გამარჯობა,
მოგესალმებით სახლიდან. დღეს მე დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობ, რათა შევასრულო საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელების რეკომენდაცია სოციალური დისტანცირების დაცვასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები, რომ საქართველოში ეტაპობრივად განახლდება სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობა, იმედის მომცემია. ვიცი, ყველა მოუთმენლად ველოდებით, რომ სრული დატვირთვით შევუდგეთ მუშაობას, რაც შეიძლება სწრაფად, როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება. ჩვენი უაღრესად მადლიერი ვართ საქართველოს ჯანდაცვის ხელმძღვანელების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ექიმების, მკვლევარებისა და საქართველოს მთავრობის. მათმა პროაქტიულმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
თუმცა, ეს გზა ჯერ ბოლომდე არ გაგვივლია, როგორც ექიმმა გამყრელიძემ თქვა: „ჩვენ ჯერ არ დაგვიმარცხებია COVID-19″. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს სერიოზულად მივუდგეთ და მივიღოთ სიფრთხილის აუცილებელი ზომები ჩვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები უძღვება COVID-19-ზე რეაგირების მსოფლიო ძალისხმევას ჰუმანიტარული და ჯანდაცვის კუთხით. მაშინ, როდესაც თვითონაც ვირუსს ებრძვის შინ.
ამ რეაგირების ფარგლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დღემდე, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის, დამატებით იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რაც უკვე უზრუნველყო მრავალეროვნული და არასამთავრობო ორგანიზაციებისვთის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ეხმარებიან თემებს პანდემიასთან გამკლავებაში.
აქ, საქართველოში, საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას.
დღეს მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის
„სურსათი პროგრესისთვის” პროგრამის ფარგლებში საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს.
ეს დაემატება 27 000 ტონა ხორბალს, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო დეკემბრის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ, სხვა ქვეყნებმა აკრძალეს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტი, ამერიკის შეერთებული შტატები იძიებს გზებს, რათა დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში. ამერიკული ხორბლის მიწოდება ხორციელდება „სურსათი პროგრესისთვის” პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 14.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამ პროექტში ვთანამშრომლობთ არაჩვეულებრივ პარტნიორებთან, მათ შორის, კომპანია
„ლენდ ო’ლეიქს ვენჩერ 37″, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
მაისის ბოლომდე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ხელს მოაწერს 18 მცირე საგრანტო შეთანხმებას, მთლიანობაში 400 000 დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია ხორცის, რძის პროდუქტისა და ფერმერთა სექტორის გაძლიერების მხარდაჭერა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება.
ამერიკის შეერთებული შტატები ასევე აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის დახმარებას. მოხარული ვარ, გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის COVID-19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად.
იანვრის თვიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიისთვის მომზადებასა და მასზე რეაგირებაში .
ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს შორისაა:
ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება, ინფექციის პრევენცია და კონტროლი, COVID-19-ზე საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა; ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვის და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად; და საველე ეპიდემიოლოგების ტრენინგი და მათი სათანადო უნარებით აღჭურვა COVID-19-ზე მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის კუთხით.
სამი მილიონი დოლარის ახალი დაფინანსება გააძლიერებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 10 წელზე მეტ ხანს ითვლის, და მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებებს, როგორიცაა: C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა, საველე ეპიდემიოლოგია და ლაბორატორიული ტრენინგ პროგრამა, რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტებისა და ლაბორატორიების კონტროლს საქართველოს მასშტაბით.
თუ გსურთ, გაიგოთ უფრო მეტი, გთხოვთ, ეწვიოთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ვებ-გვერდს https://www.cdc.gov/covid19
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით დღეს და მადლობა ამ ვირუსთან ბრძოლაში თქვენი წვლილისთვის. ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა ცხადია, წინსვლა სახეზეა.
ნახვამდის!