აშშ-ის საელჩოს განცხადება საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ეგრედ წოდებული “არჩევნების” შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს გამართული ეგრედ წოდებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგს არ აღიარებს. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია უცვლელად მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა რუსეთმა აირჩია აწარმოოს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომი უკრაინაში.

შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობა.