიება აკისრია, სამთავრობო სტრუქტურებში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ყველაზე ობიექტურ ორგანოდ აღიქვამდნენ. სახალხო დამცველის რწმუნებულება არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის დევნის, ან სხვა სამართლებრივი ქმედების დაწყების უფლებას, მაგრამ მას შეუძლია, ქმედებას რეკომენდაცია გაუწიოს, რაზეც მთავრობამ რეაგირება უნდა მოახდინოს. ოფისი ძირითადად მთავრობის ჩარევისგან თავისუფალ გარემოში მუშაობდა, მაგრამ სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მთავრობა ხშირად ნაწილობრივ, ან საერთოდ არ რეაგირებდა მის შეკითხვებსა და რეკომენდაციებზე, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ვალდებულია, ინფორმაციის მოთხოვნაზე 20 დღის ვადაში უპასუხოს. ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ასევე ფლობენ მანდატს, გამოიძიონ განცხადებები ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.

სახალხო დამცველს უფლება აქვს, სამართალდამცავ სტრუქტურებს ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ საქმეებზე არასავალდებულო ხასიათის რეკომენდაციები მისცეს. სექტემბრის თვისთვის, სახალხო დამცველმა განიხილა 104 საჩივარი დისკრიმინაციაზე, საიდანაც შვიდი შემთხვევა დაუშვებლად ჩაითვალა, ხოლო 42 შემთხვევაში დისკრიმინაცია არ გამოვლინდა.

სახალხო დამცველმა უნდა წარადგინოს ადამიანის უფლებების მგომარეობაზე კალენდარული წლის ანგარიში, მაგრამ ასევე შეუძლია პერიოდული ანგარიშების წარდგენა. ოფისი ვერ გააკეთებს განცხადებას სავარაუდო წამებაზე, თუ მსხვერპლის მკაფიო თანხმობა არ მიიღო, ან ოფისის დამკვირვებელი არ გახდა წამების მოწმე. დე-ფაქტო ხელისუფლება სახალხო დამცველს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეღწევის შესაძლებლობას არ აძლევდა.

მთავარ პროკურორს კანონი ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ავალებს. მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებებზე მომუშავე დანაყოფი, მთლიანობაში, სამართლებრივ დევნასა და ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ზედამხედველობს. დანაყოფი განიხილავს პროკურატურის სისტემაში სტატისტიკურ და ანალიტიკურ საქმიანობას და მოვალეა, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ეროვნული და საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციებზე რეაგირება მოახდინოს.

ნაწილი 6. დისკრიმინაცია, სოციალური ძალადობა და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

ქალები

გაუპატიურება და ოჯახში ძალადობა: გაუპატიურება უკანონოა, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მეუღლის მიერ გაუპატიურების შემთხვევას ცალკე არ განიხილავს. ზოგადად, გაუპატიურებაზე სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ მსხვერპლის მიერ საჩივრის შეტანის შემდეგ, შეიძლება, დაიწყოს. დანაშაულის პირველად ჩამდენს თავისუფლების აღკვეთა შვიდ წლამდე ვადით შეიძლება მიესაჯოს, ხოლო განმეორებით ჩამდენს, ან რამდენიმე მსხვერპლის გაუპატიურებაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა, შეიძლება, 10 წლამდე ვადით მიესაჯოს. თუ მსხვერპლი ორსულადაა, ან დაორსულდა, გადაედო აივ/შიდსი ან დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი, სასჯელი შეიძლება 15 წლამდე გაიზარდოს. თუ რომელიმე ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მსხვერპლი არასრულწლოვანია, თავისუფლების აღკვეთის სასჯელი იზრდება 20 წლამდე. წლის განმავლობაში ხელისუფლებამ გაუპატიურების 54 საქმეზე დაიწყო გამოძიება. ეს რიცხვი 2015 წლის მსგავსია.

ოჯახში და სხვა სახის ძალადობა ქალების წინააღმდეგ მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის შედეგად 16 ქალი დაიღუპა. სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, იანვრიდან ივლისამდე დაწყებულია 20 საქმის გამოძიება ქალების მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. აქედან ათი საქმე ოჯახში ძალადობას, ან გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულს ეხებოდა.

ოჯახში ძალადობის შემთხვევა, რომელსაც არ მოჰყვა დაზიანება, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 80-დან 150 საათამდე, ან თავისუფლების შეზღუდვით ერთ წლამდე. განმეორებით ძალადობრივი ქმედება ოჯახში, ან ჩადენილი ორსული ქალის, არასრულწლოვნის, შშმ პირის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ან ორი ან მეტი პირის მიმართ, შეიძლება, დაისაჯოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 200 საათამდე და ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან თავისუფლების აღკვეთით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის დანაშაულზე წლის განმავლობაში 1 727 საქმის გამოძიება დაიწყო. 2015 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ამგვარი გამოძიებათა რიცხვი 1 151 იყო. უზენაესი სასამართლოს ცნობით, 2016 წელს ოჯახში ძალადობის 981 შემთხვევაზე დადგა განაჩენი. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის გამო 2016 წელს 1 380 ადამიანს წაეყენა ბრალი.  მიუხედავად მზარდი საზოგადოებრივი ცნობიერებისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ შემოსული ცნობები ოჯახში ძალადობის შესახებ არ ასახავს რეალურ ვითარებას. სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, ცნობიერების ამაღლების არაერთი კამპანიის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაცვის მექანიზმებისა და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციის მიუხედავად, ბევრი პირი კვლავ უარს ამბობს ოჯახური ძალადობის შემთხვევებში “უცხოების” ჩარევაზე და ცდილობს, დახურულ სოციალურ წრეში, მაგალითად, ოჯახში იპოვოს გამოსავალი.  სახალხო დამცველის ოფისი მსხვერპლის მიერ ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობას მიაწერდა მსხვერპლის ვარაუდს, რომ დახმარებას მაინც ვერ მიიღებს, აგრეთვე მიაწერდა მსხვერპლის პოლიციისადმი უნდობლობას.

ოჯახში ძალადობის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, ოჯახში ძალადობის ინციდენტების [გამოძიებაში] სოციალური მუშაკის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ სოციალური მუშაკი შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი არ არის. ივნისში ქალების წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სოციალურ მუშაკებს არ ეძლეოდათ საკმარისი რესურსები ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მხარდასაჭერად. სპეციალურმა მომხსენებელმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა მასწავლებლებისთვის, ექიმებისა და სოციალური მუშაკებისთვის ოჯახში ძალადობის პრევენციაზე სათანადო სწავლების საჭიროება.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა დროებით დამცავ ზომებს აწესებს. აღნიშნულ ზომებს შორისაა თავშესაფარი და შემაკავებელი ორდერი, რომელიც მოძალადეს მსხვერპლთან 100 მეტრში მიახლოებას უკრძალავს, აგრეთვე ექვსი თვით უკრძალავს ისეთი საერთო საკუთრებით სარგებლობას, როგორიცაა საცხოვრებელი, ან ავტომობილი. მსხვერპლს შეუძლია შემაკავებელი ორდერის ვადის გაგრძელებაზე შეუზღუდავი რაოდენობის მოთხოვნა წარადგინოს. შემაკავებელი ორდერის პირველი დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით, მაგრამ მეორე დარღვევა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ცნობით, რიგ შემთხვევებში პოლიცია შემაკავებელი ორდერის პირობებს არ ასრულებდა.

წლის განმავლობაში ხელისუფლებამ 92 სამართალდამცველს ოჯახში ძალადობის თემებსა და ასეთი საქმეების გამოძიებაზე სწავლება ჩაუტარა.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მთავრობა ერთობლივად უძღვებოდნენ 24 საათიანი ცხელი ხაზის მუშაობას, აგრეთვე თავშესაფრებს ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი არასრულწლოვანი შვილებისათვის, თუმცა თავშესაფრებში ადგილები შეზღუდული იყო და ქვეყნის ათი რეგიონიდან თავშესაფარი მხოლოდ ოთხში ფუნქციონირებდა. ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზი აგრძელებდა მუშაობას, მაგრამ მისი ოპერატორები უმცირესობების ენების უმრავლესობას არ ფლობდნენ. ყველა თავშესაფარი იცავდა ერთსა და იმავე სტანდარტულ წესებს და უზრუნველყოფდა ერთსა და იმავე მომსახურებას. თავშესაფრებში მოქმედებდა კრიზის-ცენტრები, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლს ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და იურიდიულ დახმარებას სთავაზობდნენ. თავშესაფრები უზრუნველყოფდნენ მაღალი ხარისხის პირველად და უსაფრთხო მომსახურებას, თუმცა სათანადოდ ვერ ახერხებდნენ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და გრძელვადიანი საცხოვრებლის მოძიებაში დახმარებას.

2015 წელს სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა” თავშესაფრებში მდგომარეობა რამდენიმე მიმართულებით გააუმჯობესა, მათ შორის გადაიხედა და გაიზარდა საკვები პროდუქტების სია და თითოეულ თავშესაფარს დაემატა ექთანი. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, თავშესაფრები ვერ ახერხებდნენ იმ მსხვერპლთა საკმარისი კომპენსაციით უზრუნველყოფას, ვისი სოციალური შემწეობა შეჩერდა; აგრეთვე თავშესაფრები არ ფლობდნენ რესურსებს იმ მსხვერპლთა დასახმარებლად, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებლები არიან.

ქალთა გენიტალიების დასახიჩრება/წინადაცვეთა (FGM/C): ქალთა გენიტალიების დასახიჩრება/წინადაცვეთა არ არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა და ზოგადად კანონით იკრძალება. ნოემბერში სახალხო დამცველის ოფისმა გააკეთა განცხადება და ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე სამ სოფელში 18 წლამდე გოგონებზე ქალთა გენიტალიების დასახიჩრების/ წინადაცვეთის შემთხვევები დაადასტურა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეს პრაქტიკა სახლის პირობებში ტარდებოდა და ადგილობრივი მოსახლეობა ქალთა გენიტალიების დასახიჩრების/ წინადაცვეთის რისკისა და ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმირებული არ იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მტკიცებულება მოპოვებული ვერ იქნა. ხელისუფლებამ ამ პრობლემაზე რეაგირების სამუშაო ჯგუფი შექმნა.

სხვა მავნე ტრადიციული პრაქტიკა: ქორწინების მიზნით ქალების გატაცების შემთხვევები ხდებოდა მოშორებულ ადგილებსა და ეთნიკური უმცირესობების თემებში, მაგრამ ძალიან იშვიათად. პოლიცია ასეთ შემთხვევებში ზომებს იშვიათად იღებდა, რადგან როგორც წესი, რთულია გარჩევა, ეს მოტაცებაა, თუ წინასწარი შეთანხმებით წყვილის „გაპარვა“.

სექსუალური შევიწროება: სამუშაო ადგილზე ქალების სექსუალური შევიწროება პრობლემა იყო. კანონი უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობას შრომით ურთიერთობებში და ზოგადად განმარტავს შევიწროების ცნებას, თუმცა ამგვარი შევიწროებისთვის კანონიერ სასჯელს არ ითვალისწინებს.

რეპროდუქციული უფლებები: წყვილებსა და პირებს აქვთ კანონიერი უფლება, თავისუფლად განსაზღვრონ თავიანთი ბავშვების რაოდენობა, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა და გაჩენის დრო, მართონ საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ამისათვის ფლობდნენ ინფორმაციასა და საშუალებებს დისკრიმინაციის, ძალდატანებისა და ძალადობის გარეშე.

დისკრიმინაცია: კანონი უზრუნველყოფს ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორ სამართლებრივ სტატუსსა და უფლებებს, მაგრამ ამ კანონს ყოველთვის არ იცავდნენ. გაკეთდა განცხადებები ქალთა მიმართ სამუშაო გარემოში დისკრიმინაციის შესახებ. კანონი ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის ეროვნული საბჭოს შექმნას, ქალთა უსაფრთხოების გაუმჯობესებას და პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ზრდას. კანონი ასევე ავალებს მთავრობას გენდერული ასპექტების გათვალისწინებას დაგეგმვისას და ბიუჯეტის შედგენისას. სახალხო დამცველის ოფისი მონიტორინგს უწევდა გენდერული თანასწორობის საქმეებს.

სამ სამინისტროს გენდერული თანასწორობის საკითხებზე სრულ შტატზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავს, ხოლო სხვა სამინისტროებში გენდერული თანასწორობის საკითხები თანამშრომლებს არსებულ მოვალეობებზე დამატებითი მოვალეობის სახით დაეკისრათ. ადგილობრივ მმართველობებში წამყვან პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობა კვლავ შეზღუდული რჩება, თუმცა ადგილობრივ საკრებულოებში, აღმასრულებელ ორგანოებსა და მერიებში ქალები თანამშრომლების უმრავლესობას შეადგენენ.

სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ოქტომბრის თვისთვის, ოფისმა სამუშაო გარემოში ქალთა დისკრიმინაციაზე ათამდე საჩივარი მიიღო. საჩივრები ეხებოდა როგორც სამუშაოზე აყვანის პროცესს, ასევე ვაკანსიების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებებში შერჩევის კრიტერიუმების შინაარსს. სახალხო დამცველის ოფისმა ამ საჩივრების საფუძველზე სამი რეკომენდაცია შეიმუშავა, მათ შორის, ორი შემთხვევა ორსულობას, ხოლო ერთი გენდერულ საკითხებს ეხებოდა.

სქესის შერჩევა გენდერული ნიშნით: გენდერული პროპორციის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უკანასკნელი მონაცემებით, 2015 წელს ქვეყანაში ყოველ 100 დაბადებულ გოგოზე 109 ბიჭი მოდიოდა. გენდერული პროპორციის გადახრა განსაკუთრებით მკვეთრი ხდებოდა მეორე ან მესამე ბავშვის დაბადების შემთხვევაში, მაგრამ არც საზოგადოებას და არც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სქესის შერჩევა გენდერული ნიშნით სერიოზულ პრობლემად არ მიაჩნდათ. ცნობილი არ არის, ამ დისბალანსზე მთავრობამ რაიმე ფორმით მოახდინა თუ არა რეაგირება.

ბავშვები

დაბადების რეგისტრაცია: კანონით, მოქალაქეობის მინიჭება მშობლების მოქალაქეობის, ან ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადების შედეგად ხდება. ეს ეხება მოქალაქეობის არმქონე პირთა ბავშვებსაც. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ბავშვების 99 პროცენტის დაბადების რეგისტრაცია ხუთი წლის ასაკის მიღწევამდე ხდებოდა.

2015 წელს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში საბუთებთან დაკავშირებით მზარდი ნაპრალია და მიუთითა, რომ გალის რაიონში მცხოვრები პირიდან უფრო ნაკლები ფლობს მოქმედ საბუთს ვადის გასვლის, ან დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ საბუთების არგაცემის მიზეზით. ორგანიზაციის ცნობით, 2013 წლის შემდეგ დაბრუნებულ ოჯახებში 400-ზე მეტმა ბავშვმა დაბადების მოწმობა ვერ მიიღო, რადგან მათი მშობლები რეგისტრაციისთვის აუცილებელ მოქმედ საბუთებს არ ფლობდნენ. ივნისში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 29 სოფელს ესტუმრნენ და დაბადების მოწმობის გარეშე მყოფი ოთხი ბავშვი გამოავლინეს.

განათლება: არამოქალაქე მშობლების შვილები ხშირად სკოლაში რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთებს არ ფლობდნენ, რაც ზოგ შემთხვევაში რეგისტრაციის დაბრკოლება ხდებოდა. ხელმოკლე და მარგინალიზებულ ჯგუფებს მიკუთვნებული ბავშვების – მაგალითად, ქუჩის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მზრუნველობამოკლებული ბავშვების – სასკოლო გაკვეთილებზე დასწრება დაბალია,   სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობა, გულგრილობა და სხვა ფორმის არასათანადო მოპყრობა კვლავ მწვავედ დგას.

ივნისში პარლამენტმა მიიღო კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, რომლის მიზანია ყველა ბავშვის ინკლუზიური მოპყრობისათვის ცენტრალური ხელისუფლებისაგან მუნიციპალიტეტების გაზრდილი მხარდაჭერის მეშვეობით მტკიცე სამართლებრივი საფუძვლებისა და ეროვნული სტანდარტების შექმნა.

ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობა: ვრცელდებოდა ცნობები ბავშვებისადმი, განსაკუთრებით, ქუჩის ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ, თუმცა ასეთ მოპყრობას სოციალურად გავრცელებული ფორმა არ ჰქონია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოს თვის მდგომარეობით, ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო გაუპატიურების სამ, 16 წლამდე ასაკის ბავშვთან სქესობრივი კავშირის დამყარების 144, ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის ორ და ბავშვების მონაწილეობით პორნოგრაფიული პროდუქციის წარმოების, ან გავრცელების სამ საქმეზე. სამინისტრომ, აგვისტოს თვის მდგომარეობით, გამოიძია ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის 173 სავარაუდო შემთხვევა. სახალხო დამცველის ოფისის ბავშვის უფლებების ცენტრის ცნობით, ქვეყანაში ბავშვთა მიმართ სხვადასხვა ფორმის ძალადობის მაღალი მაჩვენებელია. ხელისუფლებისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ძალადობის ფაქტის დადგენის სირთულე, სოციალურ სამსახურებში მომუშავე პროფესიონალი ფსიქოლოგების ნაკლებობა და შესაბამის ინსტიტუტებს შორის არასაკმარისი თანამშრომლობა.

ხელისუფლება ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს გადასცემდა შესაბამის სათემო და სამთავრობო სამსახურებს სხვა ჩართულ მხარეებთან შეთანხმებით, მათ შორის პოლიცია, სკოლა და სოციალური მომსახურების სააგენტოები.

ადრეული ან ძალდატანებითი ქორწინება: ქორწინების მინიმალური კანონიერი ასაკი როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის 18 წელია. 18 წლამდე ასაკის პირის დაძალებით ქორწინებაში შეყვანა ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით. სექტემბრისთვის, სახალხო დამცველის ოფისის მონაცემებით, ოფისი ადრეული ქორწინების 11 სავარაუდო შემთხვევას განიხილავდა, ხოლო მთავარი პროკურატურა სავარაუდო ძალდატანებითი ქორწინების ორ საქმეს იძიებდა. 2015 წლის დეკემბერში მთავრობამ გააუქმა გამონაკლისი, რომელიც მშობლებს ან მეურვეებს 16 წლის ასაკის პირის დაქორწინებაზე ნებართვის გაცემის უფლებას ანიჭებდა. წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები არასრულწლოვანი პირების ქორწინების შესახებ, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობდა. არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევები უფრო ხშირად გარკვეულ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებში იყო გავრცელებული.

ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია: ბავშვების კომერციული სექსუალური ექსპლუატაცია და ბავშვთა პორნოგრაფია ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე ვადით. ქუჩის ბავშვები და საბავშვო სახლებში მცხოვრები ბავშვები, მიღებული ცნობებით, განსაკუთრებით დაუცველები იყვნენ ექსპლუატაციის წინაშე.

მინიმალური ასაკი შეთანხმებული სექსუალური ურთიერთობისთვის არის 16 წელი. კანონი არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირს გაუპატიურების კვალიფიკაციას აძლევს, იმ პირობით, თუ ჩამდენ პირს გაცნობიერებული ჰქონდა მსხვერპლის ასაკი. სასჯელად ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლამდე ვადით. მთავრობა კანონს ძირითადად აღასრულებდა. სხვა სახის სექსუალური დანაშაულის შემთხვევაში სასჯელი მკაცრდება, თუ მსხვერპლი არასრულწლოვანია.

გადაადგილებული ბავშვები: რთული ეკონომიკური პირობები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქუჩის ბავშვების პრობლემაში, თუმცა არ იყო ცხადი გეოგრაფიულად რამდენი მათგანია გადაადგილებული. სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ინფორმაცია ქუჩის ბავშვებზე მცირეა და მათთვის არასათანადო რესურსები გამოიყოფა.

ივლისში ახალი საკანონმდებლო ნორმები შევიდა ძალაში, რამაც ქუჩაში მათხოვრობის საკითხი შედარებით უნდა მოაგვაროს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მობილურმა ჯგუფებმა ქუჩაში მომუშავე ან მცხოვრებ 700 ბავშვთან დაამყარეს კონტაქტი. სექტემბრის თვისთვის, 400-ზე მეტ ასეთ ბავშვს მიზნობრივი მომსახურება გაეწია, მათ შორის 40 საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა, 42 სოციალური სამსახურების ზრუნვის ქვეშ გადავიდა, 90-მა პირადობის დამადასტურებელი საბუთი მიიღო და 42 სოციალური პროგრამების მონაწილე გახდა.

აპრილში ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, დაიცვას ბავშვები სასტიკი მოპყრობისგან, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ. სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა გრძელვადიანი დახმარების არარსებობა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც 18 წლის ასაკის შესრულების გამო სახელმწიფო თავშესაფარს ტოვებენ და მთავრობა გააკრიტიკა იმ მეთოდების გამო, რომელსაც ის იყენებს უსახლკარო ბავშვების სტატუსის განსაზღვრისას და სოციალურ სამსახურებში, მათ შორის დროებით თავშესაფრებში, მოთავსებისას.

მთავრობას არ დაუსრულებია დიდი ზომის ბავშვთა სახლების ოჯახური ტიპის მეურვეობით ჩანაცვლება. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, წლის განმავლობაში 320 ბავშვი იმყოფებოდა 47 მცირე ჯგუფის სახლში, ხოლო 1 354 ბავშვი განაწილებული იყო სხვადასხვა ფორმის მზრუნველობის სახლში. მთავრობა უმაღლესი განათლების გრანტებს გასცემდა ბავშვთა სახლებსა და ოჯახური ტიპის მეურვეობაში მყოფი ბავშვებისთვის, რომელშიც შედიოდა სწავლის სრული საფასური და სტიპენდია. გარდა ამისა, მეურვე ოჯახებს მთავრობა გადაუდებელი დახმარებით უზრუნველყოფდა.

ბავშვების საერთაშორისო გატაცებები: ქვეყანა “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის ჰააგის კონვენციის ერთ-ერთი მხარეა. იხ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ბავშვთა საერთაშორისო გატაცების წლიური ანგარიში მისამართზე travel.state.gov/content/childabduction/en/legal/compliance.html.

ანტისემიტიზმი

დამკვირვებელთა შეფასებით, ებრაელთა თემი 6 000 ადამიანს არ აღემატება. არ ყოფილა დადასტურებული ცნობები ანტისემიტური ქმედებების შესახებ.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

იხ. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ მისამართზე www.state.gov/j/tip/rls/tiprpt/.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

მართალია, კონსტიტუცია და კანონმდებლობა კრძალავს ფიზიკურად, სენსორული აღქმის, ინტელექტუალურად ან ფსიქიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დისკრიმინაციას სამსახურის, განათლების, საჰაერო და სხვა ტრანსპორტით მგზავრობის, ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის ან სხვა სახის სამთავრობო ან კერძო სექტორის მომსახურების მიღების თვალსაზრისით, მთავრობა ქმედითად ვერ აღასრულებდა ამ დებულებებს. სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი წევრის სტატუსით მონაწილეობის სურვილი ხელშემშლელ ბარიერებს აწყდებოდა. ბევრი ოჯახი, რომელსაც სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჰყავდა, თავს დაღდასმულად მიიჩნევდა და ბავშვს საზოგადოებრივ ცხოვრებას არიდებდა. დასაქმების დროს დისკრიმინაცია აგრეთვე პრობლემას წარმოადგენდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობებში შეღწევის შესაძლებლობას კანონი განსაზღვრავს და მისი გაუთვალისწინებლობა ჯარიმით ისჯება.  საზოგადოებრივი შენობების მხოლოდ მცირე რაოდენობაა აღჭურვილი ადაპტირებული შესასვლელით, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და სახალხო დამცველის ოფისის შენობები შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. საჯარო და კერძო სატრანსპორტო საშუალებები ძირითადად არ იყო მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სარგებლობისთვის, მაგრამ თბილისის მერიამ შემოიყვანა შშმ პირებისთვის ადაპტირებული შესასვლელით აღჭურვილი ახალი ავტობუსები. ამ მხრივ ტროტუარებისა და გადასასვლელების მდგომარეობაც სავალალო იყო.

სახალხო დამცველის ცნობით, სკოლამდელი დაწესებულების ინფრასტრუქტურა არ აკმაყოფილებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებებს. სახალხო დამცველის ოფისის მიერ შემოწმებული 165 სკოლამდელი დაწესებულებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის.

იანვარში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური მომსახურების სააგენტომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ხელი მოაწერეს მემორანდუმს ალტერნატიული, მცირე ზომის, ოჯახური ტიპის მომსახურების შექმნაზე, რომელიც მზრუნველობამოკლებულ, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სერვისებით უზრუნველყოფს. დეკემბრის თვისთვის, შშმ ბავშვებისთვის სკოლამდელი დაწესებულებების ადაპტირების მარეგულირებელი ერთიანი სტანდარტი არ არსებობდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით (UNICEF), მთავრობა აგვიანებდა მისი გეგმის შესრულებას, რომელიც ითვალისწინებს თბილისსა და კოჯორში სახელმწიფო მართვაში მყოფი შშმ ბავშვებზე გათვლილი ორი დიდი ზომის ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციას და მცირე ზომის, ოჯახური ტიპის ალტერნატიულ მომსახურებაზე გადასვლას, რასაც, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და UNICEF-ის აზრით, შედეგად მეტად ქმედითი, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის ზრუნვა მოჰყვება. თუმცა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ზოგიერთი შშმ ბავშვის დეინსტიტუციონალიზაცია მოხდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის ქვეშ მყოფ არარეგულირებად ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების რაოდენობა უცნობია.

სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამების მიუხედავად, ბევრი შშმ პირი, განსაკუთრებით, ვინც თბილისის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, არ ფლობდა ინფორმაციას არსებული სოციალური, სამედიცინო და სხვა პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ასეთი ადამიანების ყველა საჭიროებას არ ფარავდა, განსაკუთრებით მედიკამენტებით უზრუნველყოფის მხრივ. სახალხო დამცველის ოფისმა აღნიშნა, რომ ინკლუზიური განათლება ძირითად გამოწვევად რჩება. პროფესიული და ზოგადი განათლების დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების შემოღების მიუხედავად, სკოლამდელი და უმაღლესი განათლება არ იყო სისტემის ნაწილი.

სახალხო დამცველის ცნობით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფასო მომსახურებითა და მედიკამენტებით სარგებლობისას სირთულეებს აწყდებოდნენ. კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ იანვარში შევიდა ძალაში; კანონი მთავრობის დახმარების მიმღები პირისთვის დამატებით 20 პროცენტიან დანამატს ითვალისწინებს. სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2014-16 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში 22 მუნიციპალიტეტში შშმ პირთა პრობლემების გადასაჭრელად ადგილობრივი საბჭო შეიქმნა, მაგრამ, რამდენად ქმედითი იქნება საბჭოების მუშაობა, ჯერ უცნობია.

ეროვნული / რასობრივი / ეთნიკური უმცირესობები

სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 2015 წლის ანგარიშში სახალხო დამცველის ოფისმა აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი დაცვა კვლავ პრობლემად რჩებოდა. უმცირესობების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, მსხვერპლი იშვიათად არეგისტრირებდა საჩივარს უფლებების არცოდნის მიზეზით, ასევე გამოითქვა კრიტიკა ხელისუფლების მიმართ უმცირესობების თემებში ცნობიერების მეტად არამაღლების გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რასობრივ, ეროვნულ ან ეთნიკურ ნიადაგზე წლის განმავლობაში არცერთი დანაშაული რეგისტრირებული არ არის. სამინისტროს 2015 წელსაც არ დაურეგისტრირებია ასეთი დანაშაული. ამის საპირისპიროდ, მარტში გამოქვეყნებულ 2015 წლის ივნისის შუა რიცხვებამდე ხუთწლიანი პერიოდის მომცველ ევროსაბჭოს „ევროპული კომიტეტის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ“ (ECRI) ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე ფიზიკური თავდასხმები “შემაშფოთებელი სიხშირით ხდება.”

არასამთავრობო ორგანიზაციებს წლის განმავლობაში არ შეუმჩნევიათ ეროვნული, რასობრივი ან ეთნიკური უმცირესობების მიმართ ძალადობის საგრძნობი ტენდენცია, თუმცა ბეჭდვითი მედიით და ტელევიზიით უმცირესობების ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის მრავალი შემთხვევა აღინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ ცნობით, მედიაში გაჟღერდა რამდენიმე ათეული ქსენოფობიური, ძირითადად „ისლამოფობიური“ ან „თურქოფობიური“ ხასიათის განცხადება. ევროსაბჭოს „ევროპული კომიტეტის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ“ მარტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ “სიძულვილის ენა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ საქართველოში კვლავ ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება და ამ ჯგუფებს კვლავ ხშირად აღიქვამენ ეროვნული უსაფრთხოების პრიზმაში.”

ქართული ენის ცუდი ცოდნა კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩებოდა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ინტეგრაციის გზაზე, თუმცა პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და კულტურული ფაქტორებიც ინტეგრაციისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. ეთნიკური სომხები, აზერბაიჯანელები, აფხაზები, ოსები და რუსები, როგორც წესი, ურთიერთობდნენ თავიანთ მშობლიურ, ან რუსულ ენაზე იმ ადგილებში, სადაც დომინანტურ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ. კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, გახდნენ საჯარო მოსამსახურეები იმ პირობით, თუ აქვთ „ოფიციალური ენის შესაფერისი ცოდნა.“ ზოგიერთი უმცირესობა თვლის, რომ ამ კანონმა ისინი მთავრობაში მონაწილეობისგან გამორიცხა.

მთავრობამ განაგრძო მისი „1+4“ პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების მიერ საუნივერსიტეტო სწავლების დაწყებამდე ერთი წლის განმავლობაში ქართული ენის შესწავლას ემსახურება. კვოტის სისტემის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს მთავრობამ უმაღლეს სასწავლებლებში ყველა საბაკალავრო ან აკადემიური სერტიფიკატის პროგრამებში ჩარიცხვის 12% გამოუყო. ეთნიკურმა სომხურმა და აზერბაიჯანულმა თემებმა ადგილების 5% მიიღეს სათითაოდ, ხოლო ოსურმა და აფხაზურმა თემებმა მიიღეს 1% სათითაოდ.

დეკემბერში გამოქვეყნებულ სახალხო დამცველის ანგარიშში აღინიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა სერიოზულ გამოწვევად რჩებოდა. ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლის შედეგად, სამცხე-ჯავახეთში ახალქალაქისა და ნინოწმინდის (ეთნიკური სომხებით კომპაქტურად დასახლებული ქალაქები) მაჟორიტარული ოლქების გაერთიანდა, რითაც პარლამენტში ამ რეგიონებიდან წარგზავნილი მაჟორიტარების რაოდენობა შემცირდა.

კანონი რეპატრიაციის ნებას რთავს მუსლიმ მესხებს, ეროვნული უმცირესობის ჯგუფს, რომელიც 1944 წელს გადაასახლეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობით, აგვისტოს თვისთვის, 5 840 განაცხადიდან 1 533 დაკმაყოფილდა. ამ რიცხვიდან 494 განმცხადებელმა მიიღო “პირობითი მოქალაქეობა”, რომელიც, პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ამჟამინდელ მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ მათ “საქართველოს მოქალაქეობას სრულად” მიანიჭებს. აგვისტოში მთავრობამ განმცხადებლებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა ორიდან ხუთ წლამდე გაუხანგრძლივა.

აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ქართულ ენაზე განათლების მიღებისას პრობლემა ექმნებოდათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ინფორმაციით, გალელი სკოლის მოსწავლეების ნაწილი მთავრობის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე სკოლაში სიარულის მიზნით ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას სირთულეს აწყდებოდა. 2015 წლის სექტემბერში დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქვემო გალში პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სწავლების ენა რუსულით შეუცვალა. აფხაზეთის დევნილი მთავრობის ცნობებით, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ზონებში რუსული ენა სწავლების ერთადერთ ენას წარმოადგენდა და 2008 წლის ომის შემდეგ, დე-ფაქტო მთავრობამ ქართულ ენაზე სწავლება აკრძალა. მასწავლებელი, რომელიც რუსულს არ ფლობს, იძულებული იყო, გაკვეთილები რუსულ ენაზე დაეზეპირებინა, თუმცა ზოგიერთმა ქართულ ენაზე სწავლება არაოფიციალურად მაინც გააგრძელა. ადგილობრივი მცხოვრებლები იძულებული იყვნენ, ან თვითონ გადაეხადათ მასწავლებლებისთვის სწავლების თანხა და მოეგვარებინათ მათთვის საზღვრის გადაკვეთის საკითხი საქართველოს არასადაო ტერიტორიიდან შემოსასვლელად, ან გაეგზავნათ ბავშვები ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა ქართულენოვან გაკვეთილებზე დასასწრებად. უნივერსიტეტის მისაღები გამოცდის ჩასაბარებლად, სკოლადამთავრებულებს უწევდათ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა.

დე-ფაქტო ხელისუფლების ბრძანებით, გალის სკოლებში ინტენსიურად მიმდინარეობდა ქართულ ენაზე სწავლების რუსულით ჩანაცვლება. სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში, ეთნიკურმა ქართველმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ცუდად იცოდნენ რუსული ენა, ამდენად მხოლოდ რუსულ ენაზე სწავლება მათ განათლებაზე ნეგატიურად მოქმედებდა.

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, ვითარება სამხრეთ ოსეთის  ოკუპირებულ ახალგორის რაიონში კვლავ უცვლელი რჩებოდა. რაიონში არსებული 11 სკოლიდან, ექვსი ქართული, ხოლო ხუთი რუსული იყო.

ძალადობრივი, დისკრიმინაციული ქმედება და სხვა დარღვევები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე

კონსტიტუცია უზრუნველყოფს ფუნდამენტურ თანასწორობას კანონის წინაშე და სხვადასხვა კანონები, ან მარეგულირებელი ნორმები ანტიდისკრიმინაციულ დებულებებს შეიცავს. სისხლის სამართლის კოდექსი დამნაშავის რასობრივ, რელიგიურ, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა მიკერძოებულ მოტივებს ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, სახელმწიფო იშვიათად აღასრულებდა ამ კანონს, ხოლო სამართალდამცავებს არ ჰქონდათ გავლილი საფუძვლიანი სწავლება სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაში.

უარყოფითი სოციალური წინასწარგანწყობა ლგბტი პირების მიმართ კვლავ ძლიერი რჩებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ლგბტი პირების უმრავლესობა მალავდა თავის სექსუალურ ორიენტაციას შევიწროების შიშით, და საზოგადოებაში ასეთი პირების მიმართ ფართოდ გავრცელებული სოციალური სტიგმის გამო მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობდა ღიად.  დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი საკუთარი სექსუალური ორიენტაციის, ან გენდერული იდენტობის ოჯახში გამჟღავნებისა და პოლიციის მხრიდან ჰომოფობიური რეაქციის შიშით, ინციდენტის შესახებ პოლიციაში უხალისოდ აცხადებდა. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ცნობით, ლგბტი საზოგადოებას პოლიციის მიმართ დაბალი ნდობა აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, წლის განმავლობაში ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის ერთობის საკონსტიტუციო შესწორების მოთხოვნით გამოწვეულმა პოლიტიკურმა წინააღმდეგობამ, ლგბტი საკითხები წინა ხაზზე წამოწია, რასაც ლგბტი პირების შემდგომი სტიგმატიზაცია და ჯგუფის წევრებზე უფრო მეტად გახშირებული თავდასხმები მოჰყვა. ოქტომბრის თვისთვის, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ცნობით, ტრანსგენდერ პირებზე ოცამდე თავდასხმა მოხდა, რაც ორგანიზაციას გახშირებული ძალადობის ტენდენციის შესახებ დასკვნას აკეთებინებს. ოქტომბერში ერთი ინციდენტის დროს თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ და მიღებული დაზიანების შედეგად იგი ნოემბერში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.  არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის ოფისმა მთავრობას თავდასხმის, როგორც პოტენციურად სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის, გამოძიებისკენ მოუწოდეს. დეკემბრის თვისთვის, თავდასხმის საქმეზე გამოძიება გრძელდებოდა.

ლგბტი ორგანიზაციებმა 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღისადმი (IDAHOT) მიძღვნილი შეკრების გამართვა ვერ შეძლეს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, ან თავისუფლების მოედანზე უსაფრთხო გარემოს გარანტიას ვერ იძლეოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ოჯახის დღის აღმნიშვნელი მსვლელობისთვის სივრცე უკვე დაჯავშნილი ჰქონდა. აქტივისტებს შეკრების ჩასატარებლად სხვა ადგილი შესთავაზეს, მაგრამ მათ უარი თქვეს.

18 მაისის დილას, ათი ლგბტი აქტივისტი პოლიციამ თბილისის ცენტრში სხვადასხვა შენობებზე, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შენობის კედელზე წარწერების გაკეთებისთვის (გრაფიტით ვანდალიზმი) დააკავა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გმობს ერთსქესიან ურთიერთობებს. აქტივისტებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ სამართალდამცავები არ იყვნენ პოლიციის ფორმაში, არ წარუდგენიათ თავი და ზოგიერთი მათ წინააღმდეგ ჰომოფობიურ ენას იყენებდა. აქტივისტებს ბრალი დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევისა და უნებართვოდ წარწერების კეთებისთვის წაუყენეს. ივნისში მოსამართლემ ათივე აქტივისტი უდანაშაულოდ ცნო დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში, მაგრამ რამდენიმეს წარწერების გაკეთებისთვის ჯარიმა შეუფარდა.

ლგბტი ორგანიზაციების ცნობით, 18 მაისს სამართალდამცავებმა სხვა ორი ლგბტი აქტივისტი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის დააპატიმრეს. აქტივისტების განცხადებით, პოლიციამ მათ ნარკოლოგიური ტესტის გავლა უბრძანა. აქტივისტები დათანხმდნენ მაგრამ როდესაც ისინი პოლიციის განყოფილებაში შემოწმებაზე გადაიყვანეს, დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევისთვის ბრალი წაუყენეს და სასამართლოში მიიყვანეს. ორივე აქტივისტის შემოწმებამ აჩვენა, რომ მათ ნარკოტიკი მიღებული არ ჰქონდათ. მოსამართლემ ისინი დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევის ეპიზოდში გაამართლა.

ლგბტი ორგანიზაციებმა ლგბტი აქტივისტების წინააღმდეგ წლის განმავლობაში ჩადენილი ძალადობის ფაქტების, მათ შორის ჰომოფობიური მოტივით ოჯახში ძალადობის სამი შემთხვევის დოკუმენტირება მოახდინეს. მაისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათ მიერ 17-18 მაისის ინციდენტების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის 10 ფაქტი აღრიცხეს.

ლგბტი ორგანიზაციის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჩივრა 2015 წლის დეკემბერში სასამართლოს განჩინება იმის შესახებ, რომ სამინისტრომ 2013 წლის IDAHO-ს შეკრებაზე აქტივისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო. დეკემბრისთვის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანილი არ ჰქონდა.

ლგბტი საზოგადოების ინფორმაციით, კანონი ტრანსგენდერ პირებს გენდერის აღიარებით უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, სამოქალაქო რეესტრის სამსახური და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დისკრიმინაციულ სტანდარტს იყენებდნენ, რომელიც განმცხადებლისგან საბუთებში სქესის ჩანაწერის შესაცვლელად სქესის შეცვლის ქირურგიული ჩარევის დამამტკიცებელ საბუთს ითხოვს. ლგბტი პირების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ლგბტი საზოგადოების წევრები ვერ მიმართავდნენ გენდერული იდენტობის სტატუსის შესაცვლელად, რადგან არ იყვნენ ინფორმირებული პროცედურების შესახებ. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ცნობით, გენდერის სტატუსის შეცვლის წინაპირობად სქესის შეცვლის ქირურგიული ჩარევის მოთხოვნის სარჩელზე სასამართლომ უარყოფითი განაჩენი გამოიტანა, ხოლო გენდერის აღიარების ორ საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავდა.

აივ-ინფექცია და შიდსის სოციალური სტიგმა

აივ/შიდსის მქონე პირების მიმართ სტიგმა და დისკრიმინაცია ძირითადი ბარიერი იყო აივ/შიდსის პრევენციისა და მომსახურების მიღების გზაზე. უარყოფითი სოციალური დამოკიდებულება და საზოგადოების გაცნობიერების დაბალი დონე კვლავ დაბრკოლებებად რჩებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, სოციალური სტიგმა აიძულებდა ადამიანებს, თავი აერიდებინათ აივ/შიდსზე ტესტირებისა და მკურნალობისთვის. ჯანდაცვის ზოგიერთი მუშაკი, განსაკუთრებით, სტომატოლოგები, უარს აცხადებდნენ აივ ინფიცირებულთა მომსახურებაზე. სამუშაოს დაკარგვის შიშით, ადამიანები დამსაქმებლებთან ხშირად მალავდნენ თავიანთ აივ/შიდსის სტატუსს.

ნაწილი 7. მშრომელთა უფლებები

ა. გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური შეთანხმების უფლება

შრომის კოდექსი და მასთან დაკავშირებული ნორმები და დებულებები ზოგადად ითვალისწინებს მშრომელთა უმრავლესობის უფლებას, საჯარო მოხელეების ჩათვლით, ჩამოაყალიბონ და შევიდნენ დამოუკიდებელ პროფკავშირებში, გაიფიცონ და კოლექტიურად შეუთანხმდნენ დამსაქმებელს. დამსაქმებელი არ არის ვალდებული კოლექტიური შეთანხმების მოლაპარაკებაში შევიდეს იმ შემთხვევაშიც, თუ პროფესიული კავშირი ან დასაქმებულთა ჯგუფი ამის სურვილს გამოხატავს. კანონი გაფიცვის ნებას რთავს მხოლოდ იმ დავის შემთხვევაში, როცა კოლექტიური შეთანხმება უკვე მიღწეულია. მართალია, გაფიცვების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული, მაგრამ კანონი ზღუდავს მშრომელთა მასობრივ დათხოვნას გაფიცვის ჩახშობის მიზნით (ლოკაუტი) 90 დღემდე. სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს გაფიცვის კანონიერება და გაფიცვის წესების დამრღვევებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მიუხედავად იმისა, რომ კანონი დამსაქმებელს ზოგადი ფორმით უკრძალავს პროფკავშირის წევრების, ან კავშირის მიერ ორგანიზებული საქმიანობის დისკრიმინაციას, იგი ცალსახად არ მოითხოვს კავშირში საქმიანობისთვის დათხოვნილი მშრომელების აღდგენას. 2015 წლის იანვარში პარლამენტმა დაამტკიცა კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ, რომელიც მიგრანტი მშრომელების უფლებებს განსაზღვრავს და არეგულირებს მიგრანტთა შრომის საკითხებს, მათ შორის ურთიერთობებს დამსაქმებელს, მშრომელს და იმ სახელმწიფო ორგანოებს შორის, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, შრომითი მიგრაციის საკითხებზე რეაგირება მოახდინონ.

“საქათველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების” ცნობით, “ადამინის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის” სფეროსთან დაკავშირებული მშრომელების ზოგიერთ კატეგორიას, რასაც მთავრობა ადგენს, ეკრძალება გაფიცვა და მთავრობა ამ შეზღუდვის სანაცვლოდ, კომპენსაციის მექანიზმებს არ უზრუნველყოფს. “საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების” ცნობით, ზოგიერთი პროფესიისთვის გაფიცვის აკრძალვა ეწინააღმდეგება “შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის” სტანდარტებს.

მთავრობამ ქმედითად ვერ აღასრულა კანონები, რომელიც მშრომელთა შეკრების თავისუფლებას უზრუნველყოფს და პროფკავშირებში ყოფნის გამო მათ დისკრიმინაციას კრძალავს. [შედეგად] მშრომელთა უფლებების დარღვევა გაგრძელდა. არ ყოფილა ეფექტური ჯარიმები, ან კომპენსაციები თანამშრომლების თვითნებურად დათხოვნისთვის.  შრომით უფლებებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავები ხანგრძლივად ჭიანურდებოდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის ინსპექცია და მედიაციის სამსახურები სრულფასოვნად ვერ მუშაობდნენ. მთავრობა ვერ ასრულებდა ყველა კოლექტიურ შეთანხმებას (რასაც კანონი მოითხოვს) და არ უზრუნველყოფდა ზედამხედველობას, რომ დამსაქმებელთა საქმიანობა შრომის კანონმდებლობასთან შესაბამიბოსაბაში ყოფილიყო. თანამშრომლებმა, რომლებიც თავს უკანონოდ დათხოვნილად მიიჩნევენ, დათხოვნიდან ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ სასამართლოს სარჩელით უნდა მიმართონ.

პრემიერ-მინისტრმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დააკისრა სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეობა, რომელიც საწარმოებსა და ორგანიზებულ მშრომელებს შორის სოციალურ დიალოგს უწყობს ხელს. კომისიამ შეხვედრა აპრილში გამართა.

მშრომელები კანონის შესაბამისად გაფიცვის უფლებით, ძირითადად, სარგებლობდნენ, მაგრამ მმართველების მხრიდან გაფიცვები ხშირად ანგარიშსწორებას იწვევდა.  “საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების” ცნობით, მთავრობის მხარდაჭერილი “ყვითელი” კავშირების ზეგავლენა “საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის” (სპმთპ) საქმიანობაზე შედარებით შეზღუდული იყო, ვიდრე წინა წლებში, ხოლო თავად “საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი” ფუნქციონირებდა კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. ოქტომბრის თვისთვის, სპმთპ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების სფეროში ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. აგრეთვე “საქათველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების” ცნობით, „ფოსტის მუშაკთა კავშირი“ ყველა წევრს კვლავ 5 ლარის (1,91 დოლარის) საწევრო შენატანს ავალდებულებდა ყოველთვიურად. მშრომელთა უფლებების ხელშეწყობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მთავრობის მიერ მათი სამუშაოს შეზღუდვის შესახებ არაფერი უთქვამთ.

ბ. იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვა

კანონი კრძალავს იძულებითი ან სავალდებულო შრომის ყველა ფორმას. მთავრობა ქმედითად ვერ აღასრულებდა შესაბამის კანონს. იძულებითი შრომა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თორმეტ წლამდე და დამნაშავისთვის საქმიანობის უფლების ჩამოერთმევით სამ წლამდე ვადით. სასჯელი იზრდება თავისუფლების აღკვეთამდე 12-15 წლით, თუ დანაშაული ჩადენილია არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ორსული ქალის წინააღმდეგ, თუ დამსაქმებელმა მისი ორსულობის შესახებ წინასწარ იცის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, ისეთი იძულებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, ან იმ პირის მიმართ, რომელიც მატერიალურად, ან სხვაგვარად დამნაშავეზეა დამოკიდებული. თუ იძულებითი შრომა ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ და გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, სასჯელი, შეიძლება, გაიზარდოს და მიაღწიოს თავისუფლების აღკვეთას 15-დან 20 წლამდე, დამნაშავისთვის საქმიანობის უფლების ჩამოერთმევით სამ წლამდე ვადით. ეს სასჯელი საკმარისი იქნებოდა ძალადობის შესაჩერებლად, თუმცა იძულებითი, ან სავალდებულო შრომის გამოძიებული ფაქტების მცირე რაოდენობა, განსაკუთრებით, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობის საქმეებზე, მკაცრი სასჯელის ეფექტს ანეიტრალებს და იძულებითი, ან სავალდებულო შრომის გამოყენების წახალისებას ახდენს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, სამინისტრომ იძულებითი ან სავალდებულო შრომის ფაქტები ვერ აღმოაჩინა, თუმცა სამრეწველო, გასართობ და სასტუმრო სექტორში დასაქმებული პირების უმწეო ჯგუფები გამოავლინა. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ინფორმაციით, იძულებითი შრომის ფაქტები არსებობდა, “საქათველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების” განცხადებით, იძულებით შრომასთან ბრძოლის მთავრობისეული ზომები არ გაუმჯობესებულა.  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს კანონი აძლევს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე ადგილზე შეამოწმოს საწარმო იძულებითი შრომის, ან ადამიანით ვაჭრობის სავარაუდო შემთხვევაში. სამინისტროს ცნობით, ადამიანით ვაჭრობისა და იძულებითი შრომის სავარაუდო მიზეზით წლის განმავლობაში, სულ მცირე, 70 საწარმო შემოწმდა. სამინისტრო ამბობს, რომ დანაშაულებრივი ქმედების მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა.

იხ. აგრეთვე  სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანით ვაჭრობის შესახებ (Trafficking in Persons) at www.state.gov/j/tip/rls/tiprpt/.

გ. არასრულწლოვანთა შრომის აკრძალვა და დასაქმების მინიმალური ასაკი

დასაქმების მინიმალური კანონიერი ასაკი 16 წელია, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ბავშვებს შეუძლიათ, იმუშაონ მშობლების თანხმობით 14 წლის ასაკშიც. 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები არ უნდა ჩაერთონ ჯანმრთელობისთვის მავნე, მიწისქვეშა ან სახიფათო სამუშაოში; 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისთვის სამუშაო საათები შემცირებულია და ღამის საათებში მუშაობა აკრძალულია. კანონით ნებადართულია სამუშაო ხელშეკრულების დადება 14 წლამდე ასაკის პირებთან სპორტის, ხელოვნების, კულტურისა და სარეკლამო საქმიანობისთვის.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, სამინისტრომ არასრულწლოვანთა შრომის კანონით განსაზღვრული ნორმების დარღვევის ფაქტები ვერ აღმოაჩინა. დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა შრომა ისჯება ჯარიმით, საქმიანობის ნებართვის გაუქმებით, საზოგადოებრივი შრომით ან თავისუფლების აღკვეთით. არასრულწლოვანთა შრომის ფაქტების გამოძიების მცირე რაოდენობა არ გვაძლევს საშუალებას, ნათლად დავინახოთ, თუ რამდენად ქმედითია მთავრობის მიერ კანონის აღსრულება. დაჯარიმების უფლებით აღჭურვილი შრომის ინსპექციის არარსებობა სერიოზულად აბრკოლებდა აღსრულების ზომებს. ბევრი 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი მუშაობდა და ყოველდღიურად საქმიანობდა პატარა ოჯახურ მეურნეობებში. უმეტეს შემთხვევებში, ხელისუფლების მიერ ეს შრომა არ ფასდებოდა იძულებითად და ბავშვთა შრომის კატეგორიაში არ შედიოდა. ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ზოგიერთ ადგილას ოჯახური სამეურნეო ვალდებულებები, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელს უშლიდა ბავშვის სკოლაში დასწრებას. ზოგიერთი დამკვირვებელი თვლიდა, რომ ეთნიკური უმცირესობების ბავშვების სასკოლო საქმიანობაში ჩართულობა განსაკუთრებით დაბალი იყო. ქვემო ქართლის ზოგიერთ მოშორებულ ადგილებში (ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული რეგიონი) და კახეთში (სადაც აგრეთვე ეთნიკური აზერბაიჯანელების მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს) ზოგი ოჯახი წელიწადში ექვსი-ცხრა თვის განმავლობაში შორეულ საძოვრებზე გადიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ბავშვები სკოლაში იშვიათად დადიოდნენ. ასეთი ბავშვების რაოდენობის დადგენა არ მოხერხდა.

ივლისში ძალაში შევიდა ახალი ნორმები, რითაც თბილისის ქუჩებში მათხოვარი ბავშვების მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს (იხ. ნაწილი 6, გადაადგილებული ბავშვები).

იხ. აგრეთვე აშშ-ის შრომის დეპარტამენტის დასკვნები არასრულწლოვანთა შრომის უკიდურესი ფორმების შესახებ  მისამართზე www.dol.gov/ilab/reports/child-labor/findings/.

დ. დისკრიმინაცია დასაქმებასა და სამუშაო ადგილის დაკავებაში

კანონი კრძალავს დისკრიმინაციას დასაქმებაში რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ეკონომიური პირობების ან სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანების, მათ შორის პროფესიული კავშირების წევრობის, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების საფუძველზე. კანონი კონკრეტულად არ კრძალავს დისკრიმინაციას აივ-დადებითი სტატუსის, სხვა გადამდები დაავადებების, ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე. კანონი განსაზღვრავს, რომ დისკრიმინაციად ითვლება „პირის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს საშიში, მტრული, დამამცირებელი, სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.“

რადგან შრომის ინსპექციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და დაჯარიმების უფლებით აღჭურვილი შრომის ინსპექცია არ ფუნქციონირებს, მთავრობა კანონს ქმედითად ვერ აღასრულებდა.

სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია ფართოდ იყო გავრცელებული. „საქართველოს პროფესიული კავშირების გართიანების“ ცნობით, ადგილი ჰქონდა ასაკის, სექსუალური ორიენტაციისა და გაერთიანებისადმი კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციის შემთხვევებს. კომპანიები და საჯარო სამსახურები სამუშაო ადგილებზე ხშირად აწყობდნენ კადრების რეორგანიზაციას იმ დაქირავებულთა დათხოვნით, რომლებმაც პენსიის მისაღებად საკვალიფიკაციო ასაკს მიაღწიეს. გარდა ამისა, ვაკანტური თანამდებობის შესახებ განცხადებებში ხშირად მითითებული იყო ასაკობრივი ზღვარი, როგორც კონკრეტული სამუშაოს დასაკავებლად წინაპირობა. „საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთანების“ ცნობით, ხშირი იყო გაერთიანების წევრობის საფუძველზე შევიწროება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, განსაკუთრებით, საქართველოს რკინიგზაში და საფოსტო სამსახურში.

თუმცა კანონი უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე თანასწორობას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს და მათ შეფასებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაეთანხმა, რომ ქალების მიმართ სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია არსებობს და მათზე ცნობის მიღება არ ხდება. მართალია, ზოგიერთმა დამკვირვებელმა აღნიშნა შრომის ბაზარზე ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალები ძირითადად მიბმული იყვნენ დაბალანაზღაურებად, არაკვალიფიციურ პოზიციებზე, მიუხედავად მათი პროფესიული და აკადემიური კვალიფიკაციისა, ხოლო ქალების ანაზღაურება კაცებისას ჩამორჩებოდა.

გარკვეული მტკიცებულება ადასტურებდა დასაქმებისას შეზღუდული შესაძლებლობის გამო დისკრიმინაციას. მთავრობამ ვერ შეძლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სტატისტიკის წარმოდგენა, თუმცა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ 2015 წლის ცნობით, მის მიერ მიმოხილულ ბევრ სახელმწიფო სამსახურში მხოლოდ 24 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო დასაქმებული. ამ 24 პირიდან, ხუთი სამინისტროებში იყო დასაქმებული, 18 – ადგილობრივ მმართველობებში და ერთი სახელმწიფო სააგენტოში. სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, სახელმწიფოს არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამუშაოთი უზრუნველყოფის პრობლემის გადასაჭრელად.

ეთნიკური უმცირესობები დასაქმებისას დისკრიმინაციის წინაშე იდგნენ განათლებისა და ენის მიზეზით, რადგან მათ სრულყოფილად არ იციან ქართული ენა, რაც საჯარო სექტორში დასაქმებისთვის სავალდებულო მოთხოვნაა.

ე. სამუშაოს მისაღები პირობები

საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების მინიმალური ყოველთვიური ანაზღაურება 135 ლარს შეადგენს (52 დოლარი). კერძო სექტორში დასაქმებულთათვის მინიმალური ყოველთვიური ხელფასი 20 ლარია (8 დოლარი), მაგრამ პრაქტიკაში არ გამოიყენება. ოფიციალური საარსებო მინიმალური შემოსავალი თვეში 156 ლარია (66 დოლარი) საშუალო მომხმარებლისათვის და 277 ლარი (117 დოლარი) – ოთხწევრიანი ოჯახისთვის.

კანონით დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა და კვირაში 24-საათიანი დასვენების პერიოდი, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული. კანონი ადგენს ყოველწლიურად 24 ანაზღაურებად უქმე დღეს. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ითვლება სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვანისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, მხარეთა შორის შეთანხმებით. მთავრობის დადგენილებით დგინდება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოები, სადაც ზეგანაკვეთური ანაზღაურება შეიძლება არ დამტკიცდეს, თუ დაქირავებულის სამუშაო საათები კვირაში არ აღემატება 48 საათს. ცვლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით  – წელიწადში 24 სამუშაო დღით და ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით. აკრძალულია ორსული და ახალნამშობიარები ქალების ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 36 საათს არ უნდა აღემატებოდეს. 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მხოლოდ “ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.” კანონი ცალსახად არ კრძალავს გადაჭარბებულ ზეგანაკვეთურ სამუშაოს. შრომის უსაფრთხოების, უვნებლობისა და ჯანმრთელობის სტანდარტები არ არის დაწესებული. ამ სტანდარტების შემცველი კანონპროექტი წლის ბოლოსთვის პარლამენტში განსახილველად არ შესულა.

შრომის ინსპექციის საკანონმდებლო საფუძვლის არარსებობის პირობებში, მთავრობა ვერცერთ სექტორში ქმედითად ვერ აღასრულებდა მინიმალური ანაზღაურების, სამუშაო საათების, შრომის უსაფრთხოების, ან ჯანმრთელობის სტანდარტის მოთხოვნებს. თებერვალში პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ერთი წლით ადრე შექმნილ შრომის მონიტორინგის დეპარტამენტს შეეცვალა სახელი და ეწოდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. დამსაქმებელთა პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და კომპანიებს შეტყობინება შრომის ინსპექტორების საწარმოში სტუმრობამდე ხუთი დღით ადრე მიეწოდებოდათ. ინსპექტორები არ არიან უფლებამოსილი დამსაქმებელს დაუწესონ ჯარიმა ან სხვა სახის სახდელი სტანდარტის შეუსაბამო სამუშაო პირობების გამო, ნაწილობრივ იმის გამო, რომ კანონი არ განსაზღვრავს მისაღები სამუშაო გარემოს პირობებს. ჯარიმების ოდენობა დარღვევების შემაკავებელი ეფექტის მქონე არ იყო. სექტემბრისთვის, სამინისტროს ცნობით, სამინისტროში 25 ინსპექტორი მუშაობდა და მათ 75 კომპანია შეამოწმეს. სამინისტრომ აღნიშნა, რომ კომპანიები სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მზარდ სურვილსა და მზადყოფნას გამოხატავდნენ. ინსპექტორთა რაოდენობა კანონთან შესაბამისობის აღსრულებისთვის საკმარისი არ იყო. სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი კანონი შრომის ინსპექტორების საწარმოებში შესვლას დაბრკოლებას უქმნიდა, რადგან ინსპექტორებს ეკრძალებათ საწარმოში სტუმრობა წინასწარი შეტყობინების გარეშე და გამონაკლისს მხოლოდ ადამიანით ვაჭრობის სავარაუდო შემთხვევა წარმოადგენს.

მშრომელთა უფლებების დარღვევები გრძელდებოდა. მშრომელებისთვის სახიფათო ვითარებიდან თავის დახსნა სამსახურის საფრთხეში ჩაგდების გარეშე რთული იყო. ვადიანი ხელშეკრულებით დაქირავებული მშრომელები ხშირად შიშობდნენ, რომ თუ დამსაქმებელთა ყურადღებას მიაქცევდნენ ისეთ სამუშაოზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობასა და უვნებლობას, ეს დამსაქმებლებისთვის გახდებოდა მიზეზი, რომ მათი ხელშეკრულება აღარ განეახლებინათ.

მიგრანტ მშრომელთა პირობები ძირითად დაურეგულირებული იყო. თუმცა მთავრობა კონკრეტულ სტატისტიკას არ აწარმოებდა მიგრანტ მშრომელებზე საქართველოში, წლის განმავლობაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გასცა მუშაობისა და ცხოვრების 9 580 ნებართვა, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა 517 გრძელვადიანი და 3 452 მოკლევადიანი ვიზა. „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ინფორმაციით, მიგრანტ მშრომელთა უმრავლესობა ქვეყანაში დიდ, უცხოური დაფინანსების პროექტებში იყო დასაქმებული, სადაც სამუშაო ადგილის მიხედვით ცხოვრობდა, ან ქვეყანაში წინასწარ მოძებნილი სამსახურის გარეშე ჩამოდიოდა.

მშრომელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა არაფორმალურ ეკონომიკაში იყო დასაქმებული. ვინაიდან არაფორმალურ ეკონომიკაში ხშირად შრომითი ხელშეკრულება არ იდება, ადგილი ჰქონდა ექსპლუატაციურ პირობებს. ასეთი პირობები გავრცელებულია ქუჩაში გამყიდველების ან დაურეგულირებელ ბაზრებში მომუშავეთა შემთხვევაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან ივნისამდე სამუშაო ადგილზე და სამრეწველო ტრავმის შედეგად 33 პირი დაიღუპა და 40 – დაშავდა. კვლავ განსაკუთრებით სახიფათო რჩებოდა სამთო-მომპოვებელი სექტორი.