მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს ამერიკის საელჩოში დღეს საღამოს. მინისტრმა და მე ახლახან დავასრულეთ კონსულტაციები სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ჩვენი რეაგირების ძალისხმევის შესახებ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის კრემლის მიერ შექმნილი კრიზისი. გაუგებარია, რატომ ცდილობს რუსეთი ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას – შესაძლოა, ამით ცდილობს შიდა პრობლემებისგან რუსი ხალხის ყურადღების გადატანას ან ნატოს ერთობის შესუსტებას. ერთი რამ კი ცხადია, სწორედ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა და სწორედ რუსეთმა მოახდინა უკრაინის საზღვარზე ჯარების მობილიზაცია მუქარის ნიშნად.
რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის და ეს ასეა ბოლო ორი ათწლეულის უმეტესი დროის განმავლობაში. ახლა რუსეთი ცდილობს შეცვალოს ძალისმიერი მუქარით სამი ათწლეულის მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.
ნატო 70 წლის წინ დაარსდა, როგორც თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას ესწრაფვის. ნატომ შესთავაზა რუსეთს ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით საუბარი, რა მიზნისთვისაც ეს საბჭოა შექმნილი, მაგრამ რუსეთმა უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე. თუ ახლა კრემლი სერიოზულად უყურებს დიალოგს, მან უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რაც თავად რუსეთმა შექმნა. როგორც გუშინ სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა თუკი რაიმე გამოწვევა დგას ევროპული უსაფრთხოების წინ, ის რუსეთისგან მოდის და არა ნატოსგან.
რუსეთის რიტორიკა ვერ გადაფარავს რომ:
– რუსეთი შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყნებში დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებში და ახლა მისი ჯარები განლაგებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებზე.
– რუსეთია ის, ვინც გამოიყენა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ხოცავდა და ხოცავს ხალხს მთელ ევროპაში.
– რუსეთია, რომელიც აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციასა და ტყუილს ევროპაში დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვის.
მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა ახლაც და ადრეც, ევროპა კვლავ ერთიანია. შეერთებულმა შტატებმა, ნატომ და ევროპელმა ლიდერებმა დაადასტურეს ჩვენი ერთობლივი ერთგულება დიალოგისა და დიპლომატიის მიმართ და აღნიშნეს, რომ ჩვენთვის აუცილებელია, რუსეთმა განახორციელოს კონკრეტული ქმედებები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, თუ გვინდა, რომ დიპლომატია წარმატებული აღმოჩნდეს.
ამ კვირის მაღალი დიპლომატიის თანმიმდევრულად ჩვენი შემდგომი მოქმედებისას ვიხელმძღვანელებთ ამ უმთავრესი პრინციპებით:
– გადაწყვეტილებების მიღება ნატოს წევრობასთან დაკავშირებით თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასა და ნატოს 30 მოკავშირეზეა დამოკიდებული. სხვა ვერავის ექნება ხმის ან ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებებზე.
– ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ევროპის შესახებ ევროპის გარეშე. ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ნატოს შესახებ ნატოს გარეშე, და ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქარათველოს გარეშე.
ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება აირჩიონ თავისი ეკონიმიკისა და უსაფრთხოების სფეროს პარტნიორები.
– საერთაშორისო სამართლის ძირითადმა პრინციპებმა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოუტანა საერთო მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. ეს ის პრინციპებია, რომლებსაც რუსეთის ლიდერები არაერთხელ დაეთანხმნენ. ყოველმა ჩვენგანმა მტკიცედ უნდა უარყოს პრეზიდენტ პუტინის მცდელობა, ჩაანაცვლოს ეს პრინციპები საბჭოთა მსგავსი დომინირებით, ჩაგვრითა და კონტროლით.
– საქართველო კარგად იცნობს რუსეთს თქვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორიიდან. საქართველო ნატოსა და შეერთებული შტატების ღირებული პარტნიორია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ კრიზისზე პასუხის გასაცემად, ვაგრძელებთ რა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობას.
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს იმ მუდმივი კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რომელიც გვაქვს ჩვენი რეგიონისა და, ზოგადად, ევროპული უსაფრთხოებისთვის ამ მნიშვნელოვანი განვითარებების და რუსეთთან მიმდინარე დისკუსიების ფონზე. ჩვენ გვქონდა აქტიური კომუნიკაცია ამ მოლაპარაკებების დაწყებამდეც და, როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს, ხოლო დღეს, ამ კვირის განმავლობაში რუსეთთან გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა ჩემი საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან.
- დღევანდელი გამოწვევებისა და დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის მუდმივი კოორდინაცია და ეს პროცესი რასაკვირველია მომავალშიც გაგრძელდება და დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ ამ კუთხით ჩვენი სამომავლო გეგმებიც განგვეხილა.
- დღევანდელი საუბრის შედეგად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროცესების იდენტური აღქმა და შეფასება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი პარტნიორობის სიღრმესა და სიმტკიცეს.
- ჩვენი პოზიცია ურყევია – როგორც საქართველოსთვის, ასევე, ჩვენი პარტნიორებისთვის სრულიად მიუღებელია რუსეთის მცდელობები ძალის მუქარითა და ამ აგრესიული რიტორიკით მოახდინოს ევროპის გადანაწილება და საკუთარი გავლენის სფეროების ლეგიტიმაცია. სწორედ ასეთი მცდელობებით, აგრესიით რეგიონში, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციითა და ანექსიით, საერთაშორისო ვალდებულებების მუდმივი შეუსრულებლობით, რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დანგრევას.
- განსაკუთრებით ცინიკურია ის, რომ რუსეთი თავად არის იმ შეთანხმებების ხელმომწერი, რომლის თანახმადაც ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და მიიღოს გადაწყვეტილებების უსაფრთხოების ალიანსებთან დაკავშირებით.
- რუსეთი ითხოვს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებს, მაშინ, როდესაც თავად წლების მანძილზე თავს არიდებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას საქართველოსთან მიმართებით. ჩვენს მიერ აშშ-თან, ასევე, ნატო-ს მოკავშირეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, იმ მხარდამჭერი გზავნილების ფონზე, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, როგორც საჯაროდ, ასევე, დახურული შეხვედრების ფორმატში, ცხადია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვა არ მოხდება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია.
- აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ. ჩვენ საერთო საფრთხისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ – 2008 წელს საქართველომ გამოიარა რუსეთის აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დღესაც გრძელდება. მსოფლიომ, ჩვენმა პარტნიორებმა აღარ უნდა დაუშვან ისტორიის გამეორება და ის, რომ უკრაინასთან დაკავშირებული პროცესები კიდევ ერთხელ ამ მიმართულებით წავიდეს. სწორედ ამიტომ ძალიან ვაფასებთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩართულობასა და დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც სწორედ ამ მიზნისკენაა მიმართული.
- ჩვენი მტკიცე პარტნიორობა და დღევანდელი გამოწვევების ფონზე ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე კოორდინაცია კიდევ ერთი ხაზგასმაა, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ის ყველაზე ახლო და საიმედო მოკავშირეა და მზად ვართ მომავალში კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ რეგიონში უსაფრთხოების განსამტკიცებლად.