კითხვა ღონისძიების შესახებ
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მოხარული ვარ, რომ მწერალთა სახლში ლიტერატურის ფესტივალის გახსნას ვესწრები. ამერიკის საელჩო ამ ფესტივალს უკვე 6 წელია უჭერს მხარს – ეს არის რიგით მეექვსე წლიური ღონისძიება. ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს, რომ წელს ფესტივალი ეძღვნება ამერიკელ მწერალს, ლოურენს ფერლინგეტის, რომელიც ჩემი მშობლიური ქალაქიდან, სან-ფრანცისკოდან არის. ეს ფესტივალი ქართველი და ამერიკელი ხალხის ლიტერატურისა და პოეზიისადმი საერთო სიყვარულის მშვენიერი გამოვლინებაა. მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ მწერალთა სახლის საქმიანობას, ისევე როგორც ქართულ ლიტერატურას ამერიკული კუთხეებისა და ამერიკული თაროების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით.
კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი?
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქართველი ინტერესდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკის საელჩო და ვაშინგტონი დიდი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. იმედია, არის სივრცე იმისათვის, რომ ყურადღება გავამახვილოთ მოახლოებული არჩევნების მეორე ტურზე, რომლითაც ბატონი სააკაშვილიც ძალიან დაინტერესებულია. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატებმა საკუთარი პროგრამები და გეგმები კამპანიის მეშვეობით ამომრჩევლამდე მიიტანონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იყოს მშვიდი და ხელსაყრელი გარემო 30 ოქტომბრის მეორე ტურისთვის. ჩვენ ზუსტად ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ჩვენ გავაგრძელებთ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობისადმი დაკვირვებას.
კითხვა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, პრემიერმინისტრის აგრესიული რიტორიკისა და სააკაშვილის პატიმრობის გათვალისწინებით, არის თუ არა ეს ნორმალური საარჩევნო გარემო და რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ?
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: არა მგონია ოდესმე თავს მივცე უფლება და დავახასიათო, თუ რა არის ნორმალური პოლიტიკა საქართველოში. არც ის იქნებოდა შესაფერისი, საქართველოს მთავრობისთვის მეთქვა, თუ რა უნდა გააკეთონ მათ. რაც შემიძლია ვთქვა, არის შემდეგი – როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტურისთვის საარჩევნო გარემო იყოს მშვიდი და ჩატარდეს ისე, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად ხმის მიცემის შესაძლებლობა, რომ მათ იგრძნონ თავი ინფორმირებულად, რადგან ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ სხვადასხვა კანდიდატისთვის. ვფიქრობ, ყურადღება უნდა გამახვილდეს საკითხებსა და კანდიდატებზე და არ უნდა ჰქონდეს ადგილი თავდასხმებს ერთმანეთის მიმართ, მითუმეტეს ძალადობას ან რაიმე სახის აგრესიულ მიმართვას.
კითხვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის შესახებ
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მოხარული ვართ, რომ მდივანი ოსტინი საქართველოს ხვალ ეწვევა. ეს არის მკაფიო ნიშანი იმისა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოებისა და ჩვენი თანამშრომლობის მხარდაჭერას. შეხვედრებზე განიხილება ამერიკისა და საქართველოს ერთობლივი ქმედებები, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ეს იქნება ახალი თავი იმ ხანგრძლივი ინიციატივების სერიაში, რომელზეც საქართველომ და ამერიკამ იმუშავა. ჩვენ მართლა მოუთმენლად ველით მდივანი ოსტინის მიღებას. გავიმეორებ, რომ ეს [ვიზიტი] არის ნიშანი იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოება კვლავ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის. გმადლობ!