ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ISFED-ის ღონისძიებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ 

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ISFED-ის ხელმძღვანელთან, ნინო დოლიძესთან, გერმანიის ელჩთან, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ერთად ვესწრები ღონისძიებას, სადაც საქართველოს საარჩევნო ციკლის მომდევნო არჩევნებში სოციალური მედიის როლი იქნება განხილული. ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული და საარჩევნო პროცესის მორიგი ტექსტი იქნება და ყველას სურს, რომ ის მშვიდობიანად ჩატარდეს და ისეთი შედეგი დადგეს, რომლის მიმართაც ყველა ამომრჩეველს ექნება ნდობა. ვფიქრობ, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მოლაპარაკების შედეგად შექმნეს საარჩევნო რეფორმის დადგენილებების კარგი გზამკვლევი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული. ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ სხვადასხვა პარტიასა თუ ჩართულ მხარესთან მომხმარებელთა ინფორმირებაში სოციალური მედიის როგორც დადებით, ისე უარყოფით გავლენებთან დაკავშირებით. ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის არჩევნებში ვიხილავთ ნაკლებ სიძულვილის ენას, ნაკლებ დეზინფორმაციასა და მცდარ ინფორმაციას და მეტ დადებით გავლენას სოციალური მედიისა, რაც გულისხმობს ამომრჩეველთა ინფორმირებას პოლიტიკური პარტიების სტრატეგიებისა და გეგმების შესახებ, თუ როგორ აპირებენ ისინი ქართველი ამომრჩევლის პრიორიტეტების განხორციელებას. მადლობა.

კითხვა მოსამართლეების დანიშვნის შესახებ, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით 

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანიპროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ჩემს მოწოდებაზე უფრო მნიშვნელოვანი ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აიღეს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით, რაც რეფორმების გატარებამდე დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს. ისინი ასევე დათანხმდნენ, რომ რეფორმების სრულად გატარებამდე უნდა გაიმართოს ფართო განხილვა იმის შესახებ, თუ როგორი რეფორმებია საჭირო. შეთანხმება შეთანხმებაა. მათ მოლაპარაკების გზით მიაღწიეს ამ შეთანხმებას და სასამართლო რეფორმის შესახებ ამომწურავი განხილვის ჩატარებამდე ამ პროცესის დროებით შეჩერებაზე დათანხმდნენ. საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად არის ნათქვამი, რომ სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს არის ძალიან სერიოზული ვალდებულება და დაპირება ქართველი ხალხისადმი. კონსტიტუციაში უმეტესწილად განსაზღვრულია პროცედურები და პროცესები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საერთო კანონმდებლობით,  სასამართლოების შესახებ საერთო კანონითა და სხვა კანონებით, რომელთა ამოქმედება და შეცვლაც პარლამენტის უფლებამოსილებაშია. ახლა პარლამენტს კონსტიტუციითა და 19 აპრილის შეთანხმებით დაკისრებული აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დროებით შეაჩეროს [მოსამართლეთა] დანიშვნის პროცესი, რათა უზრუნველყოს დებატების გამართვა და მოხდეს წინა რეფორმების შეფასება, – რაც 19 აპრილის შეთანხმებაშიც არის მოცემული, – რათა საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებული იყონ, რომ მათი სასამართლო სისტემა ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელია, როგორსაც კონსტიტუცია მოითხოვს. ვფიქრობ, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც იმედია პარლამენტარები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. როგორვ უკვე ვთქვი, დამოუკიდებელი შეფასებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ [მოსამართლეების დანიშვნის] პროცესის დროებით შეჩერება სისტემის რღვევას არ გამოიწვევს. სისტემაში არის მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა, რათა გაიმართოს დეტალური განხილვა იმის შესახებ, თუ როგორი დამატებითი რეფორმებია საჭირო საქართველოს სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად. ეს არის რაზეც ყველა საუბრობს და რაზეც პარტიებმა ვალდებულება აიღეს მოლაპარაკების შედეგად მიღებული შეთანხმების ხელმოწერით. მადლობა.  

კითხვა საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის განხილვის შესახებ და მასში რამდენად არის ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები  

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი19 აპრილის შეთანხმება არის საარჩევნო რეფორმის კარგი გზამკვლევი. გავიმეორებ, ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ 6 თვიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებაა და ჩვენ გაგვიხარდა, რომ საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი უფრო ინკლუზიური იყო, ვიდრე ადრე. სამოქალაქო საზოგადოებას, სხვა დაინტერესებულ მხარეებსა და ოპოზიციას მიეცა საშუალება ჩართულიყვნენ საკითხების განხილვასა და იმგვარი კანონპროექტის ჩამოყალიბებაში, რომელშიც ასახული იქნება ყველას ინტერესები და სატკივარი. მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ასახულია ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციები, რომელთა ასახვა ადრე არ მოხდა. ჩემი აზრით, კარგის ნიშანი იქნებოდა ძველი და ახალი რეკომენდაციების სრულად ასახვა და არა მათი ნაწილობრივად გათვალისწინება. ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ეს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა იყოს ყოვლისმომცველი და აღმოიფხვრას წინა არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები. ცოტა გასაკვირი კი იყო, რომ საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის განხილვა ღამის 10 საათზე ჩაინიშნა, თუმცა მაინც კარგი დასაწყისია და როგორც ვიცი, კარგი განხილვა მოეწყო, რომელიც იმედია გაგრძელდება და შედეგად შეიქმნება კანონი, რომელიც ოპოზიციის, მმართველი პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების, სხვა დაინტერესებული პირებისა და, რაც მთავარია, ქართველი ამომრჩევლის აზრით გააუმჯობესებს საარჩევნო პროცესს საქართველოში. მადლობა.