კითხვა შეხვედრის შესახებ
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა მინისტრ ტიკარაძესა და მინისტრის პირველ მოადგილე, გაბუნიასთან. ჩვენ ყველანი შეწუხებული ვართ საქართველოში COVID-ის ძალიან მაღალი მაჩვენებლებით და, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დაავადების შემთხვევათა შესამცირებლად, და რაც მთავარია, ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად. აქ ორი წლის წინ ჩამოვედი, მაშინ ცოტა რამ თუ იყო COVID-ზე ცნობილი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ მის შესახებ და, რაც მთავარია, ჩვენ შევიტყეთ, რომ ვაქცინას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ეს არის ერთადერთი გზა, რომ დაიცვათ თქვენი საყვარელი ადამიანები ამ ვირუსისგან. საქართველოში ბევრმა გადაიტანა კოვიდი ან იცნობს ადამიანებს, რომლებმაც მძიმედ გადაიტანეს დაავადება, საავადმყოფოში აღმოჩდნენ, ან გარდაიცვალნენ. სამწუხარიდ, 10 000-ზე მეტი ქართველია გარდაცვლილი COVID-ით. ეს სერიოზული დაავადებაა, მაგრამ მეცნიერების დახმარებით, ჩვენ მასზე რეაგირების საშუალება გვაქვს – ეს ვაქცინაა.
დღეს მინისტრთან განვიხილეთ სხვადასხვა მიდგომები ვაქცინაციის წასახალისებლად, რათა დავიცვათ ჩვენი საყვარელი ადამიანები და საზოგადოება, რათა ისევ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამას კი ვერ გავაკეთებთ, სანამ საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება.
შეხვედრის დროს ასევე ნაყოფიერი იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ შეუძლია შეერთებული შტატების მთავრობას გააგრძელოს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა პანდემიაზე რეაგირების კუთხით. ჩვენ ორი წელია ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან, ასევე საქართველოს წითელ ჯვართან, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. რა თქმა უნდა, მზად ვართ დაგეხმაროთ ყველანაირად, რაც შეგვიძლია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ვაქცინა უსაფრთხო და მნიშვნელოვანი მათთვის და მათი საყვარელი ადამიანებისთვის. იმედია, რომ შევძლებთ დახმარებას ამ მნიშვნელოვან დროს.
კითხვა მწვანე პასპორტის გამოყენებასთან დაკავშირებით
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: მწვანე პასპორტის ინიციატივა ძალიან წარმატებულია ამერიკის ბევრ შტატში, საფრანგეთში, უკრაინასა და რუმინეთში. ის დაეხმარა ადამიანებს გააცნობიერონ, რომ ვაქციანცია გვაძლევს საშუალებას დავუბრუნდეთ ნორმალურ, ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს ასევე ხელსაყრელია ეკონომიკის აღდგენისთვის, რადგან ბიზნესს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ასე რომ, მწვანე პასპორტს ნამდვილად შეუძლია ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ ვითარებაში და ის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა სხვა ქვეყნებში. იმედია საქართველოშიც ასე იქნება. გმადლობთ.