Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ციფრული განათლების დახურვის ღონისძიებაზე
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ივნისი 29, 2021

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი: შესანიშნავი შესაძლებლობაა, აღვნიშნოთ ათთვიანი პროგრამის დასკვნითი ეტაპი, რომლის მიზანი ციფრული გზით სწავლების მეთოდების მოდერნიზაციაა. ეს არის 1.5 მილიონიანი ღირებულების პროგრამის ნაწილი, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს მთელ საქართველოში, 300 სხვადასხვა პროექტის სახით და რომლებიც შექმნილია და ხორციელდება ჩვენი გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულების მიერ. ამ შემთხვევაში, ქედისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებისთვის ეს იყო შესაძლებლობა, მასწავლებლებს იმ ახალი უნარ-ჩვევების განვითარებაში დავხმარებოდით, რაც მათ სტუდენტებისათვის კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და ლიდერობის შესწავლისთვის სჭირდებათ. ეს ის უნარებია, რომლებიც დღეს ყველას უნდა ჰქონდეს მსოფლიო ასპარეზზე გამოსასვლელად და კარგი სამსახურის საშოვნელად. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ ამ მშვენიერი პროექტის მხარდასაჭერად.

კითხვა მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებისა და მოსამართლეთა ერთობლივი განცხადების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით მოსამართლეთა კომენტარებით, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად ისინი მზად არიან, ყველასთან ითანამშრომლონ. ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო დონორები 25 წელზე მეტია საქართველოს სწორედ სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. ეს კი იმიტომ ხდება, რომ კანონის უზენაესობა და ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ასევე შეთანხმდნენ სასამართლო რეფორმაზე ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შესახებ. 19 აპრილის შეთანხმება ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც გულისხმობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დროებით შეჩერებას მანამ, სანამ არ ჩატარდება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული დისკუსია და კონსულტაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სასამართლო რეფორმა საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერებისა და გაუმჯობესებისთვის. ვფიქრობ, ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს დებატები, კონსულტაციები, რომელიც სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს, მალე შესაძლოა დაინტერესებული მხარეებთან: სამოქალაქო საზოგადოებასთან, პროფესიულ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩატარდეს. ეს არის ის, რის შესახებაც შეთანხმდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები 19 აპრილის შეთანხმებით, არანაირი ცალკეული და საიდუმლო შეთანხმება არ მომხდარა. ყველაფერი აქ, 19 აპრილის შეთანხმებაშია ნათლად ჩაწერილი.

დამატებითი კითხვა: არღვევს თუ არა მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას მოსამართლეების დანიშვნით და რა ბერკეტები გვაქვს პროცესის დროებით შესაჩერებლად?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი კანდიდატები წარმოადგინა, ახლა პარლამენტმა უნდა დაიცვას შეთანხმება, რომელსაც დეპუტატებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა 19 აპრილს მოაწერეს ხელი, და რომელიც მოიცავს ძალიან ცხად დებულებას – დროებით შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, სანამ არ ჩატარდება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული კონსულტაცია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. შეთანხმებაში მოცემულია საჭირო ტიპის სასამართლო რეფორმის გზამკვლევი, მათ შორის, მესამე და მეოთხე ტალღების შეფასება, თუ როგორ ხდება მისი იმპლემენტაცია, სად არის საჭირო კიდევ უფრო გაუმჯობესება. ეს უნდა მოხდეს თანამშრომლობითა და კონსულტაციებით, როგორც საარჩევნო რეფორმის შესახებ კანონმდებლობის შემუშავებისას მოხდა. სწორედ ამის გაკეთებაზე შეთანხმდნენ მხარეები და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რასაც ყველა ადამიანი ელოდება. ახლა ბურთი პრინციპში პარლამენტის მოედანზეა. პარლამენტს აქვს ამ პროცესის შეჩერების უფლებამოსილება, რაზეც ისინი თავად დათანხმდნენ.

კითხვა საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის საბოლოოდ მიღებასთან დაკავშირებით და იმის შესახებ, რომ პარტია ლელომ არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელი მოაწერეს 19 აპრილის შეთანხმებას.

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის შემუშავების მიზნით ჩატარდა ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესი ოპოზიციისა და დაინტერესებული მხარების მონაწილეობით. 19 აპრილის შეთანხმებაში განხილული საკითხის მიღმა დაემატა გარკვეული ელემენტები, რაც საკმაოდ სამართლიანია. ოპოზიციის ნაწილმა არ გაიზიარა ეს დამატებები, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხდება პარლამენტში, როგორც უნდა ხდებოდეს კიდეც. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამგვარი დებატებისა და კონსულტაციების გამართვა ყველა მხარესთან, ნაცვლად ცალმხრივი მოქმედებებისა, რომელიც სულაც არ ასახავს ყველა ხმას, ყველა იმ პარტიას, რომლებიც ქართველმა ამომრჩევლებმა აირჩიეს გასული წლის ოქტომბერში. გმადლობთ.

კითხვა პრაიდის კვირეულისა და გარკვეული ჯგუფების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციების ჩატარების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: საქართველო ას წელზე მეტია იბრძვის ადამიანის უფლებებისთვის. გარკვეულ პირებს აშკარად სურთ ძალადობის გამოყენება, რათა ხელი შეუშალონ საქართველოს მოქალაქეების გამოხატვისა და შეკრების ძირითად თავისუფლებებას. ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომლებსაც ევალებათ საქართველოს მოქალაქეების მიერ შეკრებისა და გამოხატვის ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფა. ჩვენ, ყველას, იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება მშვიდობიან გარემოში, ძალადობის გარეშე, რათა ამ პირებს ხელი არ შეეშალოთ ადამიანის უფლებების, მათი ძირითადი თავისუფლებების განხორციელებაში. სულ ეს არის.