კითხვა პროფესიული განათლების პროგრამის დაჯილდოების ცერემონიალთან დაკავშირებით
ელჩი კელი დეგნანი: დღეს ჩატარდა ტექნიკური და პროფესიული განათლების პროგრამის მეოთხე ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაფასოთ ის ინოვაცია და წვლილი, რომელიც პროფესიულ განათლებას შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. აშშ-ის საელჩო სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომ განავითაროს ქვეყანაში პროფესიული განათლების შესაძლებლობები.
კითხვა: ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ კონგრესმენებმა მაიკ პომპეოს მიწერეს წერილი, სადაც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია „რუს ოლიგარქად“. როგორ შეაფასებთ, ამერიკის პარტნიორი ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერი მოხსენიებულია „რუს ოლიგარქად?“
ელჩი კელი დეგნანი: როგორც იცით, ჩვენს ქვეყანაში მკაფიო დაყოფაა ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის. შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რომ გავაკეთო განცხადება უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესის წერილზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი შეშფოთება თუ მესიჯი, რომელიც მოდის კონგრესიდან, იყოს აღქმული სერიოზულად, რადგან ეს ადამიანები დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს და ზრუნავენ მის წარმატებაზე. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ექვსი თვის განმავლობაში მქონდა ურთიერთობა როგორც ქართული ოცნების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჰყავს ლიდერები რომლებიც არიან ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგულნი და აკეთებენ ყველაფერს, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობასა და განვითარებას, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
კითხვა: რამდენად არის 8 მარტის ხელშეკრულება სრულად შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებები და უშუალოდ, რა თქმა უნდა, რურუას საქმის შეფასებას არ გთხოვთ, თუმცა დღეს როგორ ხედავს შეერთებული შტატები ქართული მართლმსაჯულების სისტემას?
ელჩი კელი დეგნანი: ვიმედოვნებ, რომ მოსამართლეს, რომელმაც ბატონი რურუას განაჩენი გამოიტანა, ჰქონდა საშუალება გადაწყვეტილება მიეღო დამოუკიდებლად, ნებისმიერი პოლიტიკური სახის ჩარევის გარეშე. ვიცი, რომ თავდაპირველად იყო გარკვეული კითხვები, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდანაც ბატონი რურუას ბრალის ფაქტობრივ საფუძველზე და იყო კითხვები აშშ-ის საელჩოსა და სხვების მხრიდანაც, რურუას დაკავებისა და სამართლებრივი დევნის დაწყების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით. ადრეც მითქვამს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს განვითარებისთვის, იმისათვის, რომ საქართველის მოსახლეობა ენდობოდეს სასამართლოსა და მოსამართლეებს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; იმისათვის, რომ ინვესტორებმა განახორციელონ ინვესტიციები და ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიული პროგრესი.
კითხვა: როგორ შეაფასებთ საქართველოს მთავრობის რეაგირებას კორონავირუსის პანდემიაზე?
ელჩი კელი დეგნანი: ვფიქრობ, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა საქართველოს ძალიან ეფექტური და პასუხისმგებლიანი რეაგირება ამ უპრეცედენტო პანდემიაზე და ჩვენ ასევე, ვაფასებთ ქართველი ხალხის დამოკიდებულებას და მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვას. რა თქმა უნდა, ახლა მთავარი გამოწვევა ეკონომიკის აღდგენაა და მთავრობა ამასაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ცდილობს ეს ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს.