ღირსეული პარტნიორი 2020

A total of 200 paratroopers of the U.S. Army 173rd Airborne Brigade parachuted into Vaziani Training Area. Photo: State Dept

1 სექტემბერს სამხედრო წვრთნის “ღირსეული პარტნიორი 2020”-ის ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 200 მედესანტე პარაშუტით დაეშვა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე. ღონისძიებას ადგილზე აკვირდებოდნენ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლუტიე და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი. „ღირსეული პარტნიორი 2020” არის საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობის მიერ ერთობლივად მართული სამხედრო სწავლება, რომელსაც ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელი ბაზები მასპინძლობს საქართველოში. სამხედრო წვრთნა გაიმართება 7-18 სექტემბერს და მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 2,800 სამხედრო პირი საქართველოდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან “ღირსეული პარტნიორი 2020”-ის ღონისძიებაზე (1 სექტემბერი)

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: არაჩვეულებრივი დღე იყო. ეს ნამდვილად შესანიშნავი სწავლება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სავარჯიშო წვრთნა არის ურთიერთთავსებადობის ზრდისთვის. ეს არის ამერიკას, საქართველოს, ნატოს პარტნიორებს, დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის ცხადი მაგალითი. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნის “ღირსეული პარტნიორი 2020”-ის გახსნაც კი იყო, რომელიც ცხადად აჩვენებს თუ როგორ ვმუშაობთ ერთად და როგორ ვიწვრთნებით ერთად COVID პანდემიის მძიმე პირობებშიც კი. ძალიან მკაცრი ნაბიჯები გადაიდგა მონაწილე ჯარისკაცების დაცულობის, “სისუფთავისა” და [კოვიდზე] ტესტირების უზრუნველსაყოფად, ასევე, დიდი ძალისხმევა იქნა გაღებული სამხედრო სწავლების უსაფრთხო და ჯანმრთელ გარემოში გასამართად. ეს არის საქართველოს ნატოს ძალებთან თანამშრომლობის არაჩვეულებრივი და სასიხარულო მაგალითი.

კითხვა გაძლიერებულ რუსულ ზეგავლენაზე საქართველოში, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ვფიქრობ, თუ გადახედავთ წარსულ მაგალითებს, თუ როგორ ერეოდა გასულ წლებში რუსეთი სხვადასხვა არჩევნებში, თუნდაც ამერიკის არჩევნებში 2016 წელს, ცხადია ქვეყნებმა უნდა დაიცვან საკუთარი საარჩევნო სისტემები, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. ჩვენ და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრებს გვაქვს პროგრამები, რათა დავეხმაროთ ქართველ ხალხს უკეთ შეძლონ ტყუილისა და დეზინფორმაციის ამოცნობა და მოიძიონ ზუსტი და სწორი ინფორმაცია. პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს აქვთ მათი ამომრჩევლებისა და საზოგადოების წინაში პასუხისმგებლობა მათ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. ვფიქრობ, სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება ვიხილოთ სამუშაოს კარგად შესრულება, თუ არჩევნების მთავარი ფოკუსი იქნება ამომრჩევლის ინფორმირება და მათთვის საინტერესო თემები, რათა მათ 31 ოქტომბერს ზეწოლის გარეშე, სრულად ინფორმირებული გადაწყვეტილებით მისცენ ხმა საარჩევნო უბნებში. დარწმუნებული ვარ, ამგვარად ეს არჩევნები წინებზე უკეთესი იქნება.

კითხვა: ქართული ოცნება მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანია მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართონ, რას ფიქრობთ ამ მოწოდებაზე?ასევე, როგორ შეაფასებთ ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კამპანიის ოპოზიციის მიმართ მწვავე კრიტიკით დაწყებას?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩემი აზრით, მმართველ პარტიას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა უზრუნველყოს არჩევნების მშვიდად და გამჭვირვალედ ჩატარება. ასე რომ, მსგავსი განცხადება ქართული ოცნებისგან არის სწორი გზავნილი. ყველა პარტიას აქვს პასუხისმგებლობა ჩაატაროს ეს არჩევნები მშვიდად და გონივრულად. ეს მისცემს ამომრჩეველს საშუალებას მოისმინოს ინფორმაცია მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე – განათლება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება. ვიტყოდი, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიასა თუ ლიდერს აქვს თანაბარი პასუხისმგებლობა ამ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველყოფაში. მადლობა.