Flag

An official website of the United States government

ბირთვული და რადიაციული სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტები აძლიერებენ საერთაშორისო თანამშრომლობასა და საუკე
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ივნისი 23, 2023

ბირთვული და რადიაციული სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტები აძლიერებენ საერთაშორისო თანამშრომლობასა და საუკე

ბირთვული და რადიაციული  სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტები  აძლიერებენ საერთაშორისო თანამშრომლობასა და საუკეთესო პრაქტიკას

 

2023 წლის 20-23 ივნისს თბილისში,რადიაციული სასამართლო ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის (ITWG) ეგიდით, 25-მდე ქვეყნის მეცნიერი და სამართალდამცავი სფეროს ექსპერტი შეიკრიბა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ITWG ყოველწლიურ შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული კონტრაბანდის გამოვლენისა და აღკვეთის პროგრამისა და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მხარდაჭერით.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბირთვული და რადიაციული ექსპერტიზის პრაქტიკოსებმა, პოლიტიკის შემქმნელებმა და პროფესიონალმა სამართალდამცავებმა განიხილეს ადგილობრივი და რეგიონალური სასამართლო რადიაციული ექსპერტიზის აქტივობები, ტექნიკური სასამართლო ექსპერტიზის კვლევა და რამდენიმე ბოლოდროინდელი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხებოდა მარეგულირებელი კონტროლის მიღმა არსებულ ბირთვულ მასალას. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, როგორიცაა ინტერპოლი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), განიხილეს ბოლოდროინდელი და სამომავლო მრავალმხრივი თანამშრომლობა და განამტკიცეს კავშირები ITWG-სა და ბირთვული უსაფრთხოების სხვა საერთაშორისო ჯგუფებს შორის. ITWG სამუშაო ჯგუფებში იმსჯელეს პლენარული სესიის სიახლეებზე , ისაუბრეს არაერთ ბოლოდროინდელ მიღწევაზე და დასახეს სამომავლო სამუშაო გეგმები.

რადიაციული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფი (ITWG) 1995 წელს შეიქმნა, მაშინ როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ევროპის ქვეყნებში კონტრაბანდული გზით გაჰქონდათ ბირთვული მასალები. ITWG-ის მანდატი გულისხმობს ტექნიკური მიდგომების შემუშავებასა და გამოყენებას ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ, პირველ რიგში , გამომძიებლებსა და მეცნიერ ექსპერტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით.

ყოველწლიურად IAEA იღებს ათობით დადასტურებულ ცნობას მარეგულირებელი კონტროლის მიღმა არსებულ ბირთვულ და სხვა რადიოაქტიური მასალებთან დაკავშირებით , მათ შორის კონტრაბანდისა და სხვა უკანონო ქმედებების შესახებ. ტერორისტების ან სხვა პირების მიერ ამ მასალების მავნე გამოყენების აღსაკვეთად, ბირთვული ექსპერტიზა კრიტიკული საგამოძიებო და საბრალდებო ინსტრუმენტია, უმნიშვნელოვანესი ბირთვული უსაფრთხოებისთვის. ITWG-ის საქმიანობა ეხმარება მთავრობებს აღკვეთონ, შეაკავონ და რეაგირება მოახდინონ სერიოზულ ინციდენტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამ მასალებთან.

ყოველწლიური შეხვედრების გარდა, ITWG-მ გამართა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს ბირთვული ექსპერტიზის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირებას, განვითარებას და სოციალიზაციას. 60-ზე მეტი ქვეყნის 300-ზე მეტმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა ITWG-ის საქმიანობაში მისი დაარსებიდან დღემდე. მათი ერთობლივი მუშაობა ხელს უწყობს მთავრობების უნარის გაძლიერებას, პასუხისმგებლობა დააკისრონ დამნაშავეებს ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის უნებართვო გამოყენებისთვის. ITWG მჭიდროდ თანამშრომლობს IAEA-სთან და ბირთვული უსაფრთხოების სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მისი სახელმძღვანელო პრინციპები და შედეგები წარმოდგენილი იყო 2016 და 2020 წლებში IAEA-ს საერთაშორისო კონფერენციებზე ბირთვული უსაფრთხოების შესახებ, ისევე როგორც ბირთვული უსაფრთხოების წინა სამიტებზე

ITWG-ს თანათავმჯდომარეები არიან ევროკომისიის და შეერთებული შტატების ექსპერტები. ამჟამინდელი თანათავმჯდომარეები არიან მარია ვალენიუსი ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრიდან (კარლსრუე, გერმანია) და მაიკლ კარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან.