Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან USAID-ის “ზრდა” პროექტის დახურვის ღონისძიებაზე
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ნოემბერი 19, 2021

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ნამვილად მოხარული ვარ, რომ დღეს აღვნიშნავთ USAID “ზრდა” პროგრამის წარმატებულ დასასრულს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს პროგრამა ემსახურებოდა საქართველოს რეგიონების, განსაკუთრებით ადმინისტრატიული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაძლიერებას. ამ პროგრამამ კარგი სამუშაო ადგილები შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით. მან ათასობით ქართველი ოჯახისთვის შექმნა შემოსავალი და გააუმჯობესა როგორც პროდუქტიულობა ისე ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტის ხარისხი, ასევე დაეხმარა მეწარმეებს მთელ ქვეყანაში. ამ პროგრამის დიდი წარმატება ძალიან გვახარებს და ვაპირებთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან ვიცით, რომ ეს ქვეყნის გულია. მოუთმენლად ველით უახლოეს პერიოდში ახალი ინიციატივების დაწყების გამოცხადებას, რომლებიც “ზრდა” პროგრამის წარმატებას მოჰყვება. მადლობა.

კითხვა სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩვენ ძალიან გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, არ უნდა იყოს კამათი საჭირო ზრუნვის უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლო ნაბიჯის გადადგმაზე. ჩვენ დიდ ნდობას ვუცხადებთ სახალხო დამცველს, მის გუნდსა და სამედიცინო ჯგუფს, რომელიც მისი ეგიდით მუშაობს. მათი შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მას სჭირდება სრული ზრუნვა გადაუდებელი საჭიროებების აღმოსაჩენად, რაც უფრო და უფრო გახშირდება, თუ ის შესაბამის დაწესებულებაში არ იქნება გადაყვანილი. ვფიქრობ, ხედავთ, რომ ამას დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ აშშ-ის საელჩოში, არამედ ვაშინგტონში და საქართველოს სხვა მეგობრების მიერ, როგორიცაა ელჩი იან კელი, რომლებიც შეშფოთებით აკვირდებიან სიტუაციას. ძალიან ძნელია იმის გაგება, თუ რატომ არ ხდება სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად ზომების მიღება ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, რომელიც მზარდი რისკის ქვეშ იმყოფება.

კითხვა მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას დედის მიმართვის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ცხადია, ორ კვირაზე მეტია ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ძალიან გვაწუხებს. მან აღნიშნა, რომ ამას აკეთებს, რადგან თვლის, რომ ეს ხელს შეუწყობს მისი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობას. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ის იმედოვნებს, რომ ეს გააერთიანებს ხალხს, რათა მოხდეს რაიმე სახის დიალოგი იმ ღრმა პოლარიზაციის მოსაგვარებლად, რომელიც ამ ქვეყანის პარალიზებას ახდენს. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის იღებს კარგ სამედიცინო დახმარებას და რომ საკუთარ ჯანმრთელობას უდიდესი საფრთხის წინაშე არ აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება ძალიან ერთგული იყოს თავისი საქმის მიმართ.

იგივეს ვფიქრობთ სხვა მოშიმშილეებთან მიმართებაშიც, რომლებიც საკუთარი იდეისთვის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას დიდი საფრთხის წინაღე აყენებენ. იმედი მაქვს, რომ ისინი იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას, რათა შეძლონ ამ საფრთხის გადალახვა. აშკარაა, რომ ისინი მოქმედებენ თავიანთი რწმენით, მაგრამ ძალიან შემაშფოთებელია სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დიპლომატიური საზოგადოება, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები, აკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია – დიდ ნაწილს თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ამ სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრისთვის, რათა უზრუნველვყოთ ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. მადლობა.

კითხვა სახალხო დამცველის მიმართ ზეწოლის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: უბრალოდ მიუღებელია სახალხო დამცველის ინსტიტუტის შელახვის ან მუქარის მცდელობები. სახალხო დამცველი და მისი გუნდი აკეთებს ზუსტად იმას, რაც საქართველოს კონსტიტუციით მათ უფლებამოსილებაშია. ისინი არიან საქართველოს ყველა მოქალაქის, ადამიანის უფლებების დამცველები და ისინი წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებენ ინტენსიური ზეწოლის ქვეშ, რათა საქართველოს მოქალაქეებს ზუსტი, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ. ამის სერიოზული დეფიციტია და სახალხო დამცველის აპარატი პროფესიონალურად, მიუკერძოებლად და ჩემი აზრით საკმაოდ შთამბეჭდავად ასრულებს თავის როლს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდ ნდობას ვუცხადებთ მის გუნდს. შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ, არის ის, რასაც ქართველი ხალხი შეიძლება დაეყრდნოს, როგორც ობიექტურ და ზუსტ ინფორმაციას. ის იმსახურებს დიდ მხარდაჭერას, როგორც უკვე ვთქვი, ის იმსახურებს შექებასა და დაფასებას და არა კრიტიკას.