



ელჩი კელი დეგნანი სახალხო დამცველთან შეხვედრაზე. ფოტო: სახალხო დამცველის უწყება
ელჩი კელი დეგნანი სახალხო დამცველთან შეხვედრაზე. ფოტო: სახალხო დამცველის უწყება
ელჩი კელი დეგნანი სახალხო დამცველთან შეხვედრაზე. ფოტო: სახალხო დამცველის უწყება
ელჩი კელი დეგნანი სახალხო დამცველთან შეხვედრაზე. ფოტო: სახალხო დამცველის უწყება
ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა სახალხო დამცველთან და მის გუნდთან. სამუშაო, რასაც ისინი ასრულებენ, მონიტორინგის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია, უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატული განვითარების, მისი წინსვლისა და სიჯანსაღისთვის. ეს რთული ფუნქციაა, თუმცა მათი საქმიანობის შედეგად საზოგადოებას მიეწოდება ზუსტი და დაბალანსებული ინფორმაცია, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ხალხი უკეთ გაერკვეს არსებულ სიტუაციაში. ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და ყოველთვის არ შეუძლია დამოუკიდებლად ფუნქციონირება, მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახალხო დამცველის ოფისის არსებობა. მინდა, საქებარი სიტყვები გამოვხატო სახალხო დამცველისა და მისი გუნდის მიმართ საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულებისთვის.
შეკითხვა: კითხვა მაქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ გატაცების შემთხვევაზე საზღვრის პირას. ჩართული ხართ პროცესებში… როგორ შეაფასებთ მოვლენებს გატაცების ფაქტის კუთხით, მცოცავი ოკუპაციის კუთხით და დასავლეთის ჩართულობაზეც რომ გაამახვილოთ ყურადღება.
კელი დეგნანი: ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური საკითხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენაა, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებას. ვიცი, რომ არსებობს სექტემბერში პირისპირ შეხვედრისა და დისკუსიის გამართვის მცდელობაც. ასევე, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გამოცოცხლების და რეაქტივაციის ძალისხმევაც, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია აღნიშნული დაკავებების საკითხის სწრაფად გადასაჭრელად, რათა ადგილი არ ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეთა დაკავებასა და შევიწროებას, რაც აქამდე ხდებოდა. ეს მნიშვნელოვანია და არსებობს მექანიზმებიც ამგვარ საკითხებზე რეაგირებისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაიძულოთ რუსეთი შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ყველაფერი არსებობს ამისათვის, უბრალოდ, რუსეთმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები.
შეკითხვა: დღეს ფოტოები გამოაქვეყნა აზერბაიჯანულმა გამოცემამ, სადაც ამტკიცებს, რომ სომხეთს იარაღი მიაწოდა საქართველომ სერბეთის გავლით და ამბობს, რომ ეს ფოტოები გადაღებულია საზღვარზე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი, უნდა დაზუსტდეს თუ არა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ის რაშიც საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ დეზინფორმაცია არ არის. და თუ ეს დადასტურდება რამდენად მნიშვნელოვანია?
კელი დეგნანი: ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და რეაგირება, მე კი მსურს ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან განვითარებული მოვლენებით. ეს კონფლიქტი ძალიან საშიშია და ის აუცილებლად უნდა მოგვარდეს. არსებობს მექანიზმები, იმისათვის, რომ კონფლიქტი დიალოგისა და დიპლომატიური გზით გადაწყდეს. ჩვენ მოვუწოდებთ ამისკენ, სანამ გაუგებრობას უფრო მეტი მსხვერპლი მოყვება. რაც უკვე მოხდა ტრაგიკულია და იმედს გამოვთქვამ, რომ დიპლომატიური გზებით მოგვარდება.
შეკითხვა: კიდევ ერთი კითხვა მაქვს რუსეთის მხრიდან მომავალ პროვოკაციებზე. დაგეგმილია სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020“. მსგავსი იყო 2008-შიც და კარგად გვახსოვს რა მოხდა და თუ არის მოსალოდნელი, რომ საარჩევნო პერიოდში რუსეთმა პროვოკაციებს მიმართოს.
კელი დეგნანი: ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში, ვეცნობი რა ახალ ამბებს, უფრო და უფრო მეტ დამაჯერებელ ცნობებს ვხვდები რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევებთან დაკაშირებით. იქნება ეს დიდი ბრიტანეთი, ამერიკა თუ შოტლანდიის რეფერენდუმი, შესაძლოა ბრექსითიც. ნათელია, რომ არსებობს სქემა და აქამდეც გვითქვამს, რომ საქართველო არის ამ ტიპის ჩარევების სამიზნე. მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება, საკმაოდ, გათვიცნობიერებულია ამ საკითხებში, თუმცა ეს [დეზინფორმაცია] ძალიან ჩახლართულია და უფრო და უფრო რთულდება დროთა განმავლობაში. ამერიკის შეერთებული შტატები ამ მიმართულებით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამასა თუ ინიციატავას, რათა საზოგადოებამ შეძლოს არასწორი ინფორმაციისა და ფაქტის ერთმანეთისგან გარჩევა, მეტი კრიტიკულობით მიუდგეს ინფორმაციის სანდოობას ახალი ამბების გაცნობისას, გაარჩიოს რა არის ნამდვილი ინფორმაცია და რა არის მიმართული საზოგადოების დაბნევისაკენ. ცხადია, გარემო საკმაოდ პოლარიზებულია საქართველოში და მათ, ვისაც სურს დესტაბილიზაცია ამ ქვეყანაში ან არჩევნებთან დაკავშირებით დაბნეულობის შექმნა, შეეცდებიან, გამოიყენონ ეს ვითარება.