აშშ-ის საელჩო ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს; DEA-ს ოფისი 2016 წელს გაიხსნება (25 იანვარი)

27-28 იანვარს აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) ბათუმში აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლებს. აღნიშნულ ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და DEA-ს რეგიონული ოფისის დირექტორი კაილ უილიამსონი გახსნიან.

ბათუმის რეგიონული შეხვედრაი თავს მოუყრის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მებრძოლ 150-ზე მეტ უფროს გამომძიებელსა  და ანალიტიკოსს ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის თითქმის 30 ქვეყნიდან. შეხვედრის მიზანია ქვეყნებს შორის საგამოძიებო ინფორმაციის გაცვლა, ჩატარებული და მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებისა და ნარკოტიკული საშუალებების ამოღების საქმეების განხილვა და შუა აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნებში არსებული ვითარების ანალიზი. გაიმართება ბრიფინგები ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დიდი რაოდენობით ამოღებული მეთამპეტამინის და კოკაინის შესახებ, ასევე ახალი ტენდენციების შესახებ ჰეროინთან და სხვა სინთეტურ ნარკოტიკებთან დაკავშირებით.

საქართველოში აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის სამართლადამცავი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების, მათ შორის საგამოძიებო შესაძლებლობების განვითარება და სამართალდამცავი ორგანოების რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა. საქართველო რეგიონის სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობს. ის წარმატებებს აღწევს მის ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალი ნარკოტიკების ამოღებაში, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ძალისხმევიათვის, რომელიც ნარკოტიკებით მოვაჭრე საერთაშორისო ორგანიზაციების დაშლისკენაა მიმართული. 2009 წლიდან მოწოლებული, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციასა (DEA) და სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოს სამართალდამცავ ორგანიებს სთავაზობს კომპლექსურ ტრეინინგ-პროგრამებს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის საქმეებზე მომუშავე გამომძიებლებსა და ანალიტიკოსებს.

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და მათი ანტინარკოტიკული ძალისხმევის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA)  კავკასიის ახალი ოფისის გახსნა თბილისში, აშშ-ის საელჩოში, 2016 წლის ზაფხულში. აღნიშნული ოფისი ყურადღებას გაამახვილებს აშშ-ის და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის უკვე ჩამოყალიბებული მტკიცე თანამშრომლობის გაღრმავებაზე.