შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ბოლო წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

Photo: MIA Georgia

წყარო

შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბოლო წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ვაჟა სირაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები – ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებულ ღონისძიებებზე, მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, საპატრულო პოლიციის ფუნქციონალური გაუმჯობესების მიზნით, უკვე განხორციელდა სხვადასხვა სახის ტექნიკური პროექტი, აგრეთვე, მოხდა პატრულ-ინსპექტორების გადაიარაღება და მათი ახალი სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვა, გაიზარდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი, შესაბამისად გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც. საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას დაიწყებს ერთიანი მომსახურების ცენტრი შიდა ქართლის რეგიონში. ერთიანი მომსახურების ცენტრების მოწყობა იგეგმება ასევე ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.
სიტყვით გამოსვლისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – ვაჟა სირაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერისთვის, ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.