ა.შ.შ.-ის საელჩო ამაყობს, რომ 15-მა რეგიონულმა მაუწყებელმა სოლიდარობის მძლავრი ვიდეოგზავნილის შესაქმნელად კონკურენცია გვერდზე გადადო. ვიდეო რგოლში, რომლის შთაგონების წყაროც ამერიკული ტელევიზიები, მათ შორის საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) მონაწილე NCB12-ია, პროგრამის მონაწილე ქართულმა ტელევიზიებმა გაამხნევეს და დააიმედეს მოსახლეობა, რომ მათი ოჯახების უსაფრთხოებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობენ მუშაობას.
GMPP პროგრამის მონაწილე ნათია კუპრაშვილის თქმით, ვიდეოში მონაწილე რეგიონული ტელევიზიები არა მხოლოდ რისკების და კიდევ უფრო მეტად შეზღუდული რესურსების ფონზე ამზადებენ ყოველდღიურ საინფორმაციო პროგრამებს, არამედ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ეს არის ერთგვარი ძალთა გაერთიანება საქართველოს მოსახლეობის ინტერესების სასარგებლოდ.
GMPP პროგრამაში მონაწილე ქართველი და ამერიკელი მედია პროფესიონალები გაცვლითი ვიზიტების დასრულების შემდეგაც განაგრძობენ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წელს IREX-ის მიერ განხორციელებული ამ შესანიშნავი პროგრამის 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ.