პრეზიდენტ ბაიდენის კომენტარი მედიასთან რუსეთის მიერ უკრაინაზე არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე

პრეზიდენტი: ბოდიში, რომ გალოდინეთ. გამარჯობა. რუსეთის სამხედო ძალებმა უკრაინელ ხალხზე დაიწყეს სასტიკი თავდასხმა, რომელიც არ იყო პროვოცირებული, არ აქვს გამრთლება და არ არსებობდა ამის აუცილებლობა.

ეს არის წინასწარ განზრახული შეტევა. ვლადიმერ პუტინი ამას თვეების მანძილზე ამზადებდა, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით. მან უკრაინის საზღვართან 175 000-ზე მეტი სამხედრო პირი და აღჭურვილობა განათავსა.

მან ააშენა საველე ჰოსპიტალი და ის სისხლის მარაგით შეავსო, რაც საკმარისია მისი მიზნების გასაგებად.

მან უარი განაცხადა ყველა იმ კეთილსინდისიერ ძალისხმევაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა დიალოგის გზით საერთო უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად გააკეთეს, რათა თავიდან აგვეცილებინა უაზრო კონფლიქტი და ადამიანების ტანჯვა.

კვირების მანძილზე ვაფრთხილებდით, რომ ეს მოხდებოდა. და ახლა, იმ მასშტაბით ვლინდება, როგორც ვამბობდით.

ბოლო კვირის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ სარაკეტო თავდასხმების გახშირება დონბასში, რეგიონში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაშია და რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

რუსეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ კიბერ შეტევები განახორციელა.

ჩვენ მოსკოვში დადგმული პოლიტიკური სპექტაკლი ვნახეთ. გაუგებარი და უსაფუძვლო ბრალდებები, რომ თითქოს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას აპირებდა, რომ უკრაინა მზად იყო, ქიმიური იარაღი გამოეყენებინა, რომ უკრაინამ მოაწყო გენოციდი – და ეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე.

ჩვენ ვიხილეთ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა – სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე ორი ეგრედ წოდებული რესპუბლიკის ცალმხრივად შექმნის მცდელობა.

და ზუსტად იმ დროს, როდესაც გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭო უკრაინის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და შეჭრის თავიდან ასაცილებლად ხვდებოდა, პუტინმა ომი გამოაცხადა.

წამებში, წამებში დაიწყო სარაკეტო დარტყმები უკრაინის ისტორიულ ქალაქებზე.

შემდეგ იყო საჰაერო იერიში, რასაც მოჰყვა ტანკები და საჯარისო დანაყოფები.

ჩვენ გამჭვირვალე ვიყავით მსოფლიოს წინაშე. ჩვენ გავაზიარეთ გასაიდუმლოებული მტკიცებულება რუსეთის გეგმებზე, კიბერ შეტევებსა და ყალბ წინა პირობებზე, რათა არ მომხდარიყო რაიმე გაუგებრობა ან იმის მიჩქმალვა, რასაც პუტინი აკეთებდა.

პუტინი არის აგრესორი. პუტინმა აირჩია ომი. და ეხლა, ის და მისი ქვეყანა იწვნევენ შედეგს.

დღეს მე ნებართვა გავეცი რუსეთის მიმართ დამატებით მკაცრ სანქციებსა და ექსპორტის შეზღუდვებზე.

ეს ძვირად დაუჯდება რუსეთის ეკონომიკას, როგორც მყისიერ, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში.

ჩვენ მიზანმიმართულად შევიმუშავეთ ეს სანქციები, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ მათი ხანგრძლივი ზემოქმედება რუსეთის ეკონომიკაზე და მინიმუმამდე დავიყვანოთ ზემოქმედება ამერიკასა და ჩვენ მოკავშირეებზე.

მინდა, ნათლად ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამას მარტო არ აკეთებს. თვეების განმავლობაში ჩვენ ვქმნიდით პარტნიორთა კოალიციას, რაც წარმოადგენს გლობალური ეკონომიკის ნახევარზე მეტს.

ევროკავშირის 27 ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ასევე გაერთიანებული სამეფო, კანადა, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ბევრი სხვა, გავერთიანდით, რათა ჩვენი ერთობლივი ქმედების გავლენა გაძლიერდეს.

სულ ცოტა ხნის წინ, ამ დილით, ველაპარაკე „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს და ჩვენ შორის სრული თანხმობაა. ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის შესაძლებლობას აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, ფუნტ-სტერლინგსა და იენში, და ამით [შევზღუდავთ] მის მონაწილეობას გლობალურ ეკონომიკაში. ჩვენ შევზღუდავთ მათ უნარს, რომ ეს შეძლონ. ჩვენ ვაპირებთ, რომ შევაჩეროთ რუსეთის სამხედრო ძალების დაფინანსების შესაძლებლობები და ზრდა.

ჩვენ ვაპირებთ, დავაწესოთ მთავარი – ჩვენ ვაპირებთ, რომ ზიანი მივაყენოთ მათ შესაძლებლობას, იყვნენ კონკურენტუნარიანი 21-ე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკაში.

ჩვენ უკვე ვნახეთ ჩვენი ქმედებების გავლენა რუსულ რუბლზე, რომელიც დღეს ისტორიულ ნიშნულამდე გაუფასურდა. რუსეთის საფონდო ბირჟა კი ჩამოიშალა. რუსეთის ხელისუფლების სესხის განაკვეთი 15 პროცენტზე მაღლა ავარდა.

დღევანდელი მოქმედებებით, ჩვენ ახლა სანქციებს ვუწესებთ რუსულ ბანკებს, რომელთა აქტივები საერთო ჯამში ერთ ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის უმსხვილესი ბანკი, რომელიც რუსეთის საბანკო სისტემის აქტივების ერთ მესამედზე მეტს ფლობს – ჩვენ ეს ბანკი აშშ-ის ფინანსური სისტემიდან გავთიშეთ.

დღეს ასევე ვბლოკავთ კიდევ ოთხ წამყვან ბანკს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქტივები, რომელიც მათ ამერიკაში აქვთ, გაიყინება. მათ შორისაა “ვი-თი-ბი“ ბანკი, სიდიდით მეორე ბანკი რუსეთში, რომელსაც 250 მილიარდი დოლარის აქტივები აქვს.

დაპირებისამებრ, ვზრდით რუსული ელიტის წარმომადგენელთა და მათი ოჯახის წევრების სიას, რომლებზეც სანქციები გავრცელდება.

როგორც სამშაბათს განვაცხადე, ეს არიან პირები, რომლებმაც პირადი სარგებელი მიიღეს კრემლის პოლიტიკისგან და მათ მტკივნეული შედეგიც უნდა გაიზიარონ. ჩვენ მომდევნო დღეებშიც საჯაროდ გავაგრძელებთ კორუმპირებულ მილიარდერებზე სანქციების დაწესებას.

სამშაბათს რუსეთის მთავრობას არ მივეცით საშუალება ფული ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისგან მიეზიდა. ახლა კი იგივე შეზღუდვების დაწესებას ვაპირებთ რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ უდიდეს საწარმოებზე – კომპანიებზე, რომელთა აქტივები 1,4 ტრილიონ დოლარს აღემატება.

ზოგიერთი ჩვენი ქმედების ძლიერი ეფექტი დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რადგან მომდევნო წლებში შევზღუდავთ რუსეთის წვდომას ფინანსებზე და მისი ეკონომიკის სტრატეგიული დარგების ტექნოლოგიებზე, და დავაქვეითებთ მის ინდუსტრიულ შესაძლებლობებს.

ვვარაუდობთ, რომ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ქმედებებით გავანახევრებთ რუსეთის მაღალი ტექნოლოგიების იმპორტს.

გავაგრძელებთ მსგავსი მითითებების გამოცხადებას

ეს დარტყმას მიაყენებს მათ შესაძლებლობას, გააგრძელონ არმიის მოდერნიზაცია. ეს დააქვეითებს მათი აერონავტიკის ინდუსტრიას, მათ შორის კოსმოსურ პროგრამას. ეს დააზიანებს მათ შესაძლებლობას აშენონ გემები, შეამცირებს მათ ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას. ეს იქნება მთავარი დარტყმა პუტინის ხანგრძლივ სტრატეგიულ ამბიციებზე.

ჩვენ ვემზადებით უფრო მეტის გასაკეთებლად. ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, რომლებსაც ჩვენ ვაწესებთ, ასევე ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენი ნატოს მოკავშირეების დასაცავად, განსაკუთრებით აღმოსავლეთში.

ხვალ გაიმართება ნატოს სამიტი. ჩვენც იქ ვიქნებით, შევიკრიბებით 30 მოკავშირე ქვეყნის ლიდერი და ახლო პარტნიორი, რათა დავადასტუროთ ჩვენი სოლიდარობა და განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები, რომელიც ალიანსის ყველა მიმართულებას გააძლიერებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს უკრაინას დახმარების სახით 650 მილიონი დოლარი გადავეცით, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნო: ჩვენი სამხედრო ძალები არ არიან ჩართული და არ ჩაერთვებიან რუსეთთან კონფლიქტში უკრაინაში. ჩვენი ძალები არ მიდიან ევროპაში უკრაინაში საომრად, არამედ ჩვენი ნატოს მოკავშირეების დასაცავად და აღმოსავლეთში მოკავშირეების დასარწმუნებლად.

მინდა სრული სიცხადე შევიტანო: ამერიკის შეერთებული შტატები მთელი ძალით დაიცავს ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. კარგი ამბავია, რომ ნატო დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს.

ეჭვს გარეშეა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს ყველა მოკავშირე შეასრულებს მე-5 მუხლით აღებულ ვალდებულებებს, რაც გულისხმობს, რომ თავდასხმა ერთზე, არის თავდასხმა ყველაზე.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მე-5 მუხლის ვალდებულების შესაბამისად ბრძანება გავეცი დამატებითი სამხედრო ძალების განთავსებაზე გერმანიასა და პოლონეთში.

სამშაბათს რუსეთის აგრესიული მოქმედებების, მათ შორის ბელორუსის ტერიტორიასა და შავ ზღვაში [რუსეთის] საჯარისო ნაწილების განთავსებაზე საპასუხოდ, მე ბრძანება გავეცი, რომ ევროპაში ბაზირებული სახმელეთო და საჰაერო ძალები განთავსებულიყვნენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში: ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და რუმინეთი.

ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის ნატოს წევრები და მოკავშირეები თავად დგამენ ნაბიჯებს – ამატებენ თავიანთ ძალებსა და საშუალებებს.

დღეს, რუსეთის მიერ თავდასხმის დაწყებიდან რამდენიმე საათში, ნატო შეიკრიბა და რეაგირების გეგმის ამოქმედების ბრძანება გასცა.
ეს ნატოს მისცემს შესაძლებლობას სწრაფი რეაგირების ძალები განალაგოს იქ და მაშინ, სადაც და როცა საჭირო იქნება, რათა ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებთან ალიანსის წევრები დაიცვას.

ახლა ბრძანებას გავცემ, რომ აშშ-ის დამატებითი ძალები და საბრძოლო საშუალებები განლაგდეს გერმანიაში, როგორც ნატოს რეაგირების შემადგენელი ნაწილი, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში განლაგებული ზოგიერთი სამხედრო ძალები, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტმა კვირების წინ მზადყოფნაში მოიყვანა.

ასევე ველაპარაკე თავდაცვის დეპარტამენტის მდივანს, ოსტინს, და გაერთიანებული ხელმძღვანელობის უფროსს, გენერალ მილეის. საუბარი შეეხებოდა დამატებითი ზომების მიღებას, თუ ეს ზომები საჭირო გახდება ჩვენი მოკავშირეების დასაცავად და მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი სამხედრო ალიანსის – ნატოს მხარდასაჭერად.

საპასუხო ზომებთან ერთად, ჩემი ადმინისტრაცია იყენებს ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა დაიცვას ამერიკული ოჯახები და ბიზნესი საწვავის მზარდი ფასისგან.

მოგეხსენებათ, ფასების დასაწევად ჩვენ აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ. ამერიკის ნავთობისა და გაზის კომპანიებმა არ უნდა გამოიყენონ ეს მომენტი, რომ მოგების გასაზრდელად ფასები მოუმატონ.

როგორც იცით, სანქციების პაკეტი ჩვენ სპეციალურად ისე შევქმენით, რომ ენერგო გადასახადი არ შეგვეფერხებინა.

მკაცრად ვაკონტროლებთ ენერგო მომარაგებას ნებისმიერი შეფერხების გასაკონტროლებლად. ჩვენ ვმუშაობთ წამყვან ნავთობმწარმოებელ და მომხმარებელ ქვეყნებთან, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი საერთო ინტერესი, რომ დავიცვათ გლობალური ენერგო წყაროები.

ჩვენ მსოფლიო მასშტაბით აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნებთან, რათა მთავარი ენერგო მომხმარებელი ქვეყნების ნავთობის სტრატეგიული რეზერვების ერთობლივად გამოყენება გავზარდოთ. გარანტიის სახით, აშშ დამატებით ნავთობს გასცემს.

ვიცი, რომ ეს მძიმეა და რომ ამერიკელები უკვე დაზარალდნენ. ჩემი ძალაუფლების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამერიკელებს შევუმცირო ზარალი, რომელსაც ისინი ბენზინგასამართ სადგურებზე განიცდიან. ეს ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მაგრამ ეს აგრესია პასუხგაუცემელი არ დარჩება. საპირისპირო შემთხვევაში, მოტანილი შედეგები ამერიკელებისთვის გაცილებით მძიმე იქნეოდა. ამერიკა წინ აღუდგება მოძალადეებს. ჩვენ დავიცავთ თავისუფლებას. ჩვენ ასეთები ვართ.

ნება მიბოძეთ, გავიმეორო ჩემი წინა კვირის გაფრთხილება: თუ რუსეთი ჩვენი კომპანიებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განახორციელებს კიბერშეტევებს, ჩვენ პასუხის გასაცემად მზად ვართ.

ჩვენ თვეებია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს კერძო სექტორთან, რათა გავამაგროთ მათი კიბერუსაფრთხოება და გავაძლიეროთ ჩვენი საპასუხო ქმედებები რუსეთის კიბერ შეტევებზე.

წინა ღამით ველაპარაკე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და დავარწმუნე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი თავიანთ ქვეყანას იცავენ. ჩვენ მათ მოვამარაგებთ ჰუმანიტარული დახმარებით, რათა ხალხს ტანჯვა შევუმსუბუქოთ.

კონფლიქტის პირველ დღეებში რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებები გააგრძელებენ სიმართლის დამალვას და მოგონილი საფრთხის წინაშე თავიანთი სამხედრო ოპერაციების წარმატებას დაიბრალებენ.

მაგრამ, ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ სწრაფ ტერიტორიულ წინსვლას მალევე მოსდევს დამაქუცმაცებელი ოკუპაციები, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და სტრატეგიული ჩიხი.

შემდეგი კვირები და თვეები უკრაინელი ხალხისთვის რთული იქნება. პუტინმა მათ უდიდესი განსაცდელი მოუვლინა. მაგრამ უკრაინელმა ხალხმა გამოიარა დამოუკიდებლობის 30 წელი და მათ არაერთხელ აჩვენეს, რომ ისინი არ დაინდობენ არავის, ვინც მათი ქვეყნის უკან დახევას შეეცდება.

არის სახიფათო მომენტი მთელი ევროპისათვის, თავისუფლებისათვის მთელ მსოფლიოში. პუტინმა ზუსტად ის პრინციპი შებღალა, რომელზეც გლობალური მშვიდობა დგას.

თუმცა, ახლა, მთელი მსოფლიო ნათლად ხედავს, რას წარმოადგენს პუტინი და მისი კრემლის მოკავშირეები. მათი მხრიდან ეს არასოდეს ყოფილა უსაფრთხოების გამო რეალური წუხილი. ეს ყოველთვის იყო შიშველი აგრესია, ეს არის პუტინის სურვილი – იმპერია ნებისმიერი საშუალებით – რუსეთის მეზობლებზე ძალადობა იძულებით და კორუფციით, საზღვრების ძალით შეცვლა, და ბოლოს, უმიზეზო ომის არჩევით.

 

პუტინის ქმედებებმა გაამჟღავნა მსოფლიოს მომავლის მისეული ბოროტული ხედვა – სამყარო, სადაც ერები საწადელს ძალადობით აღწევენ.

მაგრამ ეს არის ხედვა, რასაც შეერთებული შტატები და თავისუფლების მოყვარე ერები დავუპირისპირდებით ჩვენს ძალაუფლებაში არსებული ყველა საშუალებით.

ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები აქედან უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი, უფრო მიზანმიმართული გამოვა.

პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს ძვირად დაუჯდება – ეკონომიკურად და სტრატეგიულად. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. საერთაშორისო არენაზე პუტინი იქნება გარიყული. ნებისმიერი ერი, რომელიც გამოხატავს თანაგრძნობას რუსეთის შიშველი აგრესიის მიმართ, ეს კავშირი ლაქად დააჩნდება.

როდესაც ამ ეპოქის ისტორია დაიწერება, პუტინის გადაწყვეტილება, დაეწყო სრულიად გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ, ისტორიაში დარჩება როგორც სუსტი, ხოლო მთელი მსოფლიო – ძლიერი.

თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის ღირსება – ეს უფრო დიდი ძალაა, ვიდრე შიში და ჩაგვრა. ამას ვერ აღმოფხვრიან პუტინის მსგავსი ტირანები და მისი არმია. ამას ვერ ამოშლიან ადამიანების გულებიდან და შემართებიდან, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ძალადობა და დაშინება. ისინი გაუძლებენ.

დემოკრატიასა და ავტოკრატიას, სუვერენიტეტსა და მორჩილებას შორის შეჯიბრში იცოდეთ,რომ თავისუფლება გაიმარჯვებს.

ღმერთმა დალოცოს თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის ხალხი. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი სამხედროები.