აშშ-ის ელჩი როს უილსონი

ელჩი როს უილსონი, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

ელჩი როს უილსონი საქართველოში ჩამოვიდა და შეუდგა ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობის შესრულებას 2018 წლის 8 ნოემბერს. ამერიკის დიპლომატიურ სამსახურში 35-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, იგი მსახურობდა ამერიკის ელჩად თურქეთსა (2005-2008) და აზერბაიჯანში (2000-2003); იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს აშშ-ის საელჩოებში მოსკოვსა და პრაღაში და გენერალურ საკონსულოში მელბურნში, ავსტრალიაში.

ვაშინგტონში, ელჩი უილსონი მსახურობდა განსაკუთრებულ დავალებათა ელჩის პირველ მოადგილედ და 1997-2000 წლებში, სახელმწიფო მდივნის სპეციალურ მრჩევლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა საკითხებში, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მოიპოვეს დამოუკიდებლობა. იგი ასევე მსახურობდა სახელმწიფო დეპარტამენტში აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ, ბეიკერის, იგლბერგერისა და ქრისტოფერის მდივნობის პერიოდში; იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილის, რობერტ ზოლიკის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის მეთაური ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე თავისუფალი სავაჭრო სივრცის საკითხებზე აშშ სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის ეგიდით. ის აგრეთვე მსახურობდა სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა ოფისში საბჭოთა კავშირისა და ეგვიპტის საკითხებზე.

2010-2014 წლებში ელჩი უილსონი იკავებდა ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ოფისის დირექტორის თანამდებობას, სადაც უძღვებოდა საბჭოს მუშაობას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, თურქეთისა და რეგიონალური ენერგოსაკითხების მიმართულებით.

ამჟამად ელჩი უილსონი არის საპატიო უფროსი მკვლევარი ატლანტიკურ საბჭოში, საერთაშორისო ურთიერთობების მოწვეული ლექტორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, თურქეთმცოდნეობის ინსტიტუტის საბჭოს თავჯდომარე, და „გლობალ მინესოტას“ არჩეული თავჯდომარე.
ელჩი უილსონი არის ამერიკის დიპლომატიის აკადემიის წევრი, აგრეთვე ამერიკის დიპლომატიური სამსახურის ასოციაციის, და ოკლაჰომას ჩოქტოს ორგანიზაციის / Choctaw Nation / წევრი
მინეაპოლისის მკვიდრი, ელჩი უილსონი ფლობს მინესოტას უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს და კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ეროვნული სამხედრო კოლეჯის / National War College /მაგისტრის ხარისხს. მას მიღებული აქვს პრეზიდენტის ჯილდო დამსახურებისთვის/President’s Meritorious Service Award/ ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალი სხვა ჯილდო. ელჩი უილსონი დაქორწინებულია მარგო სკვაიარზე, რომელიც ასევე მსახურობდა დიპლომატიურ სამსახურში აშშ საინფორმაციო სააგენტოსა და სახელმწიფო დეპარტამენტში.