განცხადება პრესისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას (21 ივნისი)

ბრიჯიტ ბრინკი, სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში:მოგესალმებით. ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსანთა სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზანკალიანს და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბარამიძეს დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის გულწრფელი და ნაყოფიერი მუშაობისათვის. შემიძლია, ვთქვა, რომ კმაყოფილნი ვართ ჩვენი დისკუსიების არსებითი თემებით, ისევე როგორც ქართული დელეგაციის ჩართულობით, რომელშიც შედიოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები და რაც მნიშვნელოვანია, ოპოზიცია. ჩვენი გზავნილი ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება ოქტომბრის არჩევნები. როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრებმა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია, წინა საარჩევნო პერიოდმა ჩაიაროს ძალადობისა და დაშინების გარეშე და მთავრობის უპირველესი მოვალეობაა, რომ უზრუნველყოს ასეთი გარემო.არჩევნების თემებთან ერთად,  ჩვენ გამოვხატეთ წუხილი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა მედიაში აზრთა სხვადასხვაობა.ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას ნებისმიერი ძლიერი დემოკრატიისათვის და გამოვთქვით სურვილი, რომ გატარდეს სასამრთლო რეფორმების მესამე ტალღა.ჩვენი დელეგაციის ყველა წევრი დიდი ხანია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უჭერს მხარს. საქართველომ დიდი გზა გამოიარა. ის, რომ ჩვენი სამუშაო ჯგუფი იყო ღია და გულწრფელი, რომელშიც ოპოზიციის წევრებიც იყვნენ ჩართულნი, ამაზე მეტყველებს.მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს, მთელ ქართულ გუნდს, რომელშიც წარმოდგენილი იყო მთავრობა, პარლამენტი,  ასევე პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის წარმომადგენლები – ყველა მათ, ვისაც შევხვდით ამ ორი დღის განმავლობაში. მადლობა ამისთვის.

 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თომას მელია: ჩემი სახელია თომას მელია, მე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე ვარ. მოხარული ვარ, რომ თბილისში, ბოლო სამი თვის განმავლობაში, უკვე მეორე სამუშაო ჯგუფში ვმონაწილეობ.1992 წელს დაწყებული აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები წლების განმავლობაში გაფართოვდა და გაღრმავდა. ამ 24 წლის განმავლობაში USAID-მა ქართველი ხალხის დასახმარებლად 1,5 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო და მთლიანობაში შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად 3,7 მილიარდი დოლარი გამოყო.დღეს, პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებისა და მომავალი არჩევნების განხილვისას, ბევრი სხვადასხვა საკითხი მოვიცავით. ძალიან კმაყოფილნი ვიყავით პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის გუშინდელი განცხადებით, რომელშიც ყველა სახელმწიფო მოხელეს საარჩევნო სეზონზე პოლიტიკაში ჩართვისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. პოლიტიკურ კამპანიებში სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება წარსულშიც პრობლემა იყო, აქაც და ბევრ სხვა ქვეყანაშიც. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განმარტოს, ხალხისთვისაც და სახელმწიფო მოხელეებისთვისაც, რას წარმოადგენს სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, რათა მოხდეს მონიტორინგი და ეს არ იქნას წახალისებული. სხვადასხვა ოფიციალურ პირთან შეხვედრისას და დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზეც ვისაუბრეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩამოაყალიბოს წინასწარი გაფრთხილების სისტემა, რათა გამოვლინდეს და თავიდან იქნას აცილებული ძალადობრივი ინციდენტები და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან მუშაობით კამპანიის სეზონის, ყრილობების, შეხვედრებისა და არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება იყოს გარანტირებული. USAID-ი და აშშ-ის სხვა სააგენტოები მზად არის დემოკრატიის გამტკიცებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე გააგრძელოს საქართველოს დახმარება.აგრეთვე, მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს დღევანდელი კონსტრუქციული და ინფორმატიული დისკუსიისათვის, რამაც კიდევ უფრო გაამყარა მიმდინარე პარტნიორობა. მოუთმენლად ველი ჩვენი დიალოგის შემდგომ ნაწილს.