ცნობილი ამერიკული კომიქსების შემქმნელები საქართველოs მაისსა და ივნისში ეწვევიან (10 მაისი)

აშშ-ის საელჩო თბილისში იწყებს ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ესტუმრებიან ცნობილი ამერიკული კომიქსების შემქმნელები. ისინი ახალგაზრდებს ასწავლიან კომიქსების უნიკალური და მიმზიდველი ხელოვნების ფორმას, რომლის საშუალებითაც იქმნება შემოქმედებითი ისტორიები.

ამ ზაფხულს, ამერიკული კომიქსების პირველი ელჩები საქართველოში – მხატვარი დეივიდ მაკი (დეარდევილი, ელაიასი, კაბუკი) და მწერალი ვენ ჯენსენი (ფლეში, გრინ ლანტერნი, კრიპტოკრასი) იმუშავებენ ნიჭიერ ქართველ სტუდენტებთან საკუთარი, ახალი კომიქსის შექმნის პროცესში.

ვენ ჯენსენი ქვეყანას მაისში ესტუმრება თხრობის და სცენარის წერის ტექნიკის სასწავლებლად. ის აგრეთვე შეხვდება ქართველ გამომცემლებს, მშვიდობის კორპუსის საზაფხულო ბანაკის სტუდენტებს, მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში და მოინახულებს წეროვანში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს.

დეივიდ მაკი საქართველოში ივნისში ჩამოვა. ვიზუალური არტისტების შთაგონების გასაძლიერებლად გამართავს გამოფენას მისი ვიზუალური თხრობის უნიკალური სტილის წარმოსაჩენად. ის იმუშავებს ქართველ სტუდენტებთან მათი კომიქსის გმირების დიზაინის საბოლოო ჩამოყალიბებაზე და გვერდის დაგეგმვაზე. კომიქსის ფანქრით შესრულებაზე და მელნის შეყვანა/დადებაზე. ის აგრეთვე ჩაატარებს მასტერკლასს თბილისის სპეციალიზირებულ სკოლაში ყრუ-მუნჯი ბავშვებისთვის.

თბილისის სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი „ქალთა გაძლიერება“ შექმნის ქართულ კომიქსს. ქალები იზრუნებენ, რომ კომიქსმა ხელი შეუწყოს გუნდურ მუშაობას, ჩართულობას, გენდერულ ბალანსსა და არა-ძალადობას. „ქალთა გაძლიერებამ“ უკვე შეარჩია მწერლები და ილუსტრატორები კომიქსის დასაწერად და დასახატად. აშშ-ის საელჩო დააფინანსებს კომიქსის პირველი გამოშვების ბეჭდვას და გავრცელებას სოფლად მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებში. პროექტის პირველი ეტაპი დაწყებულია საჯარო ვორკშოპების კურსით, რომელსაც მართავს პირველი ქართული კომიქსის, „ამირანის“  ავტორი, ნიკოლოზ ხომასურიძე.