Flag

An official website of the United States government

კორდილიერების კლდოვანი მთებიდან კავკასიონამდე: საძოვრების მდგრადი მართვის მხარდაჭერა
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
იანვარი 6, 2022

ცრის და წვიმის წვეთები უწყვეტად ცვივა მწყემსის ფართო ფარფლიანი ქუდიდან. ცხოველების ფეხები და მუცლის ქვედა ნაწილები გეგონება, ყავისფერ საღებავშია ამოსვრილი; ჩლიქები კი ტალახში ეფლობა. მიუხედავად ამისა, უსასრულო ზოლად განფენილი ცხვრის ფარა და ნახირი ბღავილით იკვალავს გზას მთის ციცაბო ფერდებზე. მწყემსები ფარის ორვე მხარეს მოძრაობენ, რომ არ გამოეპაროთ მტაცებელი ან სხვა რაიმე საფრთხე.

საქართველოში, კავკასიონის შუაგულში, მეცხვარეები და მესაქონლეები ათასწლეულების მანძილზე ერთიდაიმავე ცხოვრების წესით ცხოვრობენ. წელიწადში ორჯერ ისინი სახიფათო გზას გადიან, როდესაც გადაჰყავთ პირუტყვი ასობით კილომეტრების მანძილზე სეზონურ საძოვრებზე, მაღლა მთებსა და დაბლობებში. გაშლილი მდელოები და მინდვრები საკვებით უზრუნველყოფს ასობით ათას ცხვარს, თხასა და პირუტყვს, რომელიც მრავალი სოფლის იმედია სარჩოსა და შემოსავლის თვალსაზრისით.

თუმცა, გაჩანაგების პირას მყოფი ეკოსისტემები, ჩამოშლილი ინფრასტრუქტურა და ხელყოფილი ტრადიციული მიგრაციული მარშრუტები საფრთხეს უქმნის ცხოვრების ამ წესს. საქართველოს მთავრობა, რომელიც აშშ-ს მთავარი პარტნიორი და მოკავშირეა, მუშაობს ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ამ ტენდენციებს შეცვლის. ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად მეტყევეობის სამსახურის საერთაშორისო პროგრამა აკავშირებს ერთმანეთთან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და შეერთებული შტატების ექსპერტებს, რომლებიც ქართულ მხარეს უზიარებენ ტყეებისა და საძოვრების მრავალჯერადი გამოყენების საუკუნოვანი მართვის გამოცდილებას.

„საბჭოთა დროიდან საქართველოში საძოვრების სისტემატური მართვა არ არსებობდა,“ ამბობს მარიამ თევზაძე, სატყეო სამსახურის საერთაშორისო პროგრამების ოფისის თბილისის პროექტის კოორდინატორი. „ეს სულ უფრო და უფრო ამწვავებს პრობლემებს ტრადიციულ საძოვრებთან დაკავშირებით და წარმოშობს კონფლიქტებს სეზონური მარშრუტების გასწვრივ. ამერიკის სატყეო სამსახურს ბევრი სასარგებლო ცოდნა გააჩნია, რომელიც ქართველებმა შეიძლება გამოიყენონ ამ გამოწვევებთან შესაჭიდებლად.“

ექვსნაწილიან სასწავლო პროგრამაში ამერიკელი მენეჯერები მეტყევეობის სამსახურიდან აზიარებენ მეთოდებს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად იყენებენ მილიონობით ჰექტარი საჯარო საძოვრების სამართავად. ასეთი მიწების მართვას კომპლექსური და მულტიდისციპლინური მიდგომა სჭირდება. ეს სასწავლო კურსიც სწორედ ამაზეა მორგებული და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მცენარეთა მორფოლოგია, საძოვრების მართვის დაგეგმვა და შეერთებულ შტატებში საძოვრების იურიდიული და ინსტიტუციური მართვის საფუძვლები.

„სემინარებზე განხილული ყველა თემა დაეხმარება სამინისტროს, შეიმუშაოს საძოვრების მართვის პოლიტიკა საქართველოში,“ განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსმა ნოდარ ხოხაშვილმა. „ჯანსაღი საძოვრების ეკონომიკური ღირებულების გააზრება, საძოვრებზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების გათვალისწინება და საძოვრების მართვაში ტექნოლოგიების გამოყენება განსაკუთრებით საინტერესო და ინფორმაციულია, რაც დაგვეხმარება ჩვენი საკუთარი სისტემის ჩამოყალიბებასა და დანერგვაში.“

ტექნიკური საგნების გარდა სატყეო სამსახურის მენეჯერები ქართველებს ბევრად უფრო ფუნდამენტურ ცოდნას აწვდიან. ისინი კრიტიკულად განიხილავენ შეერთებულ შტატებში ძოვების მართვის განვითარებასა და ჩამოყალიბებას და მსჯელობენ ისეთ რთულ ისტორიულ და მიმდინარე გამოწვევებზე, როგორიცაა ძოვების ნეგატიური აღქმა ველური ბუნების დამცველების თვალში და უთანხმოებები მიწის მენეჯერებსა და მეცხოველეობის მწარმოებლებს შორის.

„სემინარები აჩვენებს შეერთებულ შტატებში საძოვრების მართვის ჩამოყალიბების შეულამაზებელ ისტორიას,“ თქვა კეისი ჯონსონმა, ეროვნული საძოვრების მენეჯერმა სატყეო სამსახურიდან. „ჩვენ მრავალი მძიმე გაკვეთილი ვიწვნიეთ ჩვენი ისტორიის განმავლობაში და გარკვეული გამოცდილება დავაგროვეთ, თუ როგორ გადავჭრათ სირთულეები. ჩვენ არ გავურბვართ უსიამოვნო განხილვებს.“

„სატყეო სამსახურის ექსპერტებმა მიმოიხილეს, თუ როგორ აამუშავა შეერთებულმა შტატებმა საძოვრების მართვის სისტემები და გაგვიზიარეს მნიშვნელოვანი მაგალითები იმისა, თუ როგორ შეიძლება, მივუდგეთ ამ საკითხს,“ თქვა ხოხაშვილმა.

ჯონსონისთვის და საძოვრების სხვა მენეჯერებისთვის, საქართველოში განხორციელებული ეს პროექტი თვითრეფლექსიის იშვიათი შესაძლებლობაა. ის მათ დაფიქრების საშუალებას აძლევს; მათ შეუძლიათ ქართველი კოლეგების თვალთახედვით გადახედონ გრძელვადიან გამოწვევებს და დაფიქრდენენ საქმის კეთების ახლებურ გზებზე.

„მიუხედავად იმისა, ვინ ხართ, სად ცხოვრობთ ან რომელ ეკოლოგიურ სისტემაში იმყოფებით, როდესაც საქმე ბუნებრივ რესურსებს ეხება, პარალელები აშკარაა,“ თქვა ჯონსონმა. „რესურსების მენეჯერებს საქართველოში შეუძლიათ, შეაფასონ ის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ შეერთებულ შტატებში ვაწყდებით; ჩვენ კი ვსწავლობთ, თუ როგორ უდგებიან ისინი მსგავს გამოწვევებს აქ.“

„როდესაც ვეხმარებით ქართველ კანონმდებლებს და მიწის მენეჯერებს , შეიმუშაონ საკუთარი საძოვრების პოლიტიკა და პრაქტიკა, ჩვენ თავიდან ვიაზრებთ, თუ სად დაიწყო ამერიკის სატყეო სამსახური, რა წინააღმდეგობების გადალახვა მოგვიწია, და რა იყო ის წარმატებები, რამაც მიგვიყვანა იქ, სადაც დღეს ვართ,“ თქვა ზაკ პალმა, ბიგჰორნის ეროვნული ტყის საძოვრების მენეჯმენტის სპეციალისტმა.

საქართველოში საძოვრების მენეჯერებს რთული გზა აქვთ გასავლელი. მათ დასჭირდებათ მართვის სისტემის სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბება და ტექნიკური ექსპერტების აღზრდა. რაც ყველაზე მთავარია, მათ მოუწევთ, მოიპოვონ საზოგადოების ნდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ჩამოაყალიბონ ისეთი სისტემა, რომელიც გააძლიერებს საძოვრების მდგრადობას და, ამავდროულად, მხარს დაუჭერს იმ ადამიანებს, ვინც სრულიად დამოკიდებულნი არიან ამ რესურსებზე.

„ამერიკელმა ექსპერტებმა გაგვიზიარეს გამოცდილება და აღგვჭურვეს გზამკვლევით,“ განაცხადა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მკვლევარმა მარიამ მერაბიშვილმა. „თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება რამდენიმე საკითხის დამუშავება და საძოვრების მართვის მეთოდოლოგიების ადაპტირება ქართულ რეალობასთან. ეს უზარმაზარი გამოწვევა იქნება.“

„სულ მცირედი დადებითი ზეგავლენის ნებისმიერი შანსი, თუნდაც ეს იყოს საქართველოს საძოვრების მხოლოდ მეათედი პროცენტი, განუზომლად ამაღელვებელი და შთამაგონებელია,“ თქვა ჯოშ ვურჰისმა, პაიკის და სან იზაბელის ეროვნული ტყის რაიონულმა რეინჯერმა და პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ.