იმ დროს, როდესაც ვლადიმერ პუტინი კვლავ თავის აგრესიულ პოზიციაზე დგას უკრაინის წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მოუწოდებენ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისაკენ.
პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით უთხრა ვლადიმერ პუტინს: „როდესაც საქმე ეხება ევროპის უსაფრთხოებას, ევროპასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება ევროპის გარეშე; და ეს იქნება არა მხოლოდ ყოველმხრივი თანამშრომლობა და კონსულტაციები, არამედ მონაწილეობაც.” – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 5 იანვარს.
ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია უკრაინის სუვერენიტეტის და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების, რაც იცავს მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროპაში.
რუსეთის ცრუ ნარატივთან დაპირისპირება
ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიული წინააღმდეგია იმის, რომ რუსეთი აგრძელებს
თავისი ჯარების უკრაინის საზღვრებთან თავმოყრას. ის აგრეთვე კატეგორიული წინააღმდეგია რუსეთის მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო ტელევიზიების გადაცემების უკრაინასა და ნატოზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთი აგრძელებს მცდარი ნარატივის გავრცელებას, თითქოს უკრაინა იწვევს კონფლიქტის პროვოცირებას. „სინამდვილეში კითხვა ასეთია, სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთი დიპლომატიას და სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთი დეესკალაციას.” თქვა მან.
ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში 2021 წლის დეკემბერს თქვა, რომ ადმინისტრაცია მზად არის დისკუსიისთვის მოსკოვის მიერ წამოჭრილ საკითხებზე, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ერთგულია პრინციპის „არაფერი თქვენ შესახებ თქვენ გარეშე” და ეს ეხება ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხს, რომელიც შეეხება ევროპელ მოკავშირეებსა და პარნიორებს.
უკრაინის კონფლიქტი მოჰყვა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის არაკანონიერად მიტაცებას და აღმოსავლეთ უკრაინაში აჯანყების გამო არაპირდაპირი ომის გაჩაღებას.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მინსკის შეთანხმების შესრულებას, როგორც კონფლიქტის დასრულების საშუალებას. შეთანხმებები, რომელსაც მხარს უჭერს გაერო, მოუწოდებს განიარაღებისა და რუსული ჯარების უკრაინიდან გაყვანისკენ.
წინასწარი შეფასებით 2022 წელს კონფლიქტის გამო 2.9 მილიონ ადამიანს დასჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. კონფლიქტმა 13000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 1.5 მილიონი ადამიანი იძულებული გახადა სახლებიდან გაქცეულიყო.
