ელჩი დეგნანის სიტყვა „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” დაჯილდოების ცერემონიაზე

Ambassador Degnan at the Business for Gender Equality event. Photo by Leli Blagonravova
ელჩი დეგნანი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” დაჯილდოების ცერემონიაზეფოტოს ავტორი ლელი ბლაგონრავოვა

მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” დაჯილდოების ცერემონიაში.

მინდა, მადლობა გადავუხადო მაგდა მაღრაძეს, ათასწლეულის ფონდსა და გაეროს ქალთა ფონდს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატები ძალისხმევას არ იშურებს და მსოფლიოს მასშტაბით მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას, როგორც ადამიანის უფლებას და როგორც აუცილელებელ ფაქტორს მდგრადი და თანასწორი განვითარებისთვის. ეს კარგად აისახა ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო პერიოდის ინიციატივაში, რაც გულისხმობს გენდერული თანასწორობის განვითარებისთვის გაერთიანებულ ერებთან და დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ინტენსიურ თანამშრომლობას.

ვიცით, რომ გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაში ინვესტირებას გარდამტეხი ცვლილებების მოტანა შეუძლია ადამიანური პოტენციალის რეალიზების კუთხით. დღეს ყველა თანხმდება, რომ წარმატებული საზოგადოებისთვის აუცილებელია გოგოებსა და ქალებს, ბიჭებსა და კაცებს ჰქონდეთ თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ჯანდაცვასა და ტექნოლოგიებზე.

სწორედ ამ სულისკვეთებით ხელმძღვანელობს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია. პრეზიდენტმა ბაიდენმა წარადგინა და დანიშნა კაბინეტი, სადაც წამყვან პოზიციებზე ქალთა რეკორდული რაოდენობაა, მათ შორის არის, რა თქმა უნდა, ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი საელჩოც წარმოაჩენს ამ ღირებულებებს. ჩემი მოადგილისა და ჩემ გარდა, საელჩოში ხელმძღვანელი პოზიციების ნახევარზე მეტს ქალები იკავებენ, მათ შორისაა თავდაცვის ატაშე და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სამუშაო ძალაში ქალთა ინტეგრაციას და მოხარული ვარ, რომ ეს ინოვაციური კომპანიები ძალისხმევას არ იშურებენ თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორეო, რომ გენდერულ თანასწორობას, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ, როგორც აუცილებელ ადამიანის უფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებას, არამედ, როგორც საჭიროებას კომპანიების წარმატებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის.

დამტკიცებულია, რომ გენდერული უთანასწორობა ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ქალები მსოფლიო მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტს შეადგენენ, ისინი მსოფლიო სიმდიდრის მხოლოდ ერთ პროცენტს ფლობენ.

ქვეყანა ან კომპანია, რომელიც უგულებელყოფს თავისი პოტენციალის ნახევარს, ვერ იქნება სრულად კონკურენტული და წარმატებული გლობალურ ბაზაზე, ეს შებოჭილი ხელით ასპარეზობას ჰგავს.

ცნობილია, რომ ორგანიზაციები, სადაც მეტი ქალია წარმოდგენილი წამყვან პოზიციაზე, საერთო ჯამში ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს.

მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად ქალთა სტატუსის გაუმჯობესება ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნები და კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ თანასწორობას, და ცდილობენ სრული და თანასწორი მონაწილეობის ხელის შემშლელი ბარიერების შემცირებას, ბევრად უფრო მომგებიანი და წარმატებული არიან.

სამწუხაროდ, მსოფლიოში COVID-19 პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მწვავედ დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება კრიზისებმა უთანასწორობა გააძლიეროს.

ქალები და გოგონები ამ პანდემიის ტვირთს ატარებენ ხილულად თუ უხილავად. ქალები, რომლებიც წინა ხაზებზე მომუშავეთა საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენენ, უმუშევრობის დიდი პრობლემის წინაშე დგანან და არაპროპორციულად აქვთ ნატვირთი მოვლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები.

ამ კრიზისის პერიოდში სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მაკკინსის გლობალურმა ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ კვლევის შედეგად დაადგინა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქალები შეადგენენ გლობალური სამუშაო ძალის მხოლოდ 39 პროცენტს, მათზე მოდის პანდემიით გამოწვეული დაკარგული სამუშაო ადგილის 54 პროცენტი.

ეს ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ქალთა თანასწორობა არა მხოლოდ იურიდიულ დაბრკოლებებს, არამედ უფრო ფართო საზოგადოებრივ გამოწვევებს აწყდება, რაც ასევე მოიცავს ოჯახში პასუხისმგებლობების უთანასწორო გადანაწილებასაც.

გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ერთგული კომპანიები, გვჭირდება მკაცრი სამთავრობო პოლიტიკა და გვჭირდება მამაკაცები, რომლებიც უფრო მეტად მიიღებენ მონაწილეობას ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაში, მათ შორის საოჯახო პასუხისმგებლობის უფრო სამართლიანად გადანაწილებაში.

მე მადლობას ვუხდი დღეს აქ წარმოდგენილ კომპანიებს, თანასწორობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

გასულ შემოდგომაზე, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შრომის კოდექსში გენდერული თანასწორობის დაცვის გაძლიერების კუთხით. 2019 წელს კი მიიღო მნიშვნელოვანი კანონი სექსუალურ შევიწროებაზე. ეს გადამწყვეტი ნაბიჯებია სამუშაო ადგილზე ქალთა წარმატების უზრუნველსაყოფად.

თუმცა, ეს ნაბიჯები პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ნაწილია. ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო და ეფექტური მოქმედება.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, იმისათვის რომ, ქვეყანამ შეძლოს თავისი პოტენციალის სრულად გამოყენება და შექმნას წარმატებული და ინკლუზიური ეკონომიკა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა მოქალაქის საჭიროებას.

დიდი მადლობა!