ლუგარის ცენტრი მხარს უჭერს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა ეროვნულ ცენტრს COVID-19-თან ბრძოლაში (9 აპრილი)

Lugar Laboratory Scientists at work. Photo: State Dept
ლუგარის ლაბორატორიის მეცნიერები. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ლუგარის ცენტრი მხარს უჭერს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა ეროვნულ ცენტრს COVID-19-თან ბრძოლაში (9 აპრილი)

 

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში განთავსებულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G), რომელიც უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) ინფექციურ დაავადებათა ლაბორატორიაა. მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ცენტრის მშენებლობა ამერიკის მთავრობამ $150 მილიონით დააფინანსა (აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ზედამხედველობით) ცენტრს ფლობს და მართავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც უძღვება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას COVID-19-თან ბრძოლაში, ეფექტურად მართა შესაძლებლობათა ფართო სპექტრი, მათ შორის, ტესტირების შეზღუდული რესურსების სათანადო და კეთილგონივრული გამოყენება, პროაქტიული დაგეგმვა და დაავადების მონიტორინგი, საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება, და კოორდინირებული კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან გადაწყვეტილებების განსასაზღვრად. ამ წარმატებების მიღწევა, დიდწილად, შესაძლებელი გახდა ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, საელჩოს, თავდაცვის დეპარტამენტისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებიდან, რადგანაც გრძელვადიანმა ინვესტიციებმა ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში, პარტნიორობის ჩამოყალიბებამ, ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარებამ და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებამ უზარმაზარი შედეგი გამოღო ამ ეპიდემიასთან ბრძოლაში.

იანვრის დასაწყისში საქართველოს დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა სწრაფად მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს და სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვა ტესტის რეაგენტები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ადრეული და ზუსტი გამოვლენა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეზე რეაგირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და უზრუნველყოფს ინფექციის კონტროლირებად დონეზე მართვას (გავრცელების ტემპის შემცირებას) ჰოსპიტალური შესაძლებლობების ფარგლებში. საქართველოს დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ამ ღონისძიებების განხორციელებაზე გამოყენებული დრო, თანმშრომლების განათლება და საექსპერტო ცოდნა სრულად შეესაბამება დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ანალოგიურ დაწესებულებებს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G) უშუალოდ არ მონაწილეობდა COVID-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირებაში, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის, აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატის (USAMRD-G), საელჩოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამხორციელებულმა ინვესტიციებმა ინფრასტრუქტურასა და კვლევით პარტიორობაში, საექსპერტო ცოდნის გადაცემასა და ტრენინგებში, შესაძლებელი გახადა ეს წარმატება. აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G), ასევე, ინტენსიურად მუშაობს საქართველოს დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან და სხვა ამერიკელ პარტნიორებთან, რათა გააფართოვოს საქართველოს დიაგნოსტიკური კვლევის შესაძლებლობები.

ლუგარის ცენტრის დაარსების მიზანი, სწორედ რომ COVID-19-ის მსგავსი ეპიდემიების გამოვლენა და მათზე რეაგირება იყო. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უფრო მეტმა ქართველმა შეიტყო იმ მნიშვნელოვანი საქმის შესახებ, რასაც ლუგარის ცენტრი ახორციელებს. მოუთმენლად ველით საქმიანობის გაგრძელებას, რათა განვამტკიცოთ საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა და შევძლოთ ახალი და ენდემური ინფექციური დაავადებების საფრთხეებზე რეაგირება ამ რეგიონში.