Flag

An official website of the United States government

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 იანვარი, 2020

 

საქართველოდან 25 ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის გათვალისწინებული სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს ციფრულ მედიაში მათ მომზადებას, რაც მოიცავს ამბის თხრობას სხვადასხვა პლატფორმაზე, მედიაინჟინერიას, ნიუსრუმში ტრადიციული და ახალი მედიაფორმების გაერთიანებას, ფაქტების გადამოწმების ოპერაციების მნიშვნელობას და შესრულებას, აგრეთვე ახალ ტენდენციებს მედიაბიზნესის მოდელებში. საქართველოს მედია განათლების პროგრამა წარმოადგენს პარტნიორობის შედეგს ჯორჯიის უნივერსიტეტის სამ ინსტიტუტს (ჯეიმს მ. კოქს უმცროსის საერთაშორისო მასობრივი კომუნიკაციების სასწავლო და კვლევითი ცენტრი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების გრეიდის კოლეჯის ერთეული, ახალი მედიის ინსტიტუტი, რომელიც აგრეთვე გრეიდის კოლეჯის ნაწილია, და გლობალური ჩართულობის ოფისი), ფლორიდის შტატში ქალაქ სტ. პეტერსბურგში მდებარე პოინტერის ინსტიტუტს და ჯორჯიის შტატში განლაგებულ პრესტიჟულ მედიაგამოცემებს შორის, მათ შორის საკაბელო არხი CNN, გაზეთი “ატლანტა ჯორნალ-კონსტიტუშენ” (the Atlanta Journal-Constitution), გაზეთი “რედ & ბლექ” (The Red & Black), სავანას WTOC-TV და გაზეთი “სავანა მორნინგ ნიუს” (Savannah Morning News). ამ მედიაორგანიზაციებში ჟურნალისტები საქართველოდან “უხილავად” დააკვირდებიან ჟურნალისტების საქმიანობას, გაივლიან პრაქტიკულ სესიებს, დაუსვამენ შეკითხვებს მენეჯერებსა და ჟურნალისტებს, ხოლო ხუთი მათგანი სტაჟირებას გაივლის გაზეთ “ატლანტა ჯორნალ-კონსტიტუშენში.”

პროგრამა 2020 წლის 3-23 მაისს შედგება.

პროგრამის საბოლოო მიზანს საქართველოში დემოკრატიის, გამჭვირვალე მმართველობისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა წარმოადგენს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გზით.

ინგლისური ენის ცოდნა სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო. თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება ინგლისური ენის არმცოდნე მონაწილეებისათვის.

პრეტენდენტების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს. განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ბეჭდვით, სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში დასაქმებულ ჟურნალისტებს, რედაქტორებს და პროდიუსერებს. პრეტენდენტებმა უნდა შეძლონ მულტიმედია პრაქტიკის გამოყენების ჩვენება მათი პროფესიული მოვალეობების შესრულებისას. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ გამოქვეყნებული პუბლიკაციების მქონე შტატგარეშე ჟურნალისტებსაც.

პროგრამაში მონაწილეობის დაზუსტებული კრიტერიუმები:

  • უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჟურნალისტები (ბაკალავრის ხარისხით), რომლებიც მუშაობენ ციფრულ მედიაში. უპირატესობა მიენიჭება ციფრულ მედიაში დასაქმებულ ახალგაზრდა ჟურნალისტებს მინიმუმ ერთი წლის სამუშაო გამოცდილებით.
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, მხოლოდ, საქართველოში რეგისტრირებულ მედია ორგანიზაციებში დასაქმებულ ან შტატგარეშე ჟურნალისტებს. მხოლოდ საერთაშორისო მედია ორგანიზაციებში მომუშავე/ შტატგარეშე ჟურნალისტები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

განაცხადის ფორმა ინგლისურ ან ქართულ ენებზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე გამოაგზავნეთ: TbilisiGrants@state.gov.

პროგრამა ფინანსდება საქართველოში ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების (PAS) მიერ.

პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ჯორჯიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების გრეიდის კოლეჯში შედგება და ჩატარდება ოთხი ხუთდღიანი კურსი არსებითი პრაქტიკული კომპონენტებით. ინსტრუქტორები იქნებიან ახალი მედიის ინსტიტუტის ექსპერტები და გრეიდის კოლეჯის პროფესორები. (ყველა ინსტრუქტორს აშშ-ის ციფრული მედიის სექტორში წარსულში მუშაობის გამოცდილება აქვს.)

ციფრული მედიის კურსი I

ფაქტების ციფრული გადამოწმების ინსტრუმენტები და მათი გამოყენება ჟურნალისტურ კონტენტში. ჟურნალისტები შექმნიან ციფრული გადამოწმების კოდიფიცირებულ პროცესს ანალიტიკური სიუჟეტებისათვის. ჟურნალისტები განსხვავებულ ინსტრუმენტებს გამოიყენებენ ფაქტების ციფრული გადამოწმების კონცეფციის პრაქტიკული სამუშაოს დროს. ჟურნალისტები მცირე ჯგუფებად იმუშავებენ კონკრეტულ ჟურნალისტურ სიუჟეტზე ფაქტების გადამოწმების მიზნით პროცესისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, ხოლო შემდეგ საკუთარი ძალისხმევის ეფექტიანობას შეამოწმებენ. ჟურნალისტები განსაზღვრავენ ისეთ კონცეფციებს, როგორიცაა “ფილტრების ბუშტი”; ჰომოგენურობა, დადასტურება და პოპულარობის მიკერძოება, “ჩაკეტილი სივრცე”, ბოტები სოციალურ მედიაში და ა.შ. განსხვავებულ ონლაინ და სოციალური მედიის ანგარიშებში.

სოციალური მედიის კურსი II

ციფრული მედიაბიზნესის პრაქტიკა. ვინ რას ფლობს – მფლობელობა როგორც საკვანძო კომპონენტი – აუდიტორია და მისი ჩაშლა. – გლობალური კონტენტის მოდელის ადგილობრივთან შედარება – გლობალური სარეკლამო შემოსავლების მოდელის ადგილობრივთან შედარება, ხელმომწერები. ახალი მედიის სწავლება: მულტიმედიის ტენდენციები და მეთოდები, ინტეგრირებული ნიუსრუმი. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ახალი მედიისა და ჟურნალისტიკაში მისი გამოყენების შესახებ. მობილური ჟურნალისტიკა; იაფი და მარტივი, მაგრამ ნაკლებად პროფესიონალური? – რა უნდა გავითვალისწინოთ? რას ამჩნევს და რა აღელვებს აუდიტორიას? – გაერთიანებული ნიუსრუმები… და რომლებიც არ არის გაერთიანებული. უნდა გაერთიანდნენ?

მედიაინჟინერიის ელემენტები

ეს სესიები წარმოადგენს სხვადასხვა პლატფორმაზე ქმედითად მომუშავე ვებსაიტების დიზაინისა და შექმნის გაცნობას (სამაგიდო, მობილური, სხვა) და JavaScript-ით კოდირებას.

აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნების ელემენტები

სესია 1: ტრადიციული გრაფიკული დიზაინის თემების გაცნობა, როგორიცაა ფერი, კომპოზიცია და ტიპოგრაფია; დიზაინის მართვის გაცნობა Adobe Creative Cloud აპლიკაციებზე. სესია 2: ტრადიციული გრაფიკული დიზაინის თემების გაცნობა (გაგრძელება). სესია 3: ინტერაქციისა და მომხმარებლის გამოცდილების დიზაინის საფუძვლების გაცნობა. სესია 4: ინტერაქციისა და მომხმარებლის გამოცდილების დიზაინის საფუძვლების გაცნობა (გაგრძელება).
ყველა კურსის ბოლო სესია შეფასებას დაეთმობა. შეფასება დაგვეხმარება გაზეთ “ატლანტა ჯორნალ-კონსტიტუშენში” სტაჟირებისათვის საუკეთესო კანდიდატების შერჩევაში.
ოთხი დღის განმავლობაში სასწავლო სესიები ჩატარდება ფლორიდის შტატის ქალაქ სტ. პეტერსბურგში მდებარე პოინტერის ინსტიტუტში.

ჟურნალისტიკაში ლიდერების განვითარება

ახალი ამბების ორგანიზაციები ტრანსფორმაციას გადიან აუდიტორიის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ხოლო მათი ლიდერები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან შემცირებული რესურსების პირობებში. ეს კურსი ეფუძნება 360 გრადუსიან უკუკავშირს ლიდერების დასახმარებლად გაუმჯობესების გზების მოძიებაში. იგი ხელს უწყობს ადამიანებთან და ინფორმაციასთან მათ ურთიერთმოქმედებას და სხვა სტილის მიდგომებით მოქმედი ადამიანების დაფასებას. განხილულ თემებს შორის იქნება: ქალი ჟურნალისტები და ნიუსრუმის ახალგაზრდა ლიდერები.

ეთიკა და ფაქტების გადამოწმება

ნიუსრუმში ეთიკური გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული პოინტერის რეკომენდაციები სტანდარტს წარმოადგენს მრავალ ნიუსრუმსა და ორგანიზაციაში დანერგილი პროცედურებისათვის, მათ შორის პროფესიონალ ჟურნალისტთა საზოგადოებისათვის. პოინტერის ინსტიტუტში ფუნქციონირებს კრეიგ ნიუმარკის ეთიკისა და ლიდერობის ცენტრიფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელიPolitiFact და MediaWise; ინსტიტუტი ჟურნალისტიკაში სანდოობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გლობალური ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციას წარმოადგენს. PolitiFact ქვეყნის მასშტაბით ფაქტების გადამოწმების უდიდესი ვებგვერდია, რომელიც ათობით შტატში მდებარე ნიუსრუმების პარტნიორია და მის გვერდზე სახელწოდებით Truth-O-Meter გამოქვეყნებული აქვს 16 ათასზე მეტი ფაქტების გადამოწმების შემთხვევა. ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) შეიქმნა მსოფლიოში ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანების მიზნით. IFCN-ის საქმიანობაში ჩართულია და ერთმანეთს უზიარებს საუკეთესო პრაქტიკას ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე 60-ზე მეტი ორგანიზაცია ექვსივე კონტინენტიდან, ხოლო 30-ზე მეტმა ორგანიზაციამ გაიარა შემოწმების პროცესი და ქსელის “ფაქტების გადამოწმების პრინციპების კოდექსის” ხელმომწერი გახდა.

რეპორტაჟები და ამბის თხრობა ციფრულ ეპოქაში

ამ კურსის განმავლობაში, მონაწილეები ისწავლიან ან გაიუმჯობესებენ ისეთ ფუნდამენტურ უნარებს, როგორიცაა წერა, რეპორტაჟის კეთება და რედაქტირება, რაც ჟურნალისტებს სიუჟეტის კეთების მძლავრი საფუძვლის შექმნაში დაეხმარება. ისინი ისწავლიან ეთიკისა და ლიდერობის საკითხებს, აგრეთვე, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ სულ უფრო მზარდად დაკავშირებული სამყაროს გამოწვევების საპასუხოდ.

ადგილობრივი ახალი ამბების კომპანიების გაძლიერება

ადგილობრივი ახალი ამბების გაშუქება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თემებისათვის, თუმცა ახალი ამბების მრავალი საშუალო და მცირე ორგანიზაცია დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ციფრული ტრანსფორმაციისა და სარეკლამო მოდელების ფრაგმენტაციის შედეგად გამოწვეული ცვლილებებით ბიზნესსაქმიანობაში. პოინტერის “ადგილობრივი ახალი ამბების ინოვაციების პროექტის” ფარგლებში, ინსტიტუტი თანამშრომლობს ათობით ადგილობრივ გაზეთთან და უზიარებს მათ “ნაით-ლენფესტის ნიუსრუმის ინიციატივის” ლიდერობისა და ციფრული მდგრადობის გაკვეთილებს. კურსი მონაწილეებს ეხმარება შემოსავლების ზრდაში, აგრეთვე აუდიტორიაზე ორიენტირებული ციფრულ ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული ნიუსრუმის შექმნაში. მონაწილეები გადიან სწავლებას ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებაში აუდიომასალის ტექსტურად გადმოცემისას, დროის გრაფიკის მყისიერად შექმნისას, სიუჟეტის რუკის შედგენისას და ა.შ.

სესიები შედგება შემდეგ მედიაორგანიზაციებში:

• CNN – ტრადიციული მედიის როლი ციფრულ ეპოქაში. ჟურნალისტიკის ეთიკა.
• გაზეთი “ატლანტა ჯორნალ-კონსტიტუშენ” (Atlanta Journal-Constitution) – როგორ შეძლო საგაზეთო კომპანიამ ახალი ბიზნესმოდელის შემუშავება ციფრული რევოლუციის გამოწვევების საპასუხოდ. ხუთი სამდღიანი სტაჟირება გაზეთ “ატლანტა ჯორნალ-კონსტიტუშენში.”
• გაზეთი “რედ & ბლექ” (The Red & Black) – სტუდენტური გაზეთების როლი ამერიკის კულტურასა და საზოგადოებაში. როგორ გადავიდეთ ბეჭდურიდან ყოველდღიურ ონლაინ გამოცემაზე.
• WTOC-TV, სავანა – ადგილობრივი და რეგიონული სატელევიზიო სადგურების როლი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
• “სავანა მორნინგ ნიუს” (Savannah Morning News) – საგამოძიებო ჟურნალისტიკის პრინციპები ადგილობრივ და რეგიონულ მედიაში.