აშშ-ის საელჩოს განცხადება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ევროკავშირის პრეზიდენტ მიშელის მედიაციის დახმარებით მიაღწიეს. ეს შეთანხმება რთულ კომპრომისებს მოითხოვდა ყველა მხრისგან. უპირველეს ყოვლისა, იგი მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მნიშველოვანი ნაბიჯია, რითაც სრულდება მრავალთვიანი მოლაპარაკებები, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია მისი განხორციელებაც. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს, ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას, რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს.

როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრაციის გზაზე.