სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების რეგიონული პროგრამის (SC / FELTP) კურსდამთავრებულთა ქსელი (22 მაისი)

სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების რეგიონული პროგრამის (SC / FELTP) კურსდამთავრებულთა ქსელი (22 მაისი)

თბილისი, 2019 წლის 22 მაისი – ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) დირექტორი, დოქტორ რობერტ რედფილდი ეწვევა საქართველოს, რათა გაეცნოს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ჯანდაცვის პროექტების ფართო სპექტრს და ოფიციალურად გახსნას სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (SC / FELTP) კურსდამთავრებულთა ქსელი.
24 მაისს, 17:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დარბაზში, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) უმასპინძლებს აღნიშნულ ღონისძიებას.
საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა (FELTP) წარმოადგენს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადამიანური რესურსების განვითარების პროგრამას და CDC- ის საერთაშორისო საქმიანობის ფლაგმანს. სხვადასხვა ქვეყნებიდან ადგილობრივი “დაავადების დეტექტივების” მომზადების გზით, აღნიშნული პროგრამა აძლიერებს კავშირებს ლაბორატორიებსა და საველე რეაგირებას შორის და ხელს უწყობს ახალი კავშირების გაღვივებას, რაც საზღვრებს მიღმა ურთიერთობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა (FELTP) ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას ინფექციური დაავადებების დროული გამოვლენის, მათზე რეაგირებისა და მათთან დაკავშირებული საფრთხეების პრევენციის მიზნით.
2009 წელს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) დახმარებით საქართველოში საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა (FELTP) დაიწყო, რომელიც დაამთავრა130-ზე მეტმა მონაწილემ საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინადან. პროგრამა მიზნად ისახავს დაავადებათა გავრცელების შემცირებას რეგიონალური თანამშრომლობის, საზღვრებს მიღმა რეაგირების კოორდინაციისა და ინფორმაციის გაზიარებისა გზით.
2019 წლის თებერვალში, დაარსდა სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (SC / FELTP) კურსდამთავრებულთა ასოციაცია. ასოციაცია მიზნად ისახავს FELTP- ის კურსდამთავრებულთა მობილიზებას დაავადების ეპიდაფეთქებისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული სხვა მოვლენების შემთხვევებში. ასოციაცია ასევე ეხმარება მასპინძელი ქვეყნების მთავრობებს. რამდენადაც კურსდამთავრებულთა დიდი უმრავლესობა კვლავაც დასაქმებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის უწყებებში, პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობები არ წყდება მაშინაც კი, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებიან და სამთავრობო უწყებების წევრები ხდებიან.
საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა (FELTP) წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის დადებით მაგალითს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის.
აღნიშნული ღონისძიება ხაზს უსვამს ჯანდაცვის დიპლომატიის ფართო შესაძლებლობებს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონული საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამას (SC / FELTP) და ხელს უწყობს რეგიონის მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამუშაო ძალის განვითარებას.