აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მხარდაჭერის მონაცემები

ქართველებმა იბრძოლეს თავიანთი თავისუფლებისთვის, ისევე, როგორც – ამერიკელებმა. თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო სიყვარული საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველია. ნამდვილი დემოკრატიის ფუნდამენტი არის სამართლიანი არჩევნების გზით საკუთარი ლიდერების არჩევის თავისუფლება. როგორ ეხმარება ამერიკა საქართველოს, ამ რთულ პერიოდში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თავი მოვუყარეთ ინფორმაციას ჩვენი მრავალფეროვანი მხარდაჭერის შესახებ, რაც კოვიდ-19-ისა და შესაძლო კიბერთავდასხმებისთვის უსაფრთხოების მზაობასაც მოიცავს.

არჩევნებისთვის მზადება

  • შეერთებულმა შტატებმა, USAID-ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით, მხარი დაუჭირა პარლამენტს საარჩევნო კოდექსის მნიშვნელოვანი ინკლუზიური რეფორმის გატარებაში, რომელმაც გააერთიანა პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და ამ პროცესში ჩართული საერთაშორისო წარმომადგენლები.
  • მოქალაქეთა მოთხოვნების შესაბამისად, შეერთებული შტატები, USAID-ის მეშვეობით, პარტიებს პოლიტიკური პლატფორმების, პროგრამებისა და გზავნილების დახვეწაში დაეხმარა. ეს მოიცავს საზოგადოებისა და პარტიების ინფორმირებისთვის საჭირო მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევების ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე, ციფრული აპლიკაცია „საარჩევნო კომპასის“ დაფინანსებას, ინსტრუმენტისა, რომელიც ეხმარება ამომრჩევლებს უკეთ გაიგონ, თუ რამდენად ემთხვევა მათი პრიორიტეტები ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ხედვებსა და პროგრამებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერა

  • შეერთებულმა შტატებმა, USAID-ის მეშვეობით, დააფინანსა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის შექმნა. ახალი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, აშშ-ის მიერ გაწეულ ტექნიკურ მხარდაჭერასთან ერთად, დაეხმარება ცესკოს საქართველოს არჩევნების კიბერთავდასხმებისგან დაცვაში.  
  • USAID-ის მეშვეობით, შეერთებული შტატები დაეხმარა ცესკოს დეზინფორმაციის მონიტორინგის ცენტრის შექმნაში, რომელიც ოქტომბერში გაიხსნა. მონიტორინგის ცენტრს ჰყავს ოთხი, სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი, რომელიც მეთვალყურეობს და რეაგირებს ტელევიზიით, ბეჭდური, ციფრული თუ სოციალური მედიით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე. 
  • შეერთებული შტატები, USAID-ისა და საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით, საქართველოს COVID-19 პანდემიის პირობებში უსაფრთხო არჩევნების ჩატარებაში ეხმარება. აშშ-მა ცესკოს ორ მილიონზე მეტი სახის ერთჯერადი ნიღაბი, 50 ათასამდე მრავალჯერადი სახის ფარი, 6 ათას ლიტრზე მეტი ხელის სადეზინფექციო ხსნარი, 176 ათასი ლატექსის ხელთათმანი და 8 ათასი ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა.

 არჩევნების მონიტორინგი და აღსრულება

  • შეერთებული შტატები, USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რათა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ეს მოიცავს რამდენიმე ადგილობრივ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს ახორციელებს, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებს აკვირდება და ხმების პარალელური დათვლის რეჟიმში მონაწილეობს.
  • შეერთებულმა შტატებმა, იუსტიციის დეპარტამენტის მუდმივი იურიდიული მრჩევლის მეშვეობით, გადაამზადა პროკურორები და გამომძიებლები საარჩევნო დანაშაულების გამოვლენაში, გამოძიებასა და სამართლებრივი დევნის წარმოებაში.  
  • შეერთებულმა შტატებმა, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მეშვეობით ჩაატარა საქართველოს პოლიციელების მოსამზადებელი ტრენინგი პროტესტის დროს ხალხის მართვასთან დაკავშირებით, რათა ადამიანებმა უსაფრთხოდ გამოიყენონ შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლება.
  • არჩევნების დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აშშ-ის საელჩოს დაახლოებით 65 თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას სადამკვირვებლო საქმიანობაში. 

ამომრჩევლის ინფორმირება/დეზინფორმაციის მონიტორინგი

  • შეერთებული შტატები, USAID-ის მეშვეობით, ცესკოს დეზინფორმაციის მონიტორინგის ცენტრის შექმნის გარდა,  აფინანსებს ადგილობრივ ორგანიზაციებს, რათა მათ მონიტორინგი გაუწიონ არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებას და, ასევე, გააძლიერონ ადგილობრივი მედიის შესაძლებლობები, გამოავლინონ და დაუპირისპირდნენ დეზინფორმაციასა და მავნე ზეგავლენისკენ მიმართულ ქმედებებს.   
  • შეერთებული შტატები, USAID-ის მეშვეობით, თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რათა მათ ჩაატარონ საგამოძიებო კვლევა რუსული დეზინფორმაციის კამპანიებზე, რომელთა სამიზნესაც არჩევნები წარმოადგენს.
  • შეერთებული შტატები, USAID-ის მეშვეობით, არჩევნებთან დაკავშირებული სწორი ინფორმაციის გავრცელებას სოციალური რეკლამებითა (PSA) და რეგისტრირებული ამომრჩევლებისთვის პერსონალიზებული საარჩევნო საინფორმაციო წერილების დარიგებით ახდენს.
    • კერძოდ, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ცესკოს, რომ მან მოამზადოს და გაავრცელოს სამი საინფორმაციო სოციალური რეკლამა, რომელიც მოიცავს სამ ძირითად საკითხს: (1) ბრძოლა სახელმწიფო მოხელე ამომრჩეველთა დაშინების წინააღმდეგ (2) კენჭისყრის საიდუმლოების დაცვა; და (3) ახალი COVID-19 ვირუსის პირობებში უსაფრთხოების დაცვის პროცედურების ახსნა არჩევნების დღისთვის.
    • შეერთებული შტატები ცესკოს მხარს უჭერს, რომ მან ყველა რეგისტრირებულ ამომრჩეველს დაურიგოს წერილები, რათა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ არჩევნების დღეს COVID-19  უსაფრთხოებისთვის პროცედურები განხორციელდება. ეს წერილები აწვდის ინფორმაციას ამომრჩევლებს ხმის მიცემის ფარულობის დაცვის შესახებ და უთითებს მათ იმ უფლებებზე, რომელიც ამომრჩეველს დაეხმარება თავიდან აირიდონ დაშინების ფაქტები საარჩევნო უბნებსა და მის გარშემო.
  • შეერთებულმა შტატებმა, USAID-ის მეშვეობით, ორგანიზება გაუწია ხმის მიცემის კამპანიას, მომავალი შენს ხელშია”. ეს კამპანია ამომრჩევლებს არწმუნებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვის მისცემენ ისინი ხმას, მთავარია, მათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. კამპანია, ასევე, მოუწოდებს ახალგაზრდებსა და მათ ვინც პირველად მიდის არჩევნებზე, რომ ხმა მისცენ და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.