(DTRA) უფროსის მოადგილე, კონტრადმირალი სკოტ ჯერაბეკი სააგენტოს დელეგაციასთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია (9 თებერვალი)

ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
კონტრადმირალი სკოტ ჯერაბეკი სააგენტოს დელეგაციასთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, ეწვია. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

 

ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ამერიკელ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

(DTRA) უფროსის მოადგილე, კონტრადმირალი სკოტ ჯერაბეკი სააგენტოს დელეგაციასთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია (9 თებერვალი)

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) უფროსის მოადგილე, კონტრადმირალი სკოტ ჯერაბეკი სააგენტოს დელეგაციასთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, ეწვია. ამერიკელ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე შს მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სასაზღვრო სფეროში არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რის შედეგადაც, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, აღნიშნულმა პროექტებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოს შს სამინისტროს შესაძლებლობები, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

შს მინისტრმა მწვანე საზღვრის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო სექტორ „სადახლოზე“ არსებულ ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრს, რომელიც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, გასულ წელს გაიხსნა. აღნიშნული ცენტრის მიზანია საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება და გაუმჯობესებული კონტროლი, რაც ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას შეუწყობს ხელს. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი ტიპის სამეთვალყურეო სისტემა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაინერგა.

შს მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სანაპირო დაცვის განვითარების მიმართულებით DTRA-ს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების კუთხით მომავალშიც გაგრძელდება.

„მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები საქართველოს ეხმარება საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაუმჯობესებაში, რითიც ჩვენი წვლილი შეგვაქვს რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და ამასთან, უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

თავის მხრივ, კონტრადმირალმა სკოტ ჯერაბეკმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმედო პარტნიორობისა და წარმატებით განხორციელებული ერთობლივი პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. „მიმაჩნია, რომ ჩვენმა თანამშრომლობამ თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწია. ჩვენ გვაკავშირებს საუკეთესო პარტნიორობა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, – განაცხადა სკოტ ჯერაბეკმა.

შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომლებიც უახლოეს მომავალში საქართველოში DTRA-ს მხარდაჭრით განხორციელდება.