აშშ-ის ელჩი საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვს სტუდენტს სტიპენდიით დააჯილდოებს (5 ივნისი)

აშშ-ის ელჩი საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვს სტუდენტს  სტიპენდიით დააჯილდოებს (5 ივნისი)

ორშაბათს, 5 ივნისს, 14:30 საათზე ამერიკის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება იან კელი და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი კენ უოლში ექვს მომავალ სტუდენტს დააჯილდოებენ, რომლებიც აშშ-ის საელჩოს სპეციალური სტიპენდიატი გახდა.

აშშ-ის საელჩოს სტიპენდიების პროგრამა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის 2017 წლის მარტში გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წარმომადგენლებს, რომლებიც აკმაყოფილებდნენ უნივერსიტეტში მიღებისთვის საჭირო მოთხოვნებს. სტიპენდია ითვალისწინებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში შემოთავაზებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სრულ დაფინანსებას.

ღონისძიებაზე აშშ-ის ელჩი გამარჯვებულ სტიპენდიატებს შეხვდება და პირადად დააჯილდოებს. დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი  – საქართველოში (SDSU) სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ASC, WASC[1]) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებისა და  მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების მიზნით. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. 2017 წელს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს: სამშენებლო ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ქიმია/ბიოქიმია. პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

[1] ABET – საინჟინრო პროგრამების აკრედიტაციის ამერიკის საბჭო; ACS – ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაცია; WASC – სკოლებისა და კოლეჯების დასავლეთის ასოციაცია.