ახლადგარემონტებული საჯარო სკოლის გახსნა სოფელ ქვეშში (15 იანვარი)

ახლადგარემონტებული საჯარო სკოლის გახსნა სოფელ ქვეშში (15 იანვარი)

 

15 იანვარს, 11:00 საათზე, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად, სოფელ ქვეშში ახლადგარემონტებული საჯარო სკოლის გახსნა გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მერის წარმომადგენელი სოფელ ქვეშში, კონსტანტინე თავზარაშვილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ანდრია გვაზავა და სკოლის დირექტორი, ლელა ბიბილური.

სოფელი ქვეშის საჯარო სკოლა მდებარეობს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას არაერთ სოციალურ-ეკონომიკურ სირთულესთან გამკლავება უხდება, რაც 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, რუსი სამხედროების მიერ დაწყებული ე.წ. „საზღვრის“ დემარკაციის პროცესით არის გამოწვეული. ამ სკოლას აქვს სამსართულიანი შენობა, სადაც ორასი მოსწავლე სწავლობს დაახლოებით 800 ოჯახით დასახლებული ორი მეზობელი სოფლიდან.

ქვეშის საჯარო სკოლის სრულად გასარემონტებლად ფინანსური დახმარება გამოიყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საგარეო კატასტროფების, სამოქალაქო და ჰუმანიტარული დახმარების (OHDACA) ფონდიდან აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია როგორც სასწავლო, ისე სანიტარული/ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება სკოლის 200-მდე მოსწავლისთვის. სარემონტო სამუშაოები განახორციელა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა. პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა სამსართულიანი შენობა განახლდა ინტერიერი (კედლები, ფანჯრები, კარები და იატაკი), შეკეთდა კიბეები და სახურავი, განხორციელდა გარე ფასადის საიზოლაციო სამუშაოები, გარემონტდა საპირფარეშოები, დამონტაჟდა წყლისა და საკანალიზიაციო სისტემები, გათბობის ახალი სისტემა და ელექტრო გაყვანილობა. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სკოლის პერიმეტრი და შეკეთდა სანიაღვრე სისტემა.

აღნიშნული პროექტი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი ხანგრძლივი დადებითი შედეგები შეიძლება იქონიოს აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის არსებულმა თანამშრომლობამ – განსაკუთრებით განათლების სფეროში.