ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ვიზიტი საქართველოში ( 27 სექტემბერი)

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ვიზიტი საქართველოში ( 27 სექტემბერი)

თბილისი, საქართველო, 2016 წლის 27 სექტემბერი – მიმდინარე კვირას, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლი ჩამობრძანდება საქართველოში და მონაწილეობას მიიღებს  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე კომპაქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებში.

მეორე კომპაქტი წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველ  ინვესტიციას, რომელიც მხოლოდ განათლებას ეხება. კომპაქტი 2014 წელს დაიწყო, რომლის ბიუჯეტი $140 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) განათლების ხარისხის გაუმჯობესებას სტრატეგიული ინვესტიციების მეშვეობით. ინვესტიცია მიმართულია განათლების სხვადასხვა დონის განვითარებისთვის და ეხება ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორიც არიან ქალები და სოციალურად დაუცველი პირები. საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში მიღებული უკეთესი განათლების მქონე პროფესიონალები ხელს შეუწყობენ საქართველოში გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, რომლითაც სარგებელს მიიღებს 17 მილიონი საქართველოს მოქალაქე.

სამშაბათს, 27 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში „რუმსი“, ნენსი ლი, საქართველოში აშშ-ის ელჩი მისი აღმატებულება იან კელი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე მონაწილეობას მიიღებენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში. აღნიშნული საგრანტო პროგრამა, რომელიც 12 მილიონი აშშ დოლარს მოიცავს, მხარს დაუჭერს 48 პროფესიული პროგრამის განვითარებას 10 პროფესიულ სასწავლებელში. გრანტის ფარგლებში შექმნილი პროგრამების კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სატრანსპორტო, ნავთობისა და გაზის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა სწრაფად მზარდ სექტორებში.

15:00 საათზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო (SDSU-Georgia) ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალს უმასპინძლებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. ღონისძიებას დაესწრებიან ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი  და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მნიშვნელოვან ინვესტიციას უმაღლეს განათლებაში, რომელიც საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ ამერიკული განათლება და ხარისხი საქართველოში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკვე მეორე წელია, იზიდავს საქართველოს საუკეთესო სტუდენტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში და სხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან შედარებით 40 პროცენტით მეტი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ოთხშაბათს, 28 სექტემბერს, ნენსი ლი, ამერიკის ელჩთან და განათლების მინისტრთან ერთად გახსნის კომპაქტით რეაბილიტირებულ გორის #5 და ხიდისთავის საჯარო სკოლებს. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია რის შედეგადაც 37,000 სკოლის მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო.

2006 წლიდან, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და საქართველოს მთავრობა ერთად მუშაობს ეკონომიკური ზრდის, სიღარიბის დაძლევისა და ქართველი ხალხის პოტენციალის გამოვლენის წახალისებისთვის. ბოლო ათი წლის განმავლობაში, პირველი და მეორე კომპაქტის შემდეგ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, დაახლოებით, $600 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. აღნიშნული მხარდაჭერა გამოხატავს აშშ–სა და საქართველოს შორის მტკიცე  პარტნიორობასა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ თანადგომას.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mcageorgia.ge