Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ლტოლვილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ივნისი 19, 2021

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: მართლაც დიდი პატივია აქ მყოფ საზოგადოებასთან ერთად აღვნიშნო ლტოლვილთა მსოლიო დღე. შეერთებული შტატები მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია ლტოლვილების, დევნილების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა პირთათვის. მხოლოდ საქართველოში, გასულ წელს, შეერთებულმა შტატებმა სამი მილიონი აშშ დოლარის დახმარება გაუწია იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირებს კოვიდის საპასუხოდ პირობების გასაუმჯობესებლად. ასევე, გასული წლების განმავლობაში არაერთი პროგრამით დავეხმარეთ საქართველოში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი პირობების, ჯანდაცვის, საყოფაცხოვრებო პირობებისა და სუფთა სასმელი წყლის უზრუნველყოფით. ასე რომ, დღევანდელი ღონისძიება მართლაც მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასასმელად, რომ ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს და იმის დასადასტურებლად, რომ აუცილებელია დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც ეს უკიდურესად სჭირდებათ. მადლობა.

კითხვა სააჩევნო რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით და ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ვენეციის კომისია უაღრესად პატივსაცემი ორგანიზაციაა, რომელიც ძალიან სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ვენეციის კომისიას განსახილველად გაუგზავნა კანონპროექტი. ახლა მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ასახოს გუშინ წარმოდგენილი რეკომენდაციები. დასკვნაში მითითებულია, რომ კანონპროექტში ძირითადი ასპექტები არ იყო შეტანილი და მათი ჩასმა აუცილებელია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი გამოიყენებს ამ სესიის დარჩენილ რამდენიმე დღეს და შეიტანს იმ ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა, მათთან ერთად ასახავს იმ მნიშნელოვან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რომელიც ვენეციის კომისიამ და ODIHR-მა სხვადასხვა პერიოდებში გამოაქვეყნა. ეს არის ის, რაც მოსახლეობას სჭირდება – როდესაც ოქტომბერში საარჩევნო უბნებზე მივლენ, უნდა დაინახონ, რომ მათი საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ისე რომ, მათ ჰქონდეთ სრული რწმენა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, რა თქმა უნდა, ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებული ვიყავით, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების დამტკიცება დაიწყო, ეს ნამდვილად არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სისტემა მთავრობის განცალკევებული შტოა, რთულია იმის გაგება, თუ რატომ არ ისურვებდნენ ამ შესაძლებლობის გამოყენებას საქართველოს სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად და გასაძლიერებლად. ჩვენ 25 წელია საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ სასამართლო რეფორმაზე, ეს არის პროცესი და კიდევ უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი. ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველსაყოფად. ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული დაამტკიცებს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველანი ვიხილავთ პარლამენტის, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთგულებას მათ მიერ მოლაპარაკების შედეგად მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების ვალდებულებების აღსრულების მიმართ, რომელიც ითვალისწინებს საფუძვლიან სასამართლო რეფორმას, რაც გულისხმობს კანდიდატების წარდგენისა და დამტკიცების პროცესის დროებით შეჩერებას, და თუ ასე არ მოხდა, ვფიქრობ, გაჩნდება კითხვები 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

არგუმენტი, რომ ამ კანდიდატების დანიშვნა აუცილებელია, თორემ სხვაგვარად სასამართლო სისტემა ჩამოიშლება, არის უსაფუძვლო. საერთაშორისო ექსპერტების ბოლო დროინდელმა დასკვნებმა დაადასტურა, რომ არსებული სამუშაოს შესასრულებლად მოსამართლეების რაოდენობა საკმარისია. მოსამართლეების რაოდენობა ნამდვილად არის საკმარისი იმისათვის, რომ დროებით შეჩერდეს დანიშვნის პროცესი, რაც შესაძლებელს გახდის გაიმართოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და არსებითი განხილვა იმის შესახებ, თუ რა სახის სასამართლო რეფორმებია საჭირო. ეს არის ის ვალდებულება, რაზეც პარტიებმა, მმართველი პარტიის ჩათვლით, მოლაპარაკებების პერიოდში თანხმობა განაცხადეს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების გაზიარებით. ექვსთვიანი მოლაპარაკებებისა და განხილვის შედეგად პარტიები შეთანხმდნენ იმ დებულებებზე, რომელიც ასახულია 19 აპრილის შეთანხმებაში და რაც მოიცავს წინა სასამართლო რეფორმების შეფასებას, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ როგორი რეფორმებია საჭირო წინსვლისთვის. ამ განხილვის ჩატარებამდე და სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიონალი ორგანიზაციების ჩართულობით პარლამენტის სრული შემადგენლობის მიერ რეფორმის პაკეტის შემუშავებამდე კანდიდატების დანიშვნის დაჩქარება უგულვებელყოფს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და შესაძლოა უფრო მნიშვნელოვნად, ეს ხელიდან უშვებს საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მნიშვნელოვან შესაძლებლობას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი სერიოზულად მოეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას და გააკეთებს იმას, რისი პირობაც დადო 19 აპრილის შეთანხმებით, რაც გულისხმობს [მოსამართლეების] დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას, სანამ არ გაიმართება სრული და ინკლუზიური დებატები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. მადლობა.

კითხვა ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელის არმოწერის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ნაციონალური მოძრაობა შეთანხმებას მოაწერს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან. მნიშვნელვანი იყო მათი შესვლა პარლამენტში და მნიშვნელოვანია, რომ ისინი არიან 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების ნაწილი და რომ ისინი საქართველოს ინტერესს წინ აყენებენ. მომავალ კვირაში, ამ საპარლამენტო სესიის ბოლო დეებში, 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივებია განსახორციელებელი, მათ შორის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს აუცილებელია როგორც საარჩევნო სისტემაში, ასევე სასამართლო სისტემაში არსებითი რეფორმების განსახორციელებლად. თუ მომდევნო კვირაში ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელდება, ეს კიდევ ერთი მაჩვენებელი იქნება იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური ნების ნაკლებობა შესრულდეს ვალდებულებები, რომელზეც მმართველმა და სხვა პარტიებმა თანხმობა განაცხადეს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით. ეს არის შეთანხმება, რომელზეც ამ ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, ეს არ არის მათზე თავს მოხვეული რამ, ეს არის ის, რაზეც თავად შეთანხმდნენ, მათ შორისაა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებამდე უნდა იყოს ინიცირებული. გავიმეორებ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთანხმების ხელმოწერა და პარლამენტში სხვა პარტიებთან ერთად იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე ერთობლივი მუშაობა, რომელიც საქართველოს დემოკრატიას გააძლიერებს. მადლობა.