ჯვრის მონასტრის პროექტმა აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა და მსხვილი გრანტი მოიპოვა

U.S. Ambassador Kelly Degnan visits Jvari Monastery. Photo: State Dept
აშშ-ის ელჩი დეგნანი ჯვრის მონასტერს ეწვია. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

აშშ-ის საელჩო თბილისში სიამაყით აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის შენარჩუნების პროექტი შეირჩა ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) მიერ.

მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოები, რომელსაც ასევე აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ამიერიდან გავრცელდება შენობის მთლიან გარეთა ფასადზე, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს და გუმბათის რვავე მხარეს, კედლის ზედაპირის დაახლოებით 1 200 კვადრატული მეტრის ფართობს. პროექტის პირველი ეტაპი 100 000 აშშ დოლარით დაფინანსდა AFCP პროგრამის ფარგლებში. ახალი გრანტი კი ითვალისწინებს დამატებით 506 250 აშშ დოლარის გამოყოფას, რაც განკუთვნილია სასიცოცხლო მნიშვნელობის საკონსერვაციო სამუშაოებისთვის, რომელსაც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი შეასრულებს.

ელჩი კელი დეგნანი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილთან, მის ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლით დავითთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესთან, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ ბელაშვილთან და სხვა გამორჩეულ სტუმრებთან ერთად, დაესწრო გახსნით ცერემონიას და პრეზენტაციას ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, რომლის საშუალებითაც ეს გასაოცარი ძეგლი მომავალ თაობებს შეუნარჩუნდებათ.

ელჩი კელი დეგნანი კომენტარი მედიასთან ჯვრის მონასტრის მონახულების შემდეგ (16 სექტემბერი)

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სიამაყით აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს ნახევარი მილიონი დოლარით დავაფინანსებთ. ეს ხორციელდება ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეშვეობით, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში 2 მილიონი დოლარით დაეხმარა ოც სხვადასხვა პროექტს მთელ საქართველოში. ქართული ტაძრები ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ, კულტურულ და საზოგადოებრივ როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ამაყობს, რომ ეხმარება საქართველოს ისტორიული სიმბოლოების შენარჩუნებაში. დიდი მადლობა!

კითხვა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მაგალითები. ასევე, რა იქნება თქვენი რეკომენდაცია, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები კოვიდ პანდემიის პირობებში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკაც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას? ასევე, რას იტყოდით იმ ფაქტზე, რომ მმართველი გუნდის წევრები უარს ამბობენ კრიტიკული მედიის ეთერში გამოჩენაზე?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩვენ ზედმიწევნით ვეცნობით წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ცნობებს ისეთი სანდო ორგანიზაციებისგან, როგორიც არის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და სხვები. ისინი ყურადღებით შეისწავლიან წინასაარჩევნო გარემოს და მუდმივ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც გვესმის, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის დაშინებას, ხალხის იძულებას წავიდნენ არჩევნებზე, ან ხმა მისცენ გარკვეული მიმართულებით. საქართველომ ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საარჩევნო რეფორმები გაეტარებინა ამ ზაფხულს და როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, მთავარია ახალი კანონმდებლობის მკაცრი დაცვა და აღსრულება. ასე რომ, ჩვენ განვაგრძობთ მოვლენებზე დაკვირვებასა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირს, რათა მეტად ინფორმირებული იყოს ყველა მხარე იმის შესახებ თუ მოხდება კანონის დარღვევა, სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით ამომრჩეველთა დაშინება, ან მათი მოსყიდვა, ან სხვა ნებისმიერი ტიპის ჩარევა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. რაც შეეხება კოვიდ-19-ს, მე ვიცი, რომ “ცესკო” უკვე ემზადება გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად, საარჩევნო უბნებზე შესაბამისი ზომების მისაღებად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად, არამედ საარჩევნო სამუშაოებში ჩართული პირებისაც, რათა მათ შეძლონ არჩევნების პროცესში დახმარება უსაფრთხო და ჯანმრთელ გარემოში. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ზომები მიიღება და ვიმედოვნებთ, რომ ისინი იქნება საკმარისი. ბოლო კითხვაზე კი გიპასუხებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველმა გაიგოს ყველა პარტიის წარმომადგენლისგან, თუ რა არის მათი პლატფორმა. აშშ-ში პოლიტიკური დებატები მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით ამომრჩეველი იგებს თუ რა განასხვავებს ერთ პარტიას მეორისგან. მე მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, ყველა პარტიას, ღიაობისკენ და ამგვარ პოლიტიკურ დიალოგში ჩართვისკენ, მათი საარჩევნო პროგრამის წარდგენისკენ, რათა ამომრჩეველმა შეძლოს ხმის მიცემა ისე, რომ იყოს კარგად ინფორმირებული, თუ როგორი არჩევანის გაკეთება სურს. დიდი მადლობა!

კითხვა საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესებს, რა მოლოდინები გაქვთ?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩაიდო მასში. პარლამენტმა ჩაატარა ინკლუზიური სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, რათა გაეცეს პასუხი იმ კითხვებსა და შენიშვნებს, რაც გამოთქვა ვენეციის კომისიამ, ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, და იმ პარტნიორებმა, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლოს ჩამოყალიბებაში. ამ რეკომენდაციებიის უმეტესობა ასახულია კანონპროეტქში, თუმცა იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ დარჩენილი რეკომენდაციების მნიშნელოვანი გათვალისწინება მოხდება. ამ კანონმდებლობის მნიშვნელობა უფრო მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაშია, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა კვალიფიკაციაზე დაყრდნობით და რატომ აირჩა მოსამართლე, ან რა იყო მისი სასამართლო კოლეგიიდან გათავისუფლების მიზეზი. კანონმდებლობის მიზანია გაგრძელდეს მუშაობა უფრო გამჭვირვალე და კვალიფიკაციაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

კითხვა მცოცავი ოკუპაციისა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მიმდინარე მოვლენების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ვიცი, რომ ნებისმიერ დროს, ბორდერიზაციის მცდელობა ძალიან შემაშფოთებელია მათთვის, ვინც თვალს ადევნებს ამ პროცესს და კონფლიქტის გადაჭრის იმედი აქვს. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერს ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით და გავიმეორებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან უნდა წაიღოს ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ეს რუსეთს 12 წლის წინ უნდა გაეკეთებინა, რადგან თქვა, რომ გააკეთებდა და ახლაც უნდა შეასრულოს.

კითხვა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩემი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობაა შევხვდე რაც შეიძლება მეტ ქართველს, იქნებიან ეს ბიზნესმენები, სტუდენტები, მედიისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ჩემი მოვალეობაა განვიხილო სხვადასხვა საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე საქართველოსთვის. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, საარჩევნო პერიოდში, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს გაიგოს, რა არის პრიორიტეტული ქართველი საზოგადოებისთვის, რა სამოქმედო გეგმით ხელმძღვანელობენ პარტიები და რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უფრო დიდი თანამშრომლობისთვის.

კითხვა „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებისა და ზოგადად წინასაარჩევნო გამოკითხვების შესახებ. ასევე, რა გავლენას ახდენს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობაზე

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: გამოკითხვები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, ძალიან ღირებულია, რომ „ედისონის“ მსგავსი პატივსაცემი ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგები გვქონდეს. როგორც ვიცი, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიც“ გამოაქვეყნებს თავისი კვლევის შედეგებს. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვისაც, რომ გაიგონ ამომრჩევლის პრიორიტეტები და დაგეგმონ მათზე მორგებული კამპანიები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პატივსაცემი ორგანიზაციების კვლევები, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიებით არის ჩატარებული, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი საარჩევნო პერიოდში.