Flag

An official website of the United States government

აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL)
მხარდაჭერით საქართველოში ტარდება სამდღიანი კურსი: „საჯარო კორუფცია და სამართალდამცავი ტექნიკები“
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
დეკემბერი 9, 2020

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) განაგრძობს მუშაობას საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის შესაძლებლობებისა და დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად და მის ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის უნარის გასაუმჯობესებლად, საერთაშორისო სამართალდამცავ აკადემიასთან (ILEA) თანამშრომლობით, რომელიც მასპინძლობს სამდღიან ვირტუალურ კურსს „საჯარო კორუფცია და სამართალდაცვის მეთოდები“. კურსს უძღვება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (SSSG) ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლები და პროკურორები გაეცნობიან, თუ როგორ ატარებს ფედერალური ბიურო მრავალი სახის საჯარო კორუფციის გამოძიებას. ქართველებთან ერთად, კურსს გაივლიან ბულგარეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის წარმომადგენლები.

ყოველi წლის 9 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ზრდის საზოგადოებრივ ცნობიერებას კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ, რადგან კორუფცია არის კრიმინალური, ამორალური ქმედება და რაც მთავარია, საზოგადოებრივი ნდობის ღალატის ყველაზე ცუდი ფორმა. კორუფცია კრიზისულ მდგომარეობაში ვითარდება და მიმდინარე გლობალური პანდემიაც არ არის გამონაკლისი. პანდემიის დროს არასათანადო მართვისა და კორუფციის რისკების შემცირება მოითხოვს კიდევ უფრო ძლიერი ანტიკორუფციული ორგანოების ჩართვას, საგანგებო დახმარების პაკეტების უკეთ ზედამხედველობას, უფრო ღია და გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვებს და კორუფციასთან ბრძოლაში კერძო სექტორის გაზრდილ თანამშრომლობას. აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) და საერთაშორისო სამართალდამცავი აკადემიის (ILEA) ინიციატივა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, რომელიც კორუფციასთან ბრძოლისუნარიანი იქნება.