ბათუმი, საქართველო — „ბლუ რიჯის” კლასის სამეთაურო და მართვის ხომალდი „მაუნთ უიტნი (LCC 20)” და „არლი ბურკის” კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი „პორტერი” 2021 წლის 8 ნოემბერს ქალაქ ბათუმში დაგეგმილი საპორტო ვიზიტის ფარგლებში შემოვიდა.
ეს ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას ნატოს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის ძალზედ მნიშვნელოვან პარტნიორ საქართველოს შორის. საქართველო მტკიცე და ერთგული პარტნიორია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით.
წინა პერიოდში, 2021 წლის თებერვალში აშშ-ის ხომალდმა, „დონალდ ქუქმა (DDG 75)” განახორციელა ვიზიტი ბათუმის პორტში. 2021 წლის მაისში „ლეჯენდ” კლასის სანაპირო დაცვის ხომალდი „ჰამილტონი (WMSL-753)” ბათუმში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ურთიერთთავსებადობის წვრთნების დასრულების შემდგომაც შეჩერდა.
„საქართველო შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და ნატოს ღირებული პარტნიორია” – განაცხადა ნატოს დამრტყმელი და დამხმარე ძალების (STRIKFORNATO) სარდლის მოადგილემ, ზურგის ადმირალმა ჯეიმს მორლიმ. „ჩვენ მოუთმენლად ველით ნატოსა და ჩვენ ქართველ კოლეგებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ბათუმში.”
აშშ-ის მეექვსე ფლოტისა და ნატოს დამრტყმელი და დამხმარე ძალების პირადი შემადგენლობა „მაუნთ უიტნიზე” იმყოფება და ერთიან გუნდად მოქმედებს. სარდლობებს შორის თავსებადობა და მათი ყოფნა ამ რეგიონში, წარმოაჩენს აშშ-ნატოს ერთგულებას შავი ზღვის რეგიონისადმი და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართ ამ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად.
ბათუმში ყოფნისას ქვეყნის მდიდარი ისტორიის გაცნობითა და ადგილობრივ ხალხთან ურთიერთობით გემების ეკიპაჟები ქართულ კულტურასა და ტრადიციებს შეიცნობენ.
„ჩემთვის ეს პირველი ხომალდი და საზღვაო ფლოტში პირველი დისლოცირებაა. ძალიან ამაღელვებელია, რომ საქართველოს ვსტუმრობ.” – თქვა „მაუნთ უიტნის” მეზღვაურმა, მეორე კლასის კრიპტოლოგიურმა ტექნიკოსმა, მელისა მიტჩელმა. „ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა და მისი კულტურისა და სამზარეულოს გაცნობა.”
ბათუმში შემოსვლამდე „მაუნთ უიტნიმ” და „პორტერმა” ევროპისა და აფრიკის აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ მართულ ოპერაცია „ქასლ ფორჯში” მონაწილეობით ერთობლივი ოპერაციების ძალა წარმოაჩინეს. „ქასლ ფორჯი” შავ ზღვაში დინამიკური, პარტნიორობაზე კონცენტრირებული წვრთნების შესაძლებლობას უზრუნველყოფს და კრიზისულ პერიოდში მოქნილი და დამაიმედებელი ძალების ყოლით გაერთიანებული ძალების რეაგირების ერთობლივ უნარს წარმოაჩენს.
გარდა ამისა, ბულგარეთისა და თურქეთის საზღვაო ძალების გემებთან ერთად ორივე გემმა მონაწილეობა მიიღო გემის ორმხრივი მანევრირების წვრთნებში, კომუნიკაციის შემოწმებასა და სიმულაციურ სავარჯიშოებში და საქართველოს სანაპირო დაცვის თანხლებით შემოვიდა ბათუმში. ეს მანევრირება, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად შესრულდა, ხაზს უსვამს ყველა მონაწილე ქვეყნის პროფესიონალიზმსა და მარჯვე ნაოსნობას. აშშ-ის საზღვაო ძალები, ჩვენ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის ერთგულია.
აშშ-ის ხომალდი „მაუნთ უიტნი” ბაზირებულია გაეტაში, იტალიაში და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად ევროპასა და აფრიკაში ოპერირებს მეექვსე ფლოტის გაერთიენებული ეკიპაჟით, რომელიც შედგება მეზღვაურებისა და საზღვაო გადაადგილების სარდლობის სამოქალაქო წევრებისგან.
ნატოს საზღვაო დამრტყმელი და დამხმარე ძალები (STRIKFORNATO), რომლის სათავო ოფისიც ოეირასში, პორტუგალიაშია განთავსებული წარმოადგენს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპული სარდლობის მთავარ, სწრაფად დისლოცირებად და მოქნილ საზღვაო ძალების შტაბს, რომელსაც შეუძლია სრული სპექტრის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება, უმთავრესად აშშ-ის საზღვაო და ამფიბიური ძალების გაერთიანებით, ალიანსის მიერ შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად.
მეექვსე ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, იტალიაში ახორციელებს სრული სპექტრის ერთობლივ და საზღვაო ოპერაციებს, ხშირად მოკავშირე და უწყებათშორის პარტნიორებთან ერთად აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და ევროპასა და აზიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად.