ერთობლივი განცხადება შემდგომ შემზღუდველ ეკონომიკურ ზომებზე

ჩვენ, ევროკომისიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და შეერთებული შტატების ლიდერები ვგმობთ ომს, რომელიც პუტინის არჩევანია და შეტევებს უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოსა და ხალხზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის გვერდით მათ გმირულ ძალისხმევაში, წინ აღუდგნენ რუსეთის შეჭრას. რუსეთის ომი წარმოადგენს თავდასხმას ფუნდამენტურ საერთაშორისო წესებსა და ნორმებზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებობს და რომელთა დასაცავად ჩვენ მზად ვართ. ჩვენ რუსეთს პასუხს ვაგებინებთ და ერთობლივად უზრუნველვყოფთ, რომ ეს ომი პუტინისთვის სტრატეგიული მარცხი აღმოჩნდეს.

გასულ კვირას, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის, საკუთარი საზღვრების დაცვისა და უკრაინის მთავრობისა და ხალხის ბრძოლაში დახმარებისთვის განხორციელებული კოლექტიური მუშაობის პარალელურად, ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა სხვა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მთელ მსოფლიოში, მივიღეთ მკაცრი ზომები რუსეთის მთავარი ინსტიტუტებისა და ბანკების, და ამ ომის არქიტექტორების წინააღმდეგ, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, წინააღმდეგ.

უტევენ რა რუსეთის ძალები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებს, ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა, გავაგრძელოთ რუსეთზე საზღაურის დაწესება, რაც გამოიწვევს რუსეთის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას საერთაშორისო ფინანსური სისტემისა და ჩვენი ეკონომიკებისგან. ამ ღონისძიებებს უახლოეს დღეებში განვახორციელებთ.

კონკრეტულად, ჩვენ ვიღებთ ვალდებულება, განვახორციელოთ შემდეგი ზომები:

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ შერჩეული რუსული ბანკების ამოღება SWIFT შეტყობინებების სისტემიდან. ეს უზრუნველყოფს ამ ბანკების საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან გათიშვას და ზიანს მიაყენებს მათ გლობალურ ოპერირებას.

მეორე, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, შემოვიღოთ შემზღუდველი ზომები,რომლებიც რუსეთის ცენტრალურ ბანკს არ მისცემს საშუალებას, გამოიყენოს თავისი საერთაშორისო რეზერვები იმგვარად, რომ ძირი გამოუთხაროს ჩვენი სანქციების ზემოქმედებას.

მესამე, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ვიმოქმედოთ იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ ომს უკრაინაში და რუსეთის მთავრობის მავნე საქმიანობას. კონკრეტულად, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მივიღოთ ზომები, რათა შევზღუდოთ მოქალაქეობის გაყიდვა – ე.წ. ოქროს პასპორტები- რაც შესაძლებლობას აძლევს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მდიდარ რუსებს, გახდნენ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები და მიიღონ წვდომა ჩვენს ფინანსურ სისტემებზე.

მეოთხე, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მომავალ კვირაში შევქმნათ ტრანს-ატლანტიკური სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ფინანსური სანქციების ეფექტურ განხორციელებას; ჩვენს იურისდიქციაში არსებული სანქცირებული პირებისა და კომპანიების აქტივების იდენტიფიცირებასა და გაყინვას. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ სანქციები და სხვა ფინანსური და იძულების ზომები რუსი ჩინოვნიკებისა და რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულ ელიტის წინააღმდეგ, ასევე მათი ოჯახებისა და ხელშემწყობთა წინააღმდეგ, რათა უზრუნველვყოთ ჩვენს იურისდიქციაში არსებული მათი აქტივების იდენტიფიცირება და გაყინვა. ჩვენ ასევე ჩავრთავთ სხვა მთავრობებს და ერთობლივად ვიმუშავებთ უკანონოდ მოპოვებული შემოსავლების მოძრაობის გამოსავლენად და აღსაკვეთად, რათა ამ პირებმა ვერ შეძლონ თავიანთი აქტივების გადამალვა მსოფლიოს სხვადასხვა იურდიქციაში.

და ბოლოს, ჩვენ გავაძლიერებთ კოორდინაციას დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმების წინააღმდეგ.

ამ მძიმე დროს ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ. გარდა დღეს გამოცხადებული ზომებისა, მზად ვართ, მივიღოთ დამატებითი ზომები, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაზე თავდასხმისთვის.