
კითხვა ღონისძიების შესახებ
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს საბაჟო ადმიანისტრაციასთან ერთად აღვნიშნავთ საბაჟოს საერთაშორისო დღეს. ეს არის მებაჟე ოფიცრების ყოველდღიური საქმიანობის დაფასების დღე. თქვენ თავად ხედავთ, თუ როგორ ამარტივებენ ისინი კანონიერი საქონლის შემოსვლასა და გასვლას საზღვარზე, თუმცე თქვენ შეიძლება ვერ ხედავდეთ იმ მძიმე შრომას, რომელსაც ისინი საქართველოს უკანონო კონტრაბანდისგან დასაცავად წევენ. ისინი საქართველოს ნამდვილი გმირები არიან და დღევანდელი დღე სწორედ მათ მიერ გაწეული საქმიანობის დაფასებას ეძღვნება, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.
კითხვ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში სავარაუდო შესვლასთან დაკავშირებით, რას შეცვლის ეს ქმედება?
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ცხადია, შეერთებული შტატები საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული ყველა პარტიას, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობას, მოუწოდებს, რომ შევიდეს პარლამენტში, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკუთარი შეხედულებებისა და ინტერესების ადვოკატირებისთვის საუკეთესო ადგილი პარლამენტია. გამოიყენეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა აშენებასაც საქართველო ცდილობს და შექმენით წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც ასახავს საქართველოს მოქალაქეების შეხედულებების მრავალფეროვნებას. ასე რომ, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა შევა პარლამენტში. გაგვიხარდება იმის ნახვა, თუ როგორ იმუშავებს ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთად ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის. ამას დასჭირდება მოლაპარაკებები; ამას დასჭირდება დრო; ამას დასჭირდება ბევრი განსჯა და განხილვა, თუმცა ასე ხდება, როცა პარლამენტი ფუნქციონირებს. ვფიქრობ, საქართველოს ინტერესებშია, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კეთილსინდისიერად იმუშაოს ერთობლივად ინიციატივების მიღებასა და განხორციელებაში, რომელიც ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.
კითხვა 30 წლის თანამშრომლობის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ელჩის მიერ წარმოთქმულ ფრაზასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს ინსტიტუტები ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიის იდეალებს
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: როგორც აღვნიშნე, ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ ამ ქვეყანაში ღრმა პოლარიზება არის, თუმცა ეს [ციტატა] უფრო ძირეულად მიემართება იმ ფაქტს, რომ საქართველო 20 წელზე მეტია ცდილობს დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებას და ეს საკმაოდ მცირე პერიოდია. რა თქმა უნდა, მეტია გასაკეთებელი. ყველა ხედავს, რომ არსებული პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა ამ მიმართულებით უფრო მეტია გასაკეთებელი. ჩვენ [ამერიკის] დემოკრატიაზე 245 წელია ვმუშაობთ და ვხედავთ, რომ კვლავ მეტია გასაკეთებელი. ნამდვილად ჯანსაღი დემოკრატია არასდროს წყვეტს რეფორმირებასა და გაუმჯობესებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის უკეთესი გზების ძიებას, რადგან ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. იმედია, ასე მოხდება საქართველოშიც. გავიმეორებ, ბოლო 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი არის მიღწეული და ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს: ქვეყანას სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ეს არის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის საუკეთესო საშუალება. ჩვენი აზრით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორც საქართველოს,, ისე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საუკეთესო გარანტიაა.
კითხვა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების პოსტებზე კანდიდატების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩემი აზრით, ამ საკითხზე ქართული საზოგადოების მოსაზრება ყველაზე მნიშვნელოვანია. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა ქართულ საზოგადოებას ჰქონდეს რწმენა ამ პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით და რათა ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე წარმოდგენილი კანდიდატები იყვნენ ის ადამიანები, ვინც მიუკერძოებლად და პროფესიონალურად ჩაატარებს თქვენს არჩევნებს. ცხადია, ბოლო რამდენიმე არჩევნები სადავო იყო და საზოგადოებას სჭირდება დაინახოს, რომ ახლა მას ეყოლება ცესკოს ადმინისტრაცია, რომელსაც ის ენდობა არჩევნების მიუკერძოებლად და პროფესიონალურად ჩატარების კუთხით. ასე რომ, იმედია შედეგი ამგვარი იქნება: გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ამ პოზიციებზე დანიშნავს კვალიფიციურ ლიდერებს, რომელთაც ხალხის ძირითადი ნაწილის ნდობა ექნებათ.
პირველ კითხვასთან დაკავშირებით მსურს დავამატო სათქმელი, რომელიც გამომრჩა: ჩვენ შემოსავლების სამსახურის საბაჟო ადმინისტრაციასთან ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც აქაურ საინფორმაციო სისტემის მოდერნიზებას ისახავს მიზნად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სისტემის მოდერნიზება და გაუმჯობესება ხელს შეუწყობს საქონლის დამუშავებასა და ინფორმაციის გაზიარებას იმის შესახებ, თუ რა შემოდის და გადის საქართველოდან. ასე რომ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციასთან ჩვენი პარტნიორობის გაგრძელების ნიშანი.