სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „რუსეთის აგრესიის საფრთხე უკრაინისთვის და არა მხოლოდ“

ბერლინიბრანდენბურგის მეცნიერებათა აკადემია 
ბერლინი, გერმანი 

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი:  შუადღე მშვიდობისა. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რამდენად დიდი პატივია ჩემთვის გერმანიის სხვადასხვა წრის წარმომადგენელი ამდენი მეგობრის, კოლეგის, ლიდერის, აგრეთვე ჩვენი ორი ქვეყნის პარტნიორული კავშირის განმამტკიცებელი ლიდერის დასწრება. მადლიერი ვარ ყველასი, რომ აქ იმყოფებით, მადლიერი ვარ, რომ მომეცით ასეთი შესაძლებლობა და მეცნიერებათა აკადემიაში ვიმყოფები. ცოტაოდენი ისტორია ზიგმარმა მიამბო, როდესაც მოკლე დროში დერეფნები დავათვალიერეთ, ძალიან ვაფასებ თქვენ მასპინძლობას.  

ამ დაწესებულებას ჰუმანიტარული მეცნიერების განსაკუთრებული ტრადიცია აქვს, გამოგონებებით, რომელიც სამასზე მეტ წელს ითვლის. ვიცი, რომ მეცნიერების სხვა ვარსკვლავებთან ერთან ამ აკადემიის წევრად ალბერტ აინშტაინიც ირიცხებოდა, ამდენად აქვე გაცნობებთ, რომ ჩემი დღევანდელი გამოსვლა მხოლოდ მცირედით შეეხება ასტროფიზიკას, რაც ყველასთვის სასარგებლო იქნება. 

მსურს, მადლიერება გამოვხატო იმ ინსტიტუტებისადმი, რომლებიც ჩვენი თანამასპინძლები არიან, მათ შორის არის „ატლანტიკ-ბრიუკე“. სხვათა შორის, ჩემი პირადი ისტორია მაქვს „ბრიუკესთან“, ხიდთან, რაც ოც წელზე მეტს ითვლის. კარგად მახსოვს გერმანელ კოლეგებთან გატარებული დრო, რომლებიც გვსტუმრობდნენ კლინტონის ადმინისტრაციის დროს. სასიამოვნოა, რომ თქვენთან სტუმრად ვარ, გერმანიის მარშალის ფონდთან, ასპენის ინსტიტუტთან, გერმანიის შესწავლის ამერიკულ საბჭოსთან. ნამდვილად ვერ გამოვტოვებ დიდ მეგობარს, კოლეგას, რომელთან კავშირი უნივერსიტეტის წლებში ჩამოგვიყალიბდა, გაგრძელდა კლინტონის ადმინისტრაციის, შემდეგ უკვე ობამას ადმინისტრაციის დროს, დენ ბენჯამინს. შესანიშნავია კვლავ თქვენი ნახვა. 

წლების განმავლობაში, ეს ორგანიზაციები ხელს უწყობენ ჩვენ ორ ქვეყანას შორის კავშირების აგებას, გამტკიცებას და გაღრმავებას. დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანია ჯანსაღი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება და მადლიერი ვარ ჩვენი თანამასპინძლების, რომლებსაც წვლილი შეაქვთ დემოკრატიის გაძლიერებაში ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს, და, კვლავ აღვნიშნავ, ჩვენი შეკრებისთვის დღეს. 

როგორც ზიგმარმა აღნიშნა და როგორც ყველას მოგეხსენებათ, ბერლინში ჩამოვედი ევროპისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და, ვიტყოდი, მსოფლიოსთვისუაღრესად გადაუდებელ მომენტში. რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ მუქარის ესკალაციას. ამ უკანასკნელ დღეებში კვლავ ვიხილეთ მზარდი საომარი რიტორიკა, სამხედრო ძალების ზრდა უკრაინის საზღვარზე, ამჟამად უკვე ბელარუსშიც. 

რუსეთს არაერთხელ უთქვამს უარი იმ შეთანხმებებზე, რომლებიც კონტინენტის მასშტაბით მშვიდობას ინარჩუნებდა ათობით წლის განმავლობაში. იგი სამიზნედ აქცევს კვლავ ნატოს, თავდაცვით, ნებაყოფლობით ალიანსს, რომელიც იცავს თითქმის მილიარდ ადამიანს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, და [სამიზნედ აქცევს] საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წამყვან პრინციპებს, რომლის დაცვაში ყველას ჩვენი პასუხისმგებლობის წილი გვაქვს. 

ეს პრინციპები, რომლებიც ორი მსოფლიო ომის და ცივი ომის შედეგად ჩამოყალიბდა, უარყოფს ერთი ქვეყნის მიერ ძალის გამოყენებით მეორე ქვეყნის საზღვრების შეცვლის უფლებას; ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნისთვის  წარმოებული პოლიტიკის ან არჩევანის გაკეთების დიქტატს; გავლენის სფეროების პოლიტიკის გატარებას, რომელიც სხვისი ნების ქვეშ იმორჩილებს სუვერენულ მეზობლებს. 

რუსეთისთვის ამ პრინციპების დარღვევის დაუსჯელად ნების მიცემა ყველას გადაგვისვრის უფრო მეტად სახიფათო და არასტაბილურ დროში, როდესაც ეს კონტინენტი და ეს ქალაქი ორად იყო გაყოფილი, ერთმანეთს დაშორებული ნეიტრალური ზონებით, რომლებსაც ჯარისკაცები პატრულირებდნენ, სრულმასშტაბიანი ომის საფრთხის ქვეშ ცხოვრებით. ეს აგრეთვე იქნება შეტყობინების დაგზავნა სხვებისთვის მსოფლიოში, რომ ეს პრინციპები ერთჯერადი გამოყენებისაა, და ესეც თავისთავად კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. 

ზუსტად ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ევროპაში ასეთ ყურადღებას უთმობენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ეს მეტია, ვიდრე კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის. ეს მეტია, ვიდრე რუსეთი და ნატო. ეს არის კრიზისი გლობალური შედეგებით, რომელიც ითხოვს გლობალურ ყურადღებას და მოქმედებას. 

აქ, დღეს, სწრაფად განვითარებადი მოვლენების პირობებში, მსურს ჩავუღრმავდე მოვლენების არსს. 

დასაწყისისთვის, რუსეთი აცხადებს, რომ ეს კრიზისი უკავშირდება მის ეროვნულ თავდაცვას, სამხედრო წვრთნებს, შეიარაღების სისტემებს და შეთანხმებებს უსაფრთოხებების შესახებ. ახლა, თუ ეს სიმართლეა, შეგვიძლია ვითარების მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით განმუხტვა. აი, ამგვარი ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია – ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ევროპის ქვეყნები გაზრდიან გამჭვირვალობას, შეამცირებენ რისკებს, გაზრდიან შეიარაღებაზე კონტროლს, ააგებენ ნდობას. ეს წარსულში წარმატებით არაერთხელ გაგვიკეთებია და ახლაც შეგვიძლია ამის გაკეთება. 

მართლაც, ზუსტად ამის მისაღწევად შევედით გასულ კვირას საუბრებში, რასაც წარვადგენთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთს შორის „სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის“, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს ფორმატებში. ამ და სხვა მრავალ შეხვედრაზე, ამერიკის შეერთებული და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები არაერთხელ სთავაზობდნენ რუსეთს დიპლომატიის გზას ურთიერთშეთანხმების პრინციპის სულისკვეთებით. 

ჯერჯერობით, კეთილი განწყობით ჩართულობისადმი ჩვენი მზადყოფნა უარყოფილია, ვინაიდან სინამდვილეში ეს კრიზისი ფუნდამენტურად არ უკავშირდება შეიარაღებას ან სამხედრო ბაზებს. იგი ეხება უკრაინისა და ყველა სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თვითგამორკვევას. საფუძველში კი იგი ეხება რუსეთის მიერ ცივი ომის შემდგომი ევროპის – ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის – მიუღებლობას. 

რუსეთის აგრესიული, პროვოკაციული, შიდა პოლიტიკაში ჩარევის – მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ჩარევის – პოლიტიკით ჩვენი ღრმა შეშფოთების საპასუხოდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა ჩვენი მზადყოფნის შესახებ, რომ გვსურს მეტად სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობები; შეიარაღების კონტროლის შეთანხმებებზე მოლაპარაკებები, მაგალითად, START-ის [ბირთვული შეიარაღების შესახებ] შეთანხმების განახლება და „სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის“ წარმოება; ერთობლივი მოქმედება კლიმატის კრიზისზე საპასუხოდ და თანამშრომლობა საერთო საქმეში ირანის ბირთვული შეთანხმების ხელახლა ასამოქმედებლად. ჩვენ ვაფასებთ ჩვენთან ერთად რუსეთის ჩართვას ამ ძალისხმევებში. 

უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის უგუნური მუქარისა და სახიფათო სამხედრო მობილიზების მიუხედავად – მისი შენიღბვისა და დეზინფორმაციის მიუხედავად – ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, სთავაზობს რუსეთს ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან დიპლომატიურ გამოსავალს. ზუსტად ამიტომ დავბრუნდი ევროპაში – გუშინ ვესტუმრე უკრაინას, დღეს აქ, გერმანიაში ვარ, ხვალ შვეიცარიაში ჩავალ, სადაც შევხვდები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს და კიდევ ერთხელ შევეცდები დიპლომატიური მოგვარების გზების მოძიებას. 

ამერიკის შეერთებული შტატები ამჯობინებს, რომ ასეთი გზები გამოიძებნოს, და სხვა ალტერნატივებს დანამდვილებით ამჯობინებს დიპლომატიას. ვიცით, ევროპაში ჩვენს პარტნიორებსაც ასეთი განწყობა აქვთ, ისევე როგორც ხალხებს და ოჯახებს ევროპის კონტინენტზე, რადგან იციან, რომ მათ უდიდესი ტვირთი დააწვებათ, თუ რუსეთი უარყოფს დიპლომატიას. ჩვენ ველით, რომ ქვეყნები ევროპის მიღმა, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანად მკაფიო საფასურს დაუწესებს რუსეთს, თუ იგი კონფლიქტს აირჩევს, დადგება იმ პრინციპების სადარაჯოზე, რომელიც ჩვენ ყველას  გვიცავს. 

მოდით, მარტივად შევხედოთ, რა დგას რისკის ქვეშ, ვინ მოხვდება რეალური ზემოქმედების ქვეშ და ვინ არის პასუხისმგებელი. 1991 წელს, მილიონობით უკრაინელი მივიდა საარჩევნო ყუთებთან და განაცხადა, რომ უკრაინა მომავალში აღარ იცხოვრებდა ავტოკრატების მართვის ქვეშ, არამედ საკუთარ თავს მომავალში თვითონ მართავდა. 2014 წელს, უკრაინელი ხალხი დადგა საკუთარი დემოკრატიული და ევროპული მომავლის არჩევანის დასაცავად. მას შემდეგ ისინი ყირიმში რუსეთის ოკუპაციისა და დონბასში აგრესიის აჩრდილის ქვეშ ცხოვრობენ. 

ომმა აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც ორკესტრირებულია რუსეთისა და მის მიერ მართული, გაწვრთნილი, მომარაგებული და დაფინანსებული მოკავშირეების მიერ, გამოიწვია 14 ათასი უკრაინელის დაღუპვა. ათასობით ადამიანი დაიჭრა. სრულად განადგურებულია ქალაქები. თითქმის 1,5 მილიონმა უკრაინელმა დატოვა სახლი ძალადობისგან თავის ასარიდებლად. ყირიმსა და დონბასში უკრაინელებისთვის რეპრესიები მწვავეა. რუსეთი ბლოკავს უკრაინელების  საკონტაქტო ხაზზე გადასვლას, რითაც წყვეტს მათ კავშირს დანარჩენ უკრაინასთან. ასობით უკრაინელი რუსეთისა და მისი მოკავშირეების პოლიტიკურ ტყვეობაშია. ასობით ოჯახმა არ იცის, საყვარელი ადამიანი ცოცხალია, თუ მკვდარი. 

ჰუმანიტარული საჭიროებები კი იზრდება. დაახლოებით სამი მილიონი უკრაინელი, მათ შორის მილიონი ასაკოვანი და ნახევარი მილიონი ბავშვი გადაუდებლად საჭიროებს საკვებს, თავშესაფარს და სხვა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელ დახმარებას. თუმცა, რასაკვირველია, ბრძოლის ველისგან შორს მცხოვრები უკრაინელებიც მისი ზემოქმედების ქვეშ არიან. ეს მათი ქვეყანაა; ეს ხალხი მათი თანამოქალაქეა. და არსად უკრაინაში ხალხი არ გრძნობს თავს მავნე რუსული მოქმედებისგან თავისუფლად. მოსკოვი ცდილობს ძირი გამოუთხაროს უკრაინის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ერევა უკრაინის პოლიტიკურ პროცესებში და არჩევნებში, აჩერებს ენერგორესურსების მიწოდებას და ვაჭრობას უკრაინის ლიდერების დასაშინებლად და მის მოქალაქეებზე ზეწოლის მოსახდენად, იყენებს პროპაგანდას და დეზინფორმაციას უნდობლობის დასანერგად, აწარმოებს კიბერშეტევებს ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის დესტაბილიზაციის კამპანია დაუნდობლად მიმდინარეობს. 

ახლა კი რუსეთს სურს, კიდევ უფრო შორს წავიდეს. რუსეთის მხრიდან განახლებული აგრესიის ადამიანური მსხვერპლი განუზომლად დიდი იქნება, ვიდრე აქამდე. რუსეთი მის ქმედებებს ამართლებს განცხადებით, რომ უკრაინა მისი უსაფრთხოებისთვის რაღაცნაირად საფრთხეს წარმოადგენს. ეს რეალობას თავდაყირა აყენებს. ვისი ჯარები აქცევს მეორე ქვეყანას ალყაში? რომელმა ქვეყანამ მიითვისა მეორე ქვეყნის ტერიტორია ძალით? ვისი სამხედრო ძალები აჭარბებს მრავალჯერ მეორე ქვეყნის ძალებს? რომელ ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი? აქ, უკრაინა აგრესორი არ არის; უკრაინა გადარჩენას ცდილობს. არავინ უნდა გააკვირვოს, თუ რუსეთი პროვოკაციას ან ინციდენტს მოაწყობს, რითაც შემდეგ შეეცდება სამხედრო ინტერვენციის გამართლებას იმ იმედით, რომ, როდესაც სამყარო მის ხრიკს მიხვდება, უკვე ძალიან გვიან იქნება. 

მრავალი აზრი გამოითქვა პრეზიდენტ პუტინის ნამდვილ განზრახვებზე, თუმცა არ გვჭირდება გამოცნობა. მან არაერთხელ გვითხრა. იგი ამზადებს ინტერვენციის საფუძველს, რადგან არ მიიჩნევს უკრაინას სუვერენულ სახელმწიფოდ. მან პრეზიდენტ ბუშს ეს 2008 წელს დაუფარავად განუცხადა, ციტირებას ვახდენ: „უკრაინა არ არის რეალური ქვეყანა“. 2020 წელს, მან განაცხადა, ციტირებას ვახდენ: „უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია“. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1654 წელს უკრაინისა და რუსეთის გაერთიანების იუბილეს აღმნიშვნელი შეტყობინება განათავსა „ტვიტერში“. ეს საკმაოდ აშკარა გზავნილია, რომელიც ზუსტად ამ კვირას კეთდება. 

რისკი უკრაინისთვის მეტად თვალნათლივ ჩანს. საქმე მხოლოდ შესაძლო შეჭრასა და ომს არ ეხება, არამედ ეხება იმას, აქვს თუ არა უკრაინას უფლება, იარსებოს როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ. საქმე ეხება იმას, აქვს თუ არა უკრაინას უფლება, იყოს დემოკრატია. 

[რუსეთი] მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. ყველა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფო გახდა 1990 და 1991 წლებში. ერთ-ერთი მათგანი საქართველოა. რუსეთი იქ 2008 წელს შეიჭრა. ცამეტი წელი გავიდა, მაგრამ საქართველოს 300 ათასი მოქალაქე კვლავ საკუთარი სახლიდან დევნილად რჩება. მეორე ქვეყანა მოლდოვაა. ამ ქვეყნის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ რუსეთი აქ ინარჩუნებს ჯარებსა და შეიარაღებას. თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში და მის ოკუპაციას მოახდენს, რა მოხდება შემდეგ? რასაკვირველია, რუსეთის ძალისხმევა, აქციოს მისი მეზობლები მარიონეტ სახელმწიფოებად, გააკონტროლოს მათი მოქმედებები, ჩაახშოს დემოკრატიული გამოვლინების ნებისმიერი ნაპერწკალი მხოლოდ უფრო ინტენსიური გახდება. თუ სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის პრინციპებს უარვყოფთ, დავბრუნდებით ისეთ სამყაროში, რომელშიც აღმოვაჩენთ იმ წესების ჯერ გამოფიტვას და შემდეგ გაქრობას, რომელსაც ათობით წლის განმავლობაში ერთად ვაყალიბებდით.  

შემდეგ კი გამბედაობამინიჭებული მთავრობები გააკეთებენ იმას, რაც სურთ, რომ მიიღონ ის, რაც სურთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ნიშნავს სხვა ქვეყანაში ინტერნეტის გამორთვას, ზამთრის ყინვაში გასათბობად ნავთობის მიწოდების შეწყვეტას, ან ტანკების გაგზავნას – ყველა ეს ტაქტიკა რუსეთმა უკანასკნელ წლებში სხვა ქვეყნების მიმართ გამოიყენა. ზუსტად ამიტომ, ყველგან, მთავრობებსა და ხალხს უნდა აღელვებდეს ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს რეგიონული მნიშვნელობის დავაა შორეულ რეგიონში ან რუსეთის მხრიდან სხვისი დაჩაგვრის მორიგი გამოვლინებაა, მაგრამ, კვლავ, ფსონად დევს პრინციპები, რომლებმაც სამყარო მეტად უსაფრთხო და სტაბილური გახადა ათწლეულობის განმავლობაში.  

ახლა, ალტერნატივის სახით, რუსეთი ამბობს, რომ პრობლემას ნატო წარმოადგენს. ერთი შეხედვითაც კი ჩანს, რომ ეს აბსურდია. ნატო არ შეჭრილა საქართველოში; ნატო არ შეჭრილა უკრაინაში. რუსეთი შეიჭრა. ნატო – თავდაცვითი ალიანსია რუსეთის მიმართ აგრესიული განზრახვების გარეშე. ამის საპირისპიროდ, ნატოს მხრიდან ძალისხმევა, ჩართოს [მოლაპარაკებებში] რუსეთი, წლებია გრძელდება, და, სამწუხაროდ, მეორე მხარის მიერ უარყოფილია. მაგალითად, ნატოსა და რუსეთს შორის დადებულ დამფუძნებელ აქტს ნდობა უნდა ჩამოეყალიბებინა და კონსულტაციისა და თანამშრომლობის ხარისხი გაეზარდა. მისი მიხედვით, ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი შემცირების ვალდებულება აიღო და პირნათლად შეასრულა ეს დაპირება.  

რუსეთს, მის მიერ აღებული ვალდებულებით, ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ევროპაში განთავსებისგან ანალოგიური თავშეკავება უნდა გამოეჩინა. თუმცა, ამის სანაცვლოდ, იგი ორ ქვეყანაში შეიჭრა. რუსეთი ამბობს, რომ ნატო ალყაში აქცევს რუსეთს. სინამდვილეში, რუსეთის საზღვრების მხოლოდ ექვსი პროცენტი ესაზღვრება ნატოს ქვეყნებს. შევადაროთ ეს მაჩვენებელი უკრაინას, რომელიც ამჟამად მართლაც რუსეთის ჯარების ალყაშია მოქცეული. ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატოს განთავსებული ჰყავს 5 ათასი სამხედრო, რომელიც მასპინძელ ქვეყანს არ წარმოადგენს. მათი განთავსება როტაციის საფუძველზე ხდება და არ არის მუდმივი. რუსეთმა სულ მცირე ოცჯერ მეტი ძალები განათავსა უკრაინის საზღვართან. 

პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ ნატო, ციტატას მოვიყვან: „ათავსებს რაკეტებს ჩვენი სახლის ზღურბლთან“თუმცა, თავად რუსეთმა შექმნა სახმელეთო ბაზირების საშუალო სიშორის რაკეტები, რომელიც წვდება გერმანიისა და ნატოს თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ტერიტორიას მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი INF [საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის] ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა, რომელიც კრძალავდა ასეთ რაკეტებს. სინამდვილეში, რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევამ გამოიწვია მის მიერ ამ ხელშეკრულების გაუქმება, რამაც ყველანი ნაკლებად დაცული დაგვტოვა. 

აღნიშვნის ღირსია აგრეთვე ისიც, რომ, მართალია, რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფო არ არის, სხვა ნატოს არაწევრი სახელმწიფოების მსგავსად, ისიც სარგებლობს იმ მშვიდობით, სტაბილურობითა და კეთილდღეობით, რაც ნატომ შესაძლებელი გახადა. მრავალ ჩვენგანს ნათლად ახსოვს ცივი ომის ეპოქის დაძაბულობა და შიში. საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის მიერ ამ წლების განმავლობაში ურთიერთგაგების შექმნისა და ჩვენი ქვეყნების მოქმედების შეთანხმებული წესების ჩამოყალიბების მიზნით ერთმანეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ადამიანები მიესალმებოდნენ ყველგან, რადგან მცირდებოდა დაძაბულობა და სამხედრო კონფლიქტი ნაკლებად მოსალოდნელი ხდებოდა. ეს გარღვევები მეტწილად წარმოადგენდა ორივე მხარეს მყოფი ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგს. ახლა კი ვხედავთ, რომ ამ დაუღალავი შრომის შედეგები უქმდება. 

მაგალითად, 1975 წელს, ეუთოს ყველა წევრმა ქვეყანამ, რუსეთის ჩათვლით, ხელი მოაწერა ჰელსინკის დასკვნით აქტს, რომელმაც საერთაშორისო არენაზე ქცევის ათი სახელმძღვანელო პრინციპი ჩამოაყალიბა, მათ შორის ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა, ძალის გამოყენებისგან ან მუქარისგან თავის შეკავება, საზღვრების ხელშეუხებლობა, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა, დავების მშვიდობიანი გადაჭრა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა. უკრაინასთან მიმართებაში რუსეთმა დაარღვია თითოეული ეს პრინციპი და არაერთხელ მკაფიოდ დაგვანახა მათი აბუჩად აგდება. 

1990 წელს, ეუთოს წევრი ქვეყნები, რუსეთის ჩათვლით, შეთანხმდნენ ვენის დოკუმენტზე, ნდობისა და უსაფრთოხების გამყარებისკენ მიმართული ზომების კრებულზე, სამხედრო ძალების მოქმედებების, მათ შორის სამხედრო წვრთნების, გამჭვირვალობისა და პროგნოზირების გასაზრდელად. ამჟამად, რუსეთი შერჩევითად ასრულებს ამ დებულებებს. მაგალითად, იგი ატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს, რომელიც, მისი მტკიცებით, გათავისუფლებულია ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და დაკვირვების ვალდებულებისგან, რადგან წვრთნებში მონაწილე ჯარები წინასწარ ინფორმირებული არ არიან. გასული წლის შემოდგომაზე, რუსეთმა სამხედრო წვრთნები ჩაატარა ბელარუსში 100 ათასზე მეტი სამხედროს მონაწილეობით. შეუძლებელია, რომ ეს წვრთნები წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩატარებულიყო. მოსკოვი არ ახდენს საქართველოში მისი სამხედრო ძალების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, არ შეატყობინა ეუთოს წინა წლის გაზაფხულზე უკრაინის გარშემო ჯარების მასიური მობილიზების შესახებ, რითაც პასუხს გასცემდა უკრაინის კითხვას, თუ რას აკეთებდა იგი. ყოველივე ეს 1990 წლის შეთანხმებით ვალდებულებას წარმოადგენს. 

1994 წლის შეთანხმებით, რომელიც ცნობილია ბუდაპეშტის მემორანდუმის სახელით, რუსეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა აიღეს ვალდებულება, მომყავს ციტატა, რომ : „პატივს სცემდნენ უკრაინის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს და მის არსებულ საზღვრებს, თავს შეიკავებდნენ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან“ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ამ დანაპირებმა დაარწმუნა უკრაინა, უარი ეთქვა ბირთვულ არსენალზე, რომელიც მას სსრკ-ს დაშლის შემდეგ მემკვიდრეობად ერგო და რომელიც იმ პერიოდისთვის მსოფლიოში სიდიდით მესამე არსენალს წარმოადგენდა. იცით, საჭიროა მხოლოდ ყირიმსა და დონბასში მცხოვრებ ადამიანებს ვკითხოთ, რა ბედი ეწია ამ დაპირებებს. 

შემიძლია მრავალი სხვა ციტატის მოყვანა. ისინი ყველა ერთ დასკვნას ამყარებს: ერთი ქვეყანა მუდმივად ამბობს უარს მის ვალდებულებებზე და უგულებელყოფს იმ წესებს, რომელსაც დათანხმდა მიუხედავად იმისა, რომ სხვები დაუღალავად ცდილობენ ყოველ ნაბიჯზე მათ შესრულებას. ეს ქვეყანა რუსეთია. რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს თავდაცვის უფლება და ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მზად არიან განიხილონ რუსეთის წუხილი საკუთარ უსაფრთოხებაზე, აგრეთვე ისიც, თუ როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ ამ წუხილზე რეაგირება ურთიერთთანამშრომლობის ფორმით. რუსეთი გამოხატავს წუხილს საკუთარ უსაფრთხოებაზე და იმ მოქმედებებზე, რომელსაც, მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მიმართავენ, რაც რაღაცნაირად საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას. ჩვენ ღრმად გვაშფოთებს რუსეთის მოქმედებები, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. შეგვიძლია ამ ყველაფერზე ვისაუბროთ. თუმცა, ვერ ვაქცევთ მოლაპარაკების საგნად ეროვნული სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს, რაც გათვალისწინებულია გაეროს ქარტიით და გამყარებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. 

თუ მომეცემა შესაძლებლობა, რომ მივმართო რუს ხალხს, მსურს ვუთხრა მათ, თქვენ იმსახურებთ უსაფრთხოებას და ღირსეულ ცხოვრებას ზუსტად ისე, როგორც ადამიანები ნებისმიერ სხვა ადგილას, და არავინ – არც უკრაინა, არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც ნატო და მისი წევრები – ცდილობს თქვენთვის საფრთხის შექმნას. რაც რეალურად უქმნის საფრთხეს თქვენს უსაფრთხოებას, არის უმიზნო ომი თქვენ მეზობელ უკრაინასთან ყველა იმ მსხვერპლით, რომელსაც ის გამოიწვევს, ყველაზე მეტად კი იმ ახალგაზრდა ადამიანებისათვის, ვინც თავის სიცოცხლეს რისკის ქვეშ დააყენებს ან შესწირავს კიდეც. 

იმ დროს, როდესაც COVID-ის პანდემია მძვინვარებს პლანეტაზე, კლიმატის კრიზისის წინაშე ვდგავართ, აუცილებელია გლობალური ეკონომიკის აღდგენა, რაც ესოდენ დიდ ყურადღებას და რესურსებს საჭიროებს ჩვენი მხრიდან, თქვენ მართლა ეს გინდათ – ძალადობრივი კონფლიქტი, რომელიც, სავარაუდოდ, გაიწელება? ეს მეტად უსაფრთხოს გახდის თქვენ ცხოვრებას, მეტ კეთილდღეობას, მეტ შესაძლებლობას მოგიტანთ? დაფიქრდით, თუ რის მიღწევა შეუძლია რუსეთისნაირ დიდ სახელმწიფოს იმ შემთხვევაში, თუ იგი მიმართავს მის რესურსებს, განსაკუთრებით მის ადამიანურ რესურსებს, მისი ხალხის გამორჩეულ ნიჭს, ჩვენი დროის ყველაზე მნიშნველოვანი გამოწვევების დასაძლევად. ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენი პარტნიორები ევროპაში, ამას მივესალმებოდით.  

ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შევხვდები და მოვუწოდებ, რომ რუსეთი დაუბრუნდეს შეთანხმებებს, რომელშიც ათობით წლების წინ შევიდა, გააგრძელოს მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპაში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ისეთი მომავლის შესაქმნელად, რომელიც ჩვენს საერთო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამავე დროს, მკაფიოდ განვაცხადებ, რომ ეს შესაძლებლობა გაქრება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, რაც ზუსტად იმას გამოიწვევს, რაზეც რუსეთი ჩივის: გააძლიერებს ნატოს თავდაცვის ალიანსს.  

ასეთი რთული საკითხების წინაშე ვდგავართ. მათი მოგვარება სწრაფად არ მოხდება. ნამდვილად არ მოველი, რომ ხვალ ჟენევაში მოვაგვარებთ მათ. თუმცა, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ურთიერთგაგებას, რაც უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზების დეესკალაციასთან ერთად, მომდევნო კვირებში კრიზისს აგვარიდებს. ამავე დროს, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ნატოში, ევროპის კავშირში, ეუთოში, დიდ შვიდეულში, გაეროში, საერთაშორისო თანამეგობრობაში, რათა ნათელი გახდეს, რომ რუსეთი ორი გზის გასაყარზე დგას: ერთ-ერთი დიპლომატიის გზაა, რომელიც მშვიდობამდე და უსაფრთხოებამდე მიგვიყვანს, ხოლო მეორე აგრესიის გზაა, რომელიც მიგვიყვანს მხოლოდ კონფლიქტამდე, მძიმე შედეგებამდე, საერთაშორისო დაგმობამდე.  ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და ორივე გზაზე რუსეთის დასახვედრად მზადყოფნას. 

არ არის შემთხვევითი, რომ ამ მოსაზრებებს გიზიარებთ აქ, ბერლინში. მსოფლიოში, ალბათ, არც ერთ სხვა ადგილს არ განუცდია ცივი ომის მიერ გამოწვეული დაყოფა ისე მწვავედ, როგორც ამ ქალაქს. აქ, პრეზიდენტმა კენედიმ მსოფლიოს ყველა თავისუფალი ადამიანი ბერლინის მოქალაქედ გამოაცხადა. აქ, პრეზიდენტმა რეიგანმა მოუწოდა ბატონ გორბაჩოვს, დაენგრია ეს კედელი. ჩანს, რომ პრეზიდენტ პუტინს სურს იმ ეპოქაში დაბრუნება. იმედი გვაქვს, რომ ასე არ არის. თუმცა, თუ იგი ამ გზას აირჩევს, მას იმავე შეუპოვრობით და იმავე ერთობით დავხვდებით, რომელიც წინა თაობების ლიდერებმა და მოქალაქეებმა გამოავლინეს მშვიდობის დასაწინაურებლად, თავისუფლების დასაწინაურებლად, ადამიანის ღირსების დასაწინაურებლად ევროპის ფარგლებში და მსოფლიო მასშტაბით. 

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!