“ღირსეული პარტნიორის” დახურვის ცერემონია

Noble Partner 2020 closing ceremony. Photo: MIA Georgia

დღეს საქართველოს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა „ღირსეული პარტნიორის“ რიგით მეხუთე დახურვის ცერემონია და საველე სწავლება საბრძოლო სროლებით. ყოველწლიურად ეს მრავალეროვნული სწავლება აჩვენებს, თუ როგორ აგრძელებენ მოკავშირეთა ძალები ერთად მუშაობას და ვარჯიშს, კოვიდ პანდემიის მკაცრ პირობებშიც კი. „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, ხაზს უსვამს, რომ აშშ და ნატო უწყვეტად არის წარმოდგენილი ქვეყანაში, და აძლიერებს ქვედანაყოფების მზადყოფნას და თავსებადობას საქართველოს ტერიტორიული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სხვა გამორჩეულ სტუმრებთან ერთად, ელჩი კელი დეგნანი დაესწრო დახურვის ცერემონიას და შეაქო მონაწილეები და მასპინძლები ამ მნიშვნელოვანი წვრთნების წარმატებით დასრულებისთვის და ყველას ჯამრთელობისა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის მიმდინარე მსოფლიო პანდემიის რთულ პერიოდში.

 

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან “ღირსეული პარტნიორის” დახურვის ცერემონიაზე (18 სექტემბერი)

კითხვა ღონისძიების შესახებ
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვესწრები “ღირსეული პარტნიორის” რიგით მეხუთე სწავლების დახურვის ცერემონიას. ეს არის სამხედრო სწავლება, რომელსაც ერთობლივად ატარებენ საქართველოს თავდაცვის ძალები და ნატოს მოკავშირეები. წელს, ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ შეუერთდა საქართველოს, პოლონეთს, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს ამ ორკვირიან ინტენსიურ წვრთნაში. ეს სწავლება მხოლოდ ჩვენი ძალების ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას კი არ ემსახურება, არამედ ნათლად წარმოაჩენს, რომ პანდემიის მიუხედავად შეგვიძლია გავმართოთ წვრთნა. ასევე, ეს არის ცხადი გზავნილი ნებისმიერი აგრესორის მოსაგერიებლად. სწავლება ძალიან წარმატებულად ჩატარდა და ფაქტია, რომ შევძელით კოვიდ პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ შეგვეკრიბა ჩვენი შეიარაღებული ძალები. საქართველოს მთავრობამ და ალიანსის წევრმა შეიარაღებულმა ძალებმა გაატარეს სათანადო ზომები ჯარების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის. ასე რომ, კვლავ გავიმეორებ, ჩემთვის ნამდვილი პატივია აქ ყოფნა.