Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანის პირველი ვიზიტი აჭარის რეგიონში (16 ივლისი)
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ივლისი 16, 2020

ბათუმში პირველი ვიზიტისას ელჩი დეგნანი შეხვდა განათლების სფეროს მოღვაწეებს, ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. მისმა ვიზიტმა დემონსტრირება მოახდინა შეერთებულ შტატებსა და აჭარას შორის არსებული მტკიცე კავშირის მასშტაბისა, რომელიც მოიცავს განათლების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისა და მრავალ სხვა სფეროს.

ელჩი შეხვდა ბათუმის ვიცემერ ჯაბა ტუღუშს და მასთან ერთად დაათვალიერა ბათუმის ამერიკული კუთხე, სადაც სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი პროექტები რობოტიკის, ვირტუალური რეალობისა და სამგანზომილებიანი ანიმაციის განხრით. ეს ყოველივე ზუსტი მეცნიერებების, STEM განათლების განვითარებისათვის კეთდება.

ელჩი ასევე შეხვდა ორატორული ხელოვნების კლუბ „ქალთა ხმების” ახალგაზრდა ქალ წევრებს, რომლებმაც ადგილობრივი და გლობალური საკითხები განიხილეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელიც FLEX პროგრამის მონაწილეა, ერთ-ერთი იყო აშშ-ის გაცვლითი პროგრამების იმ მრავალ კურსდამთავრებულთაგან, ვისაც ელჩი ამ ვიზიტისას შეხვდა. ასევე, ელჩი შეხვდა მასწავლებლებს, პროფესორებსა და ჟურნალისტებს, რომლებმაც ჩვენს პროგრამებში მიიღეს მონაწილეობა.

ბათუმში ვიზიტის შემდეგ ელჩი დეგნანი „PACE ტერმინალს” ეწვია. ეს ქართულ-ამერიკული კომპანიაა, რომელიც ფოთის პორტში თითქმის 30 წელია მოღვაწეობს. აღნიშნული კომპანიის გაფართოებას 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით აფინანსებს აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია”. ამ გაფართოებით ქალაქ ფოთში დამატებითი 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარი დაეჭირება. ელჩმა ვიზიტისას ნახა, აშშ-ის მთავრობის დახმარებით, როგორ შეაქვთ წვლილი ორივე ქვეყნის კეთილდღეობაში ქართველ და ამერიკელ ბიზნესლიდერებს.

„PACE ტერმინალის” შემდეგ ელჩმა აშშ-ის მიერ საქართველოს სანაპირო დაცვისთვის გადაცემული შვიდი გემიდან ერთ-ერთით პორტის გასწვრივ გაცურა. საქართველოს სანაპირო დაცვასთან მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის სახელმწიფოს არაერთი დეპარტამენტი და სააგენტო, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს უნარს, დაიცვას თავისი საზღვაო უსაფრთხოება და წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში. სანაპირო დაცვის წევრებმა ელჩს გაუზიარეს ინფორმაცია ნატოს მოკავშირეებთან თავსებადობის კუთხით პროგრესის შესახებ და აღნიშნეს, რომ ამ დროისათვის სანაპირო დაცვის 280-მა თანამშრომელმა გაიარა აშშ-ის უმაღლესი დონის ტრენინგი. რეგიონულ სტაბილურობაში წვლილის შეტანის მიზნით კი, აღნიშნული თანამშრომლები ახლა უკვე უკრაინელ კოლეგებს უტარებენ ტრენინგს.

ასევე, ელჩი კელი დეგნანი პირველად საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC-ს) ესტუმრა და მიმდინარე თანამშრომლობაზე ცენტრის უფროსს, შოთა მიროტაძეს ესაუბრა. ამერიკის საელჩო სიამაყით დაეხმარა საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) ჩამოყალიბებაში და აგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას ცენტრის განსავითარებლად ტრენინგებით, წვრთნებითა და აღჭურვილობით. ეს ცენტრი საქართველოს საზღვაო სივრცის დაცვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.